რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი Covid-19-ით გარდაიცვალა, 12-მა კი უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა

ერთ-ერთი პირველი ვინც არჩევნების გადადების საჭიროებაზე დისკუსია გახსნა, სახალხო დამცველი იყო. ნინო ლომჯარიამ, 24 აგვიტოს განაცხადა: „ რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?!“

QvemoQartli.ge ყოველდღიურად აკვირდება და ცდილობს შეისწავლოს, როგორ აისახება, რუსთავის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე პანდემია. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე სისტემატურად განიხილება საკითხი, ამა თუ იმ საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ჩანაცვლების თაობაზე. უფრო კონკრეტულად კი დღეის მდგომარეობით, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას, უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით 12-ი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა მიმართა. ასევე, უფლებამოსილები შეუწყდა #36-ე საარჩევნო საუბნო კომისიის წევრს, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

მათ ვინც მიმართეს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით კომისიას, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, მიზეზად „ოჯახური პირობები“ მიუთითეს. კითხვაზე, უქმნის თუა არა საარჩევნო ადმინისტრაციას, პანდემია არსებითად მნიშვნელოვან პრობლემებს, აფციაური პასუხობს, რომ – არა [თემაზე კომენტარი, 26 აგვისტოს ჩავწერეთ]. ამბობს, რომ მათ არ აქვთ სტატისტიკა, რომლითაც შეადარებენ გასულ არჩევნებთან შედარებით, გაიზარდა თუ არა საარჩევნო უბნის დატოვების მსურველი, კომისიის წევრების რიცხვი.

„ მათი წასვლის მიზეზს, პანდემიას ვერ დავარქმევ. ძირითადად მეილზე გვწერენ.. ეს ადამიანის უფლებაა. შეიძლება ადამიანი იქნეს არჩეული, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, მან ვერ შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ასე ვთქვათ დავაძალოთ“, –  რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გაგა აფციაური.

აფციაური აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის „რუსთავს ჯვარი წერია“, ხოლო თუ მდგომარეობა გაუარესდება, ამას ისედაც ყველა დაინახავს.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია დღესაც დავაზუსტეთ, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანთან, ხათუნა გოშაძესთან. გოშაძეც აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში პანდემია არსებითად მნიშვნელოვან პრობლემას არ უქმნით და ოლქი, ყველა აქტივობას ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებით წარმართავს.

ინფორმაციისთვის, რუსთავში უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს შემდეგი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან: #46, #75, #76,#37, #39, #35, #33, #47, #82, #77, #4, #7. აღნიშნულ უბნებზე, ვაკანტური ადგილების შევსება საოლქო საარჩევნო კომისიის გამოცხადებული კონკურსებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანია.

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით