23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საქართველო კარგავს პოლიტიკური ნიშნით დევნილთა „სამოთხის“ სტატუსს

ფოტო: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, წითელი ხიდი

 

კეთილი ლეგენდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის თავშესაფარი მისი არა დემოკრატიული მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი ადამიანებისთვის, წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო კარგავს დამაჯერებლობას. მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების დაუღალავი შრომისა,  ამ ლეგენდას ნიადაგი ეცლება.

საქართველოში თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც თავისი საქმიანობით მამხილებელ მასალებს წერდა აზერბაიჯანის ხელისუფლების შესახებ, თუმცა რეალობა ამ მოლოდინის საპირისპირო აღმოჩნდა. მუხთარლი, 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს დედაქალაქიდან თბილისიდან, გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა.

2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად დასდეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და საზღვარზე 10 000 ევროს კონტრაბანდულად გადატანა.

მუხთარლი პატიმრობიდან 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.

ამ დროის განმავლობაში არა ერთი განცხადება და ანგარიში დაიწერა მისი გატაცების თაობაზე. აზერბაიჯანის მთავრობისგან მოითხოვდნენ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გამოშვებას. კოლეგას სოლიდარობა ქართველ ჟურნალისტებმა ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე 200-ზე მეტმა კოლეგამ და უფლებადამცველმა გამოუცხადა. იმჟამად საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კი ხელისუფლება მუხთარლის საქმის არასათანადოდ გამოძიების გამო გააკრიტიკა. მუხთარლის გატაცებას შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, მუხთარლი გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში დაბრუნების მისი პირველი მცდელობა, უშედეგო აღმოჩნდა.

მან თბილისში დაბრუნება და გამოძიებასთან თანამშრომლობის დაწყება მხოლოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახერხა.

8 აპრილს, მუხთარლიმ საქართველოში მისი უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან „უფლებები საქართველოსთვის“ (Rights Georgia) ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„ არ მაქვს დიდი მოლოდინები საქართველოს პროკურატურის მიმართ, რადგან ეს ჩაიდინა საქართველო მთავრობამ. ამის შესახებ (გატაცება) იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა. ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა, ამიტომ არ მაქვს იმედი.

მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე და უნდა მივცე ჩვენება“, – აცხადებდა აფგან მუხთარლი.

მან ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა მის საქმეზე, გატაცების დღიდან დღემდე გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ ამ საქმემ დააზარალა საქართველოს რეპუტაცია.

„ რაც შეეხება აზერბაიჯანის რეპუტაციას, აზერბაიჯანის მთავრობას არ აინტერესებს ევროკავშირის და არავისი აზრი. მათ მხოლოდ პუტინის ეშინიათ“- მუხთარლი.

მუხთარლის  საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს.

მისი ადვოკატი, უფლებადამცველი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ აფგანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებაში.

„ მან მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, თანხმობა განაცხადა მისი დეენემის აღებაზე და დეტალურად აღიდგინა გზა, რომელიც გაიარა გამტაცებლებთან ერთად, იმ ადგილამდე სანამდეც მას სკოჩით და თეთრი ზედით, თავლები აუხვიეს და მეორე მანქანაში გადასვეს“- ამბობს, მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

გვიხსნის, რომ დაკითხვების დროს ახალი დეტალიც გამოიკვეთა. კერძოდ კი მუხთარლიმ გაიხსენა, რომ როდესაც ის მიჰყავდათ, გამტაცებლები მანქანით საცობში აღმოჩნდნენ, თბილისში ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს ერთ-ერთმა გამტაცებელმა მძღოლმა, აქტიურად დაიწყო მანქანებისთვის სიგნალის მიცემა და მიიქცია საპატრულო პოლიციის ყურადღება. ხოლო როგორც კი მათ საპატრულოს თანამშრომელი მიუახლოვდა, გამტაცებელმა აჩვენა მას რაღაც (სავარაუდოდ დოკუმენტი), რის შემდეგაც საპატრულოს თანამშრომელი მათ მყისიერად გაეცალა.

დაკითხვების შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, ,,უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.

მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში მუხთარლის საქმეზე, უფლებადამცველებს საქმე საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილი აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულდა და გადაწყვეტილებას ელიან.

მუხთარლი დღესაც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობამ გაიტანა და გადასცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. გატაცების შემდეგ, საქართველოში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ის ხაზს უსვამს, საქართველოს დამოკიდებულებას აზერბაიჯანის მიმართ.

მუხთარლი არ არის ერთადერთი, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში აზერბაიჯანის გავლენაზე საუბრობს. გავლენაზე, რომლის წყალობითაც ადგილი აქვს არადემოკრატიული ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანების უფლებების შელახვას.

ჯამალ ალის საქმე

2017 წლის 19 აპრილს Meydan.Tv-ს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მუსიკოსი ჯამალ ალი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, თბილისში დაგეგმილი სამსახურებრივ შეხვედრებზე დასასწრებად, იგი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძველს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ წარმოადგენს, აღნიშნული საფუძველი კი, გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, რის გამოც, გადაწყვეტილების  ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია. მის უფლებებს დღეს საქართველოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

„უარის დასაბუთების არარსებობის პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებაზე უარის თაობაზე, არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ“ –  „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ჯამალი ახლა ბერლინში ცხოვრობს. ჩვენ შორის კომუნიკაცია ინტერნეტის დახმარებით შედგა. ჯამალი გვიხსნის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს. აქ მას აქვს შესაძლებლობა, უფრო მარტივად შეხვდეს თავის ოჯახს და ახლობლებს. იხსენებს, რომ აზერბაიჯანში მისი პრობლემები დაიწყო კლიპების ჩაწერით და გავრცელებით, სადაც ის აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას.

გვყვება, რომ ამის გამო ის 10 დღით დააკავა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, თუმცა მალევე გამოუშვა რადგან, 2012  წელს, აზერბაიჯანში ევროვიზია იმართებოდა და მთავრობას არ აწყობდა ციხეში მომღერალი ჰყოლოდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯამალი ბერლინში აგრძელებს ცხოვრებას და მონაწილეობს პროექტებში, რომელსაც Meydan.Tv ქმნის.

სწორედ ამ კრიტიკული მედიის პლატფორმისთვის, იგი თბილისში 2017 წელს ერთ-ერთ ტრენინგზე მყოფი, ამზადებს სიუჟეტს, სადაც ეკლესიაში შედის და კითხულობს, აწვდის თუ არა აზერბაიჯანი უფასოდ ბუნებრივ აირს საქართველოში ეკლესიებს. ჯამალი იხსენებს, რომ სიუჟეტს მისი გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, საქართველოში აქცია მოჰყვა და ამის შემდეგ, დაიხურა მისი გზას საქართველოსკენ.

„ აზერბაიჯანი გახდა ნავთობის ქვეყანა, სადაც იყო ძალიან ბევრი რესურსი, მაგრამ ძალიან ცოტა რესურსი ადამიანებისთვის. ადამიანების ერთმა ჯგუფმა ჩაიგდო ქვეყანა. არ გვქონდა დემოკრატია, არ გვქონდა თავისუფლება – მე კი რაც თავის მახსოვს ვიბრძვი ამის წინააღმდეგ“,- ამბობს ჯამალ ალი.

აცხადებს, რომ მისი საქმის გარშემო აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესი იკვეთება.

„ ჩემი აზრით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს  კავშირები, რომელთა გამოც აზერბაიჯანის მთვარობა ახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, – ჯამალ ალი.

ჯამალის საქმის წარმოება, საქართველოს სასამართლოში მიმდინარეობს. ამბობს, რომ დღესაც ისევე, როგორც 4 წლის წინ მისთვის, მნიშვნელოვანია ჰქონდეს საქართველოსი ჩამოსვლის შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანში მას უსაფრთხოდ ჩასვლა და ოჯახის ნახვა არ შეუძლია.

საქართველო და აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოა. საქართველოს აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ენერგეტიკა წარმოადგენს თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას, რაც გამოხატულია ერთობლივად რეალიზებულ პროექტებში, როგორიცაა „ბაქო-სუფსისა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენები და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენი. 2008 წლიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის გაფორმებულია მემორანდუმი საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების თაობაზე.

გრძელდება ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტებისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის განხორციელების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, საქართველოს ენერგეტიკულად მდიდარი მეზობელი, ასეთი „მდიდარი“ და წარმატებული არ არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაგრძო მკაცრი კონტროლი და შეზღუდა ასოციაციის შექმნის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების უფლებების მიმართ. მთავრობამ საპყრობილეებიდან გაათავისუფლა 50-ზე მეტი უფლებადამცველი, ჟურნალისტი, ოპოზიციის აქტივისტი, რელიგიური მორწმუნეები და სხვა კრიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. მაგრამ სულ მცირე 30 ადამიანი დარჩა უსამართლოდ დაპატიმრებული. ხელისუფლება სისტემატურად სამიზნეში იღებს  კრიტიკოსებს და განსხვავებული შეხედულებების მქონეებს “- Human rights watch.

წლების განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების და აქტივისტების, თავშესაფრის თხოვნით საქართველოში შემოსვლას.

მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველოში მოქმედმა ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოამზადა ანგარიში: „ აზერბაიჯანიდან დევნილი, საქართველოში მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა.“

ანგარიშში ორგანიზაციამ „აზერბაიჯანის დევნას დაქვემდებარებული“ და საქართველოში მყოფი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საქმეები შეისწავლა. ანგარიშის მიგნებებით ვკითხულობთ, რომ 2016 წლიდან „საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის არადემოკრატიული რეჟიმის მიერ დევნილ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს უარს უცხადებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან ბინადრობის მოწმობის გაცემაზე, რაც აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის შედეგი უნდა იყოს.“. ანგარიშის თანახმად, ყველა შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები უარის გადაწყვეტილებას, უსაფრთხოების სამსახურების მიერ გაცემული საიდუმლო დასკვნის საფუძველზე იღებენ და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აბსტრაქტულ და დაუსაბუთებელ ინტერესზე უთითებს.

„ ამ მოცემულობაში აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოს ტოვებენ, რადგან ისინი საქართველოში დევნისა და გაუჩინარების რისკებს გრძნობენ. აღნიშნული ფაქტები მკვეთრად აზიანებს საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს“, – ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი.“

საქართველოს ოფიციალური უწყებები უარყოფენ როგორც მუხთარლის გატაცებაში მათ მონაწილეობას, ასევე ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან შემოსული სხვა აქტივისტების და ჟურნალისტების დევნას. ადამიანების უფლებების ხელყოფას, მათ შორის მამხილებელი სტატიების გამო ჟურნალისტების დევნას, უკვე წლებია უარყოფს აზერბაიჯანის მთავრობაც.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

Related Posts

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი:...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

მედიაწიგნიერების გამოწვევები – ბოლნისის საინფორმაციო რეალობა

სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ვებგვერდი შექმნა. ამაზე მარტივია, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც პოსტების სახით შეგიძლია...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

კოდა – დევნილი ქალები წყალს ითხოვენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დევნილად ქცეულთა კომპაქტური დასახლებაა. დევნილობას, რომელიც კონკრეტული ოჯახების ტრაგედიით და მასობრივი...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო...

დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას...

„სოლიდარობის ცენტრი“ – სოფელ ვახტანგისში ახალგაზრდები ახალი შესაძლებლობების შექმნას ცდილობენ (ვიდეო)

რა შეიძლება გააკეთონ 20 წლის სტუდენტმა და მისმა მეგობრებმა, საკუთარი სოფლისთვის?! ბევრი რამ და ამის შესახებ, იმედის მომგვრელ ისტორიას, გარდაბნის...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *