სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – რეალობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის  სხვადასხვა ფორმებს შორის არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო. მის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი/რაიონის გამგებელი.

მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების საქმიანობასთან დაკავშირებით, უახლესი კვლევა, გასულ წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევაზე სახელწოდებით „  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმის, პრობლემური ანალიზი“ მუშაობდნენ: ირაკლი პაპავა, ლევან ხინთიბაძე და გიორგი ბოკერია.

კვლევის მიგნებების თანახმად მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2015 წლის ივლისში შევიდა, დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პრაქტიკაში მათი სრულფასოვანი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების საქმიანობა, სამწუხაროდ, დებულების მიღებას არ გასცდენია და ფორმალურ არსებობას განაგრძობს.

„ ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოები ფიქტიური და უფუნქციოა, მას მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს, ხოლო, საბჭოს სტატუსიდან გამომდინარე (მერის სათათბირო ორგანო), მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (რეკომენდაციები) სუსტი ლეგიტიმაციით ხასიათდება და მათი გათვალისწინება თუ რეალიზაცია თავიდან ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ძალიან მცირეა დიაპაზონი იმ პრობლემური საკითხებისა, რომლებზე გავლენის შესაძლებლობაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციურად აქვს“ – ვკითხულობთ კვლევაში „  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმის, პრობლემური ანალიზი“.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციებისა და ინიციატივების აღსრულების საკითხი, რადგან მრჩეველთა საბჭოების დებულებებში არ არის განსაზღვრული, თუ როგორ მიმდინარეობს საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების პროცესი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების პრაქტიკაში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე საუბრობს თეთრიწყაროს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ყოფილი  ხელმძღვანელი გულიკო შოშიტაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ მომზადებულ არც ერთ რეკომენდაციაზე და რჩევაზე არ მიუღიათ უკუკავშირი, შესაბამისი უწყებებისგან.

„ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია, საკრებულოს სხდომაზე გატანამდე ორი დღით ადრე შესთავაზეს საბჭოს განსახილველად, რაც მან, რასაკვირველია ვერ გააკეთა. რადგან განხილვა და რეკომენდაციების მომზადება კი არა, ბიუჯეტის გაცნობაც კი ამ დროში ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენი შემადგენლობისთვის კი ფორმალური რეკომენდაციების გაცემა პრინციპულად მიუღებელი გახლდათ.

ასეთმა კომუნიკაციამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთათვის საბჭოს პოზიციას არანაირი ფასი არ ჰქონდა. ისე რომ, სათათბირო ორგანოსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგის რეჟიმი ვერ/არ დამყარდა.

შედეგად, საბჭოს წევრთა მოტივაციამ ნელ-ნელა იკლო და საბოლოოდ მათ სრულიად დაკარგეს კიდეც ინტერესი საბჭოში მუშაობის მიმართ.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან არშემდგარი ორმხრივი კომუნიკაციის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იქეთა მხარეს კანონი არ ავალებს კარგ/ორმხრივ კომუნიკაციას, რაც მას ჩართულობის ზედა, უკეთეს საფეხურზე აიყვანდა“, – აცხადებს შოშიტაშვილი.

როგორია განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, მოქალაქეთა მონაწილეობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხს „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული კვლევითი დოკუმენტი მოიცავს. ამ შემთხვევაში მონაწილეობის და უშუალოდ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მექანიზმი, დედაქალაქის მაგალითზე არის შესწავლილი.

კვლევაში სახელწოდებით: „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე“, ვკითხულობთ:

„ საერთაშორისო გამოცდილებით, მონაწილეობითი დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკა მჭიდროდ უკავშირდება: (1) ინფორმირებულ საზოგადოებას, რომელსაც აქვს ინსტიტუტების მიმართ ნდობა; (2) მონაწილეობით ინსტრუმენტს, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული რაიონის სპეციფიკაზე და მასში მონაწილეებს მრავალფეროვან სტრატეგიებს შესთავაზებს; (3) აღსრულების, მონიტორინგისა და შეფასების გამჭვირვალობას.“

კვლევა მიმოიხილავს ვენასა (ავსტრია) და მანჰაიმში (გერმანია) არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის მოდელებს.

ვკითხულობთ, რომ ქალაქ მანჰაიმის (გერმანია) მერმა, პიტერ კურცმა 2008 წელს პროგრამა „Change” (ცვლილება) გაატარა. ეს პროგრამა 40 სხვა პროექტს აერთიანებდა და მრჩევლებისა და პროფესიული კავშირების დახმარებით ხორციელდებოდა. მართვაში ჩართულები იყვნენ მოქალაქეები, მედია ასოციაციები, კომპანიები, ქალაქის ადმინისტრაცია და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. მანჰაიმშიც საბჭოებს მხოლოდ სურვილის დონეზე შეეძლოთ პოზიციების დაფიქსირება, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საკრებულო და მერია იღებდა. საბჭოების რეფორმირების შემდეგ, მათთვის გამოიყო ყოველწლიური ბიუჯეტი – 200 ათასი ევრო, რაც მნიშვნელოვანი იმპულსი და მოტივი აღმოჩნდა იმისა, რომ რაიონის მაცხოვრებლებს სხვადასხვა იდეებით მიემართათ საბჭოსთვის.

ვენაში კი არსებობს ე.წ „ურბანული ლაბორატორიები“ – „ჭკვიანი” ქალაქის მრჩეველთა საბჭოები (Smart City Advisory Boards), რომლებიც ქალაქის კონკრეტულ უბნებში მუშაობენ მოქალაქეებთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. თანამონაწილეობითი დაგეგმვა „ონლაინ“ სივრცეში მიმდინარეობს. მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდებით ხდება მოქალაქეების საჭიროებების პრიორიტეტიზაცია. ამ საბჭოების ფუნქცია, ამასთანავე, ურბანულ დაგეგმვა-დაგეგმარებაში ჩართული ადამიანების ციფრული წიგნიერების დონის ამაღლება და მოქალაქეებთან ერთად ქალაქის მართვასა და ფუნქციონირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა. ვენაში ასევე მოქმედებს სამეზობლოების მართვის სამსახურები, რომლებიც სამეზობლოების დონეზე უზრუნველყოფენ მოქალაქეების მხრიდან ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას. სამეზობლოების მართვის ოფისები ფოკუსირებულებია მონაწილეობითი დაგეგმვის შესაძლებლობებისა და პროცედურების სახელმძღვანელო პრინციპების შექმნაზე; სხვადასხვა ფორმატის – საინფორმაციო, სახალისო, შემეცნებითი – შეხვედრების ორგანიზებაზე.

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“ არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.