სოფელ წინწყაროში “ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა” შეიქმნა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროშიპროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. პროექტში „ქვემო ქართლის მედიას“ პარტნიორობას უწევს „სათემო ფონდი კოდორი 2013“.

პროექტის ფარგლებში სოფელ წინწყაროში შეიქმნა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა. მოხდა სამოქალაქო განათლების თემატურ საკითხებზე წიგნების შეძენა და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა. სკოლის მონაწილეებს, ყოველ კვირა, უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

  • სამოქალაქო საზოგადოება (მისი მნიშვნელობა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული მიღწევები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგები იმართება პრეზენტაციის, მცირე დოკუმენტური ფილმების ჩვენების და დისკუსიის ფორმატით);
  • საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა (მისიის, მიზნის განსაზღვრა, სამიზნე ჯგუფები, კანონმდებლობა, წესდება.. მარტივი და გასაგები ფორმით ახალგაზრდებისთვის ახსნა იმის, რომ სურვილის შემთხვევაში, მომავალში, თავადაც შეუძლიათ ამ კუთხით მუშაობა);
  • პროექტების წერა (ძირითადი საფუძვლები, ფონდების მოძიება )
  • ადვოკატირების ფორმები (გასცემს პასუხს კითხვებს: რას ნიშნავს ადვოკატირების კამპანია, როგორი სახის შეიძლება იყოს, როგორ ვეძებთ პარტნიორებს, როგორ ვიყენებთ ფოტო-ვიდეო მასალებს და სოციალურ ქსელებს, როგორ ვმუშაობთ თემთან);
  • ეფექტური ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების საბაზისო პროფესიული უნარები;
  • ტრადიციული მედიის როლი ადვოკატირების კამპანიაში;
  • უფასო ინტერნეტ რესურსების გამოყენება (ბლოგების შექმნა, სოციალური ქსელის გვერდების, YouTube არხის და მათი გამოყენება ადვოკატირების მიზნისთვის);
  • საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მისიის და მიზნების გაცნობა (ნატო, ევროკავშირი, გაერო, ეუთო);
  • ადამიანის უფლებების მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში;
  • გენდერული თანასწორობა (პრეზენტაციასთან ერთად მცირე დოკუმენტური ფილმების ჩვენებით);
  • კანონის უზენაესობის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის;
  • განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური  ორიენტაციის  და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების „ განსხვავებულობის “ მიღება და პატივისცემა;
  • ასოცირების შეთანხმება (აქცენტი გაკეთდება DCFTA მიმართულებითაც) მცირე საწარმოს მაგალითზე (შპს წინწყარო +) ახალგაზრდებს ექნებათ პრაქტიკული სწავლება საწარმოში, სადაც ასწავლიან როგორ ხდება ასოცირების ფარგლებში არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება. რა მნიშვნელობა აქვს ამას პროდუქციის ხარისხისთვის. ახალგაზრდები ასევე, ისწავლიან თანამედროვე სტანდარტებით რძის პროდუქტების წაროებას და პრაქტიკაში ნახავენ, როგორ მუშაობს მცირე საწარმო.
  • უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა ( გარემოს დაცვა , ეკოლოგია );
  • თვითმმართველობის მუშაობა;

პროექტი ხორციელდება„სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ (CSRDG)  ფინანსური  მხარდაჭერით.