ქვემო ქართლის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ფინანსების მართვასთან დაკავშირებით დამხმარე რესურსები გააცნეს

მარნეულში გაიმართა  „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“-ს მიერ მომზადებული ორი მნიშვნელოვანი ფინანსური სახელმძღვანელოს – საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგების და  საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე გზამკვლევის პრეზენტაცია.

გზამკვლევში „საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე“ განხილულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები, დეტალურად გაანალიზებულია ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის მნიშვნელოვანი ქეისები, რომლებიც გაანალიზებულია პრაქტიკული მაგალითების ჭრილში, მოცემულია რეკომენდაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვისათვის.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეები გასცნობოდნენ კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, ასევე გზამკვლევში მიმოხილულ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს – მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული თემებზე დისკუსიაში.

შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ფინანსური მენეჯერები.

ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი და გზამკვლევის ავტორი დავით ტივიშვილი. 

შეხვედრა გაიმართა  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში.

QvemoQartli.ge