საწარმო, რომელიც გარემოს დაბინძურებაშია შემჩნეული, წარმოების გაფართოებას გეგმავს

თითქმის ყოველდღე,  რუსთავში ჰაერის ხარისხის დამდგენი ფონური სადგური გვაჩვენებს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების ოდენობა, ყოველგვარ დაშვებულ ზღვარს, სცდება. ამ სადგურის გარეშეც, საწარმოების მილებიდან ამოსული ყვითელი და შავი ფერის გამონაბოლქვითაც, ვხედავთ პრობლემას. აქ, შეგვეძლო გვესაუბრა იმ კანონპროექტზე, რომელმაც უნდა შეცვალოს ეს ვითარება და იმაზეც, რომ რუსთავს უკვე  აქვს ჰაერის მართვის გეგმა, მაგრამ ვფიქრობთ, არსებული ვითარება ყველაზე კარგად გვაჩვენებს, რომელი გეგმა მუშაობს რეალურად.

მაშინ როდესაც არავინ უარყოფს რუსთავში ჰაერის ხარისხით კუთხით არსებულ პრობლემას, საწარმო რომელიც შემჩნეულია, თავისი საქმიანობით გარემოს დაბინძურებაში, წარმოების გაფართებას გეგმავს.

შპს „რუსელოის“-მა, თავის მეტალურგიულ საწარმოში, დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის – აგლომერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის, შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

უფრო სწორი იქნები თუ ვიტყვით, რომ პროცედურები გააგრძელა, რადგან ხელისუფლებამ ამ წამოწყებისთვის პირველი „მწვანე“ მათ, გასულ წელს, უკვე აუნთო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წელს [25 ნოემბრის N2-1133 ბრძანებით] დაამტკიცა შპს „რუსელოისის“ მეტალურგიულ-ფეროშენადნობთა საწარმოში, დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის – აგლომერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის დასკვნა.

სკოპინგი და ყველა სხვა პროცედურა, რომელიც ახლავს ამ პროცესს, რთულად გასაგებია ყველასთავის, ვისაც ამ სფეროსთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ამ შემთხვევაში რუსთაველებს გაუმართლათ, რადგან პროცესით გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა” დაინტერესდა. ორგანიზაციამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინა თავისი შენიშნვები, შპს „რუსელოის“-ის წამოწყებასთან დაკავშირებით.

გარემოსდამცველი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა”

წარმოგიდგენთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ გვერდზე 2020 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ შპს „რუსელოის“ მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და აგლომერაციის საწარმოს მოწყობაექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე.   

საქმიანობას გავლილი აქვს სკოპინგის პროცედურა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 25 ნოემბრის N2-1133 ბრძანებით დამტკიცებულია შპს „რუსელოისის“ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის – აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის დასკვნა. განსახილველი დოკუმენტი სრულად უნდა მოიცავდეს სკოპინგის დასკვნით განსაზღვრულ ინფორმაციას.  

გზშ ანგარიშის ხარისხი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, გზშ ანგარიშის მიზანს წარმოადგენს კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების (ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე; ბიომრავალფეროვნებაზე; წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, მიწაზე, კლიმატსა და ლანდშაფტზე; ა.შ.) გამოვლენა, შესწავლა და აღწერა.     

მიუხედავად კოდექსით გაწერილი საკმაოდ დეტალური მოთხოვნებისა, გზშ ანგარიშს დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლები სამწუხაროდ თავს არიდებენ დეტალურ კვლევებს და ცდილობენ დადებითი გადაწყვეტილების მოპოვებას ფორმალურად, სათაურების დონეზე წარმოდგენილი გზშ ანგარიშებით. წარმოდგენილი გზშ არის ასეთი ანგარიშის ნათელი მაგალითი, რომელიც არ ეფუძნება მეცნიერულ ცოდნასა და შეფასებებს.  

საყოველთაოდ ცნობილია ქ. რუსთავსა და მის შემოგარენში არსებული უმძიმესი მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ოფიციალურად დასტურდება ქ. რუსთავში არსებული მონიტორინგის ფონური სადგურის მონაცემებითაც.შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობის საჭიროების დასაბუთება სოციალურ-ეკონომიკური და ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და საწარმოში დასაქმებულ ადამიანთა ჯანმრთელობის კონტექსტში, ისევე როგორც კუმულაციური ზემოქმედების შეფასება და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ანალიზი წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელთა დეტალური შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიმღები (სოფლის გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისთვის  საქართველოში  მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო) უბრალოდ მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.  

წარმოდგენილი გზშ ანგარიში სულ მოიცავს 177 გვერდს, საიდანაც  ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა კუმულაციური ზემოქმედება დათმობილი აქვს ნახევარ გვერდზე ოდნავ მეტი; „სოციალურეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედების დახასიათებას“ 1.5 გვერდი;  „ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და შემარბილებელი ღონისძიებებს“ ნახევარი გვერდი; მაშინ, როდესაც, ფლორისა და ფაუნის დახასიათებას 4 გვერდი, სამრეწველო ზონაში დაგეგმილ ობიექტთან ამ სახეობების რაიმე კავშირის დადგენისა და წარმოდგენის გარეშე.   

ამის საპირწონედ, ანგარიშის ავტორს საკმაოდ ფართოდ აქვს მიმოხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა: „7.22 სპორტი და კულტურა“; „7.23 მედია“; 7.24 სამოქალაქო სექტორი; „7.19.4 მობილური კომუნიკაცია“; „7.19.5 საბანკო მომსახურება“; „7.19.7 საირიგაციო სისტემების ინფრასტრუქტურა“ და ა.შ. 

წარმოდგენილ ანგარიშში არ არის წარმოდგენილი მეცნიერულ ცოდნასა და არსებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული ინფორმაცია და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და საქმიანობაზე გაცემული სკოპინგი დასკვნის მოთხოვნებს. 

ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს შენიშვნებს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. 

პროექტის საჭიროების დასაბუთება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის  მიხედვით, გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობებს მოეთხოვებათ პროექტის საჭიროების დასაბუთება. კერძოდ, კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გზშ ანგარიში უნდა მოიცადეს: „ზ) გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედების შეფასებას და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში“.  

კანონის აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით, წარმოდგენილია ორი თავი: „5.1 არაქმედების ალტერნატიული ვარიანტი/აგლომერაციის საწარმოს მოწყობის საჭიროების დასაბუთება“;  და „9.10 სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედების დახასიათება“, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ქვეთავებს: „9.10.1 მიწის საკუთრება და გამოყენება“, „9.10.2 დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილება“, „9.10.3 ვიზუალური ეფექტი და ლანდშაფტის ცვლილება“, „9.10.4 ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და შემარბილებელი ღონისძიებები“.   

პროექტის დასაბუთების ნაწილში ანგარიშის ავტორებს პროექტის სასარგებლო მთავარ არგუმენტად მოჰყავთ „ფეროშენადნობების წარმოების ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფა“ და ახსნილია რა პროცესებს აქვს ადგილი საწარმოს მუშაობისას. პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნისთვის მისაღებ სარგებლის ნაწილში კი ზოგადად არის ნახსენები გადასახადების სახით დამატებითი შემოსავლები ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. თუმცა, კონკრეტულად რა დამატებით თანხებზეა საუბარი, რამდენი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება და არის თუ არა ეს სარგებელი მიყენებული ზიანის საპირწონე ანგარიშში წარმოდგენილი არ არის.  

აღსანიშნავია, რომ ავტორები უარყოფით ასპექტებად ასახელებენ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს, კუმულაციურ ზემოქმედებას, მოსახლეობაზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ა.შ. მაგრამ რატომღაც ეს ზემოქმედებები არსად არ არის გაანალიზებული და შედარებული მოსალოდნელ სარგებელთან. 

მაგალითად, „სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედების დახასიათება“-ში ავტორი სხვადასხვა საკითხთან (მიწის საკუთრება და გამოყენება, დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილება, ვიზუალური ეფექტი და ლანდშაფტის ცვლილება) მიმართებაში თითო-თითო წინადადებით შემოიფარგლა და დაასკვნა, რომ არანაირი ზემოქმედება საწარმოს არ ექნება. ანალოგიური დასკვნა არის გაკეთებული „ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და შემარბილებელი ღონისძიებები“ ქვეთავშიც, სადაც პირველივე წინადადებით ავტორი აღნიშნავს, რომ „საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“, და განიხილება მხოლოდ დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების საკითხები, ხოლო შემარბილებელ ღონისძიებებად ტრენინგების ჩატარება, გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმა და ა.შ.  

ჩნდება განცდა, რომ წარმოდგენილი საქმიანობა შეცდომით არის გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობა, ვინაიდან ანგარიშის ავტორმა უბრალოდ ვერ აღმოაჩინა დაგეგმილი საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება. 

შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა პროექტისგან მოსალოდნელი სარგებლის რიცხვებით გამოხატული ანალიზის შესაძლებლობას, მათ შორის გადასახადებთან მიმართებაშიც.  უფრო მეტიც, არ არის გაანალიზებული პროექტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები და დანაკარგები ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. აღნიშნულ ქვეთავში წარმოდგენილი ინფორმაციით, გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ანალიზი შეუძლებელია. 

ალტერნატივების ანალიზი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკვანძო საკითხს დაგეგმილი საქმიანობის ალტერნატივის ანალიზი წარმოადგენს, კერძოდ, ინფორმაციას გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით. 

ალტერნატივების შესაფასებლად ანგარიშში წარმოდგენილია ქვეთავი „5.2 საწარმოს მოწყობის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა“. წარმოდგენილი ინფორმაციით, საუკეთესო ალტერნატივად შეირჩა ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ვინაიდან აგლომერაცია წარმოადგენს ფეროშენადნობთა ქარხნის ექსპლუატაციის ტექნიკური ხაზის გაგრძელებას. უფრო მეტიც, პირდაპირ წერია, რომ „შენობა უკვე მოწყობილია“, რაც ნიშნავს, რომ ალტერნატივების განხილვა არც მომხდარა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საწარმოსთვის ხელსაყრელი პირობებით და არა „გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით“, რაც კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნების უხეში დარღვევაა. 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება 1. დოკუმენტში წარმოდგენილი კვლევები, ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ძველ (2011 – 2012 წლის) მონაცემებს ემყარება (გვ.57).  მაშინ როდესაც ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაზომვები წარმოებს, როგორც ძველ რუსთავში განთავსებული ავტომატური მონიტორინგის ფონური სადგურის, ისე შვიდ ადგილზე ყოველკვარტალური ინდიკატორული გაზომვების საშუალებით.  

ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) მიხედვით – ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. 2019 წელს PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია 1,6ჯერ, ხოლო PM2,5 -ის 1,3 – ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. PM-ით დაბინძურების მთავარ გამომწვევ მიზეზად კი მრეწველობის სექტორი დასახელდა (მყარი ნივთიერებების გაფრქვევის 50 წყარო, რომელთაგან 47 ძველ რუსთავში, ხოლო 3 ახალ რუსთავშია). დაბინძურება უარყოფით ზეგავლენას ახდენს არამხოლოდ ქალაქ რუსთავზე, არამედ მის მიმდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტზე და იქ შემავალ სოფლებში ჰაერის ხარისხზე.

1. როგორც კვლევები აჩვენებს, დაბინძურება საკმაოდ აჭარბებს ზდკ-ებს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ იქ დამატებით ახალი ქარხნების მშენებლობა სრულიად მიუღებელია და არსებული ფონური მდგომარეობის გაუარესებას შეუწყობს ხელს.  

2. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მავნე ნივთიერებათა ზდკ ნორმის ფარგლებში იქნება. თუმცა, არ არის შესწავლილი, სხვა საწარმოებთან ერთად, მთლიანობაში რა ზიანის მომტანი იქნება მისი ფუნქციონირება. 

ხმაურის გავრცელება

ხმაურის ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხი (9.2 ქვეთავი), მხოლოდ თეორიული მიმოხილვაა. არ არის წარმოდგენილი გათვლები, რიცხვები. ანგარიშში ვკითხულობთ: „საწარმოო საქმიანობით გამოწვეული ხმაურის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა მოწყობილობის ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ხმაურის შესახებ უკვე არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.“ – თუმცა, ეს ინფორმაცია საერთოდ არ გვხვდება დოკუმენტში. ასევე ქვეთავი, კვლევას არ მოიცავს და შემდეგი დასკვნებით შემოიფარგლება: „შერჩეული მოწყობილობა-დანადგარების საპასპორტო მონაცემებით კრიტიკული დატვირთვების შემთხვევაშიც კი, დანადგარების მუშაობის პროცესში ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს ნორმატიულს“; „სამრეწველო მოედანზე წარმოქმნილი ჯამური ხმაური დასახლებულ პუნქტებთან აკმაყოფილებს სანიტარულ-ჰიგიენური და გარემოსდაცვითი ნორმატივების მოთხოვნებს“ და ა.შ  

ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება არ არის შესწავლილი ზემოქმედება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. ზემოქმედება განხილულია მხოლოდ დასაქმებული პერსონალის მიმართ. მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობიდან დიდი მანძილით დაშორება არის დასახელებული. ანგარიშში ვკითხულობთ „საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, აღსანიშნავია რომ ტერიტორიიდან მოსახლეობა დაშორებულია დიდი მანძილით.“ – ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დაშორება მხოლოდ 550 მეტრია. 

საწარმოს მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს სამრეწველო ზონას, სადაც არაერთი ქარხანა არის განთავსებული. მოსახლეობა მუდმივად უჩივის ჯანმრთელობის პრობლემებს, რასაც მათთან ახლოს განლაგებული საწარმოების მუშაობას უკავშირებენ. აქ არსებული ჰაერის ხარისხიც უჩვენებს რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ეს ტერიტორია. შესაბამისად, დამატებით ახალი საწარმოს მშენებლობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ მდგომარეობას. ამიტომ, აღნიშნული საკითხი დეტალურად უნდა ყოფილიყო განხილული გზშ დოკუმენტში.     საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეული.

 1. დოკუმენტის 6.1.3 ქვეთავში ვკითხულობთ, რომ საწარმოო პროცესში გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ნედლეული. ასევე, დაგეგმილი საწარმოო პროცესის დროსაც ანალოგიურად გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული, ასევე შემოტანილი ნედლეული. უნდა დაზუსტდეს საიდან ხდება, რომელი ქვეყნებიდან ნედლეულის შემოტანა.   

2. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საწარმოო პროცესში გამოსაყენებელი ნედლეული დასაწყობებული არის და იქნება საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედანზე. საერთოდ არ არის განხილული,  ღია მოედნებიდან წარმოქმნილი მტვრის ზეგავლენა და მის შესამცირებლად გასატარებელი შემარბილებელ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

3. არ არის წარმოდგენილი რამდენი მეტრით არის დაშორებული უახლოესი საცხოვრებელი არეალი და სასჯელაღსრულების დაწესებულება დასაწყობებული ნედლეულის უბნებიდან. აღნიშნულის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ტერიტორია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.   

ტრანსპორტირების ზემოქმედება  ტრანსპორტის ზემოქმედების საკითხი არ არის შესწავლილი. 9.8 ქვეთავის  (ზემოქმედება სატრანსპორტო ნაკადებზე და შემარბილებელი ღონისძიებები) შინაარსი მხოლოდ ნაწილობრივ აღწერს ამ თემის გარშემო დაკავშირებულ პრობლემებს. ანგარიშის მიხედვით, ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზა. შესაბამისად, მოსახლეობის შეწუხების ალბათობაც მაღალია. მიუხედავად ამისა, ზემოქმედება განხილულია როგორც მოკლევადიანი და სათანადო შემარბილებელი ღონისძიებებიც არ არის წარმოდგენილი. ქვეთავის მიხედვით, „ტერიტორია განთავსებულია სამრეწველო ზონაში და საკმაო მანძილითაა დაცილებული დასახლებული პუნქტისგან“ – რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოსახლეობიდან დაშორება ნულოვანი წერტილიდან, მხოლოდ 550 მეტრია და ამასთან, კომპანია ადგილობრივი მნიშვნელობის გზას გამოიყენებს, რომელიც მოსახლეობასთან უშუალო კავშირშია. 

ამავე ქვეთავში ვკითხულობთ, რომ რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით მოხდება „მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტების შერჩევა“ – თუმცა, რომელ მარშრუტებზეა საუბარი გაუგებარია. ან იძლევა თუ არა საპროექტო ტერიტორიის მდებარეობა საერთოდ, სხვა მარშრუტების განხილვის შესაძლებლობას. 

ამასთან, უცნობია რამდენი მანქანის გადაადგილება იგეგმება დღე-ღამის განმავლობაში.  

კუმულაციური ზემოქმედება

კუმულაციური ზემოქმედება წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ვინაიდან მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქმიანობიდან გამომდინარე ზემოქმედებების შეფასება, არამედ იმის განსაზღვრაც თუ რა ერთობლივი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე დაგეგმილ საქმიანობას სხვა უკვე არსებულ და სხვა დაგეგმილ საქმიანობებთან ერთად, რათა განისაზღვროს ზემოქმედების მასშტაბები და მათი შერბილების შესაძლებლობები.  

მართალია, გზშ ანგარიშში წარმოდგენილია ქვეთავი „9.11 კუმულაციური ზემოქმედება“, თუმცა, ის ნახევარ გვერდზე ოდნავ მეტს მოიცავს. ხაზგასასმელია, რომ ავტორი სწორად მიანიშნებს, რომ „კუმულაციური ხასიათის, ანუ სხვა ექსპლუატაციის ეტაპზე მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის გათვალისწინებით მოსალოდნელი ჯამური ზემოქმედება (კუმულაციური ეფექტი) დაკავშირებულია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევასთან, ხმაურის გავრცელებასთან და სატრანსპორტო ნაკადების ზრდასთან“. თუმცა, მომდევნო წინადადებაშივე ყოველგვარი ანალიზის, შეფასებებისა და მოდელირების გარეშე (მოდელირება ანგარიშში არ არის წარმოდგენილი)  ამბობს, რომ „მოსახლეობის დაშორების მანძილის გათვალისწინებით და გზშ-ს შესაბამის პარაგრაფებში მოცემული შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებით კუმულაციურ ზემოქმედება შემცირდება მინიმუმამდე“. დადებით კუმულაციურ ზემოქმედებად კი მიუთითებს დასაქმებას – კონკრეტული დეტალების გარეშე. 

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის სამრეწველო ზონაში, სადაც დღეისათვის ფუნქციონირებს არაერთი სამრეწველო საწარმო, მათ შორის: აზოტოვანი სასუქების საწარმო, შავი და ფერადი მეტალურგიის საწარმოები, ცემენტის საწარმოები და სხვა.  მსგავსი შეფასების გაკეთება, რომ თურმე მოსახლეობაზე კუმულაციური ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდება საფუძველსაა მოკლებული. 

რაც შეეხება ე.წ შესაბამის პარაგრაფებს, სადაც წარმოდგენილია შემარბილებელი ღონისძიებები, სადაც სავარაუდოდ იგულისხმება ქვეთავი „10.2 ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (თვითმონიტორინგის) შედეგებზე რეაგირება“, აღნიშნულია, რომ „ატმოსფერულ ჰარში მტვრის კონცენტრაციის გაზრდის შემთხვევაში:

• დაუყოვნებლივ გადამოწმდება საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა და გაწმენდის ეფექტურობა;

• გადამოწმდება არაორგანიზებული გაფრქვევის წყაროების მდგომარეობა; გაიზრდება ინსტრუმენტალური გაზომვის სიხშირე კონცენტრაციის დინამიკაში კლების დადგენის მიზნით.“ 

იმ პირობებში როდესაც ქ. რუსთავში მხოლოდ ერთი ფონური სადგურია, ხოლო ინდივიდუალური გაზომვები ყველა დამაბინძურებლის არ ხდება, „თვითმონიტორინგის“ განხილვა კუმულაციური ზემოქმედების ეფექტურ შემარბილებელ ღონისძიებად, არასერიოზულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 

შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმა ანგარიშის 5.1 ქვეთავში ვკითხულობთ „საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია იღებს ვალდებულებას საქმიანობის პროცესში განახორციელოს მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვა, გაატაროს შესაბამისი შემარბილებელი და საჭიროების შემთხვევაში გაატაროს საკომპენსაციო ღონისძიებები და დააწესოს მკაცრი კონტროლი აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე“ –  რა ტიპის რისკები იქნება, რა საკომპენსაციო ღონისძიებები იქნება გატარებული საერთოდ არსად აღარ არის განხილული.    

საზოგადოების ინფორმირებულობა  2020 წლის 24 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილება შევიდა, რომელიც პანდემიის დროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. ამავე განცხადების მიხედვით, 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩანიშნული საჯარო განხილვები ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.   

ზემოთაღნიშნულის გამო, 2020 წლის 30 ოქტომბერს საჯარო განხილვა დისტანციურად ჩატარდა. შეხვედრის დაწყებამდე გაირკვა, რომ ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ არ იქნა მიწოდებული მოსახლეობისათვის. განცხადებები საჯარო განხილვის შესახებ, გარდა სამინისტროს ვებ-გვერდისა, არ ყოფილა გამოქვეყნებული არსად. რის გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  კომპანიის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ერთი აქტივისტისა („გავიგუდეთ“) და „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლების გარდა არავინ ესწრებოდა შეხვედრას.  

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის საჯარო განხილვაში მონაწილეობის გარეშე მნიშვნელოვნად აზარალებს პროცესს, ვინაიდან ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობისათვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება სწორედ საჯარო განხილვაა. საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რითაც სამინისტრომ შეზღუდა არა მარტო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე მოქალაქეების უფლება, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებაც. რადგან სამინისტრომ ვერ უზრუნველყო საჯარო განხილვის შესახებ განცხადების გავრცელება და შესაბამისად, პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა, აუცილებლად მიგვაჩნია გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდეს ხელახლა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება და საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს როგორც სამინისტროსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-გვერდებზე, ასევე, გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას, ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას: ტრანსპორტის გაჩერებაზე, სკოლასთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან, სავაჭრო ცენტრთან, ფოსტის ოფისთან ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებთან.  

ამასთანავე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაუვრცელებლობა უკვე სისტემურ ხასიათს იღებს და სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება, იქნება ეს დამატებითი თანამშრომლების დაქირავება – თუკი პრობლემა თანამშრომლების სიმცირით არის გამოწვეული; თუ შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება – თუ კანონის შეუსრულებლობის მიზეზი კონკრეტული ადამიანების ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებაა.   

შპს „რუსელოის“-ის წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში კი ვკითხულობთ:

„ამ ეტაპზე საწარმოში მიმდინარეობს მანგანუმის კონცენტრატის, კვარციტის, კოქსის, რკინის  ბურბუშელას, ხენჯის  ან ჯართის, ხის ნახშირის, გრაფიტის  ელექტროდის,  კირქვის და დოლომიტის გადამუშავება.  შპს „რუსელოის“-ის დაგეგმილი აქვს აგლომერაციის საამქროს მოწყობა. საწარმოს მოწყობა დაგეგმილია ქ. რუსთავში კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ ეტაპზე ფუნქციონირებს შპს „რუსელოისის“ კუთვნილი ფეროშენადნობთა საწარმო. საპროექტო ცვლილებების შესაბამისად აგლომერაციის წარმოების მაქსიმალური საპროექტო სიმძლავრე შეადგენს 6000 ტონა/ წელიწადში. საწარმოს ტერიტორია მოიცავს აგლომერაციის საწარმოს, ნედლეულის განთავსების საწარმოო მოედანს და მზა პროდუქციის დახურულ სასაწყობე მეურნეობას“ – წერს საწარმო თავის მომზადებულ აგლომერაციის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

„ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს წარმოადგენენ ტექნოლოგიურ ციკლში ჩართული დანადგარები და მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები.  აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობთა წარმოების პროცესში ღუმელებში დნობისას წარმოქმნილი მტვრის დასაჭერად გათვალისწინებულია ასპირაციული ღონისძიებები, რომელიც ორივე  ღუმელის თითოეული გამწოვი მილისთვის ინდივიდუალურია. კერძოდ, გამწოვი სისტემის საშუალებით მტვრის შემცველი, მაღალტემპერატურიანი აირები ხვდებიან ღუმელებიდან გამომავალი აირმტვერნარევის დაჭერისათვის გათვალისწინებულ სველ მტვერდამჭერ სისტემაში (თითოეული ღუმელისთის ცალ-ცალკე). მტვერდამჭერ სისტემაში მოხვედრილი აირები აგრძელებენ რა აღმავალი ნაკადით სვლას, მოხვდებიან სპეციალურ მფრქვევანებით შექმნილ წყლის ჭავლთა ფენაში, სადაც ხდება 92-96 %-იანი ეფექტურობით მტვრისგან გაწმენდა და შემდეგ მილის საშუალებით გაფრქვევა.  აგლომერაციის პროცესში აგლომერატის ნედლეულის თერმული დამუშავებისას „ცხაურებიანი ტაფების“ წვის ზონიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მინიმიზაციის მიზნით დაგეგმილია ვენტილაციური ტიპის სველი მტვერდამჭერი ფილტრი (ПВМ 20 СА) დამონტაჟება“- ასევე ვკითხულობთ ამავე დოკუმენტში.

ვინ მართავს და ვის ეკუთვნის საწარმო
შპს რუსელოისი

შპს რუსელოის-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრია –  ჯანი მიხაილოვი,  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი მინდია მინდელი, წევრი შალვა შალაშვილი. რუსელოის-ს ასევე გენერალური დირექტორი – ნუგზარ კევლიშვილი.

შპს-ს 100% წილის მფლობელია კომპანია WINDMOON LIMITED [347184], რომელიც კვიპროსშია რეგისტრირებული. ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანია, ჩვენთვის უცნობია.

მოცემულ მომენტში, რუსთავის მერიის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ შპს რუსელოის-ს პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 16 ნოემბრამდე მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge

მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge – მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით