ფიშინგზე და მასთან გამკლავების გზებზე
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მათმა გამოყენებამ მოქალაქეებს არაერთი საქმიანობა გაუმარტივა, თუმცა, ამავდროულად, კიბერთაღლითობის საფრთხეები წარმოშვა.
ტერმინი „ფიშინგი“, პირველად 1990 -იან წლებში გამოიყენეს.
ფიშინგი ინტერნეტთაღლითობისა და კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ფორმაა. ის ელექტრონული ფოსტისა და სოციალურ ქსელის მეშვეობით ხორციელდება და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას გულისხმობს.
დღევანდელ ციფრულ რეალობაში ფიშინგი ადამიანების პირადი მონაცემების დაცულობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა. ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში არაერთ შეთავაზებებს აწყდებიან, რომელიც შესაბამის გვერდზე პირადი მონაცემების შეყვანას მოითხოვს. მაგალითად , ასეთი შეთავაზებები მობილურ სერვისებს, იაფ ინტერნეტ პაკეტებს, გათამაშებებს ეხება.
ფიშინგ ტექსტები აბსურდული ფრაზებით გამოირჩევა და ადვილად იქცევს მკითხველთა ყურადღებას.
„ ფიშინგის დროს მომხმარებელთან მიდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან სხვა საშუალებით, წერილის ავტორად კი ხშირად ფინანსური ორგანიზაცია ან სხვა, მომხმარებლისათვის ნაცნობი ორგანიზაცია მიეთითება. შესაძლოა, ავტორად დაფიქსირებული იყოს ამ უკანასკნელის დასახელების იმიტაციაც. თაღლითები ცდილობენ, მოტყუებით გადაიყვანონ მომხმარებელი შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე, რომელიც ყალბი ვებგვერდის მისამართს წარმოადგენს, ან/და ჩამოატვირთინონ მიმაგრებული მავნე ფაილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც ლეგიტიმური დოკუმენტი. ამ გზით მომხმარებლის ინფორმაცია (ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე ჩამოტვირთული მავნე ფაილის მიერ მოპოვებული ინფორმაცია) კი თაღლითების ხელში აღმოჩნდება და საშუალებას მისცემს მათ, ეს ინფორმაცია თავისი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ „ – ვკითხულობთ „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფიშინგის ნაირსახეობაა სმიშინგი და ვიშინგი.
სმიშინგი (smishing) – SMS-ფიშინგი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ხორციელდება. შეტყობინების გამომგზავნად ბანკის ან სხვა ორგანიზაციის სახელია მითითებული და თაღლითურ ვებგვერდზე გადასასვლელ ბმულს შეიცავს.
ვიშინგი (vishing) – სატელეფონო თაღლითობის სახეობაა, რომელსაც თაღლითები კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების მიზნით იყენებენ.
როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან. საგანმანათლებლო ვებ-პორტალი FinEdu შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:
- არავის გაუზიაროთ თქვენი საბანკო ინფორმაცია
- სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრონულ წერილებთან
- არ დაუჯეროთ სხვადასხვა შეთავაზებებს
- არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტბანკში ბმულიდან
- დააკვირდით ვებგვერდის მისამართის ველს
- გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია
- სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხო წერილებთან
- გაააქტიურეთ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ინტერნეტბანკისთვის
- არავის გაუზიაროთ 3D უსაფრთხოების კოდი
- გაააქტიურეთ SMS მომსახურება
- აკონტროლეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი
საყურადღებოა ის, რომ საქართველოში კიბერდანაშაულის რაოდენობა მზარდია.
QvemoQartli.ge