რუსთავში არჩევნების ადმინისტრირებას მორიგი გამოცდილი კადრი გამოაკლდა

20 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე, ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამჯერად არჩევნების ადმინისტრირების ტვირთი, სხვადასხვა მიზეზით, მოიხსნეს #1, #43 და #52 საარჩევნო უბნის წევრებმა.

სხდომაზე თითოეულ მათგანთან დაკავშირებით განცხადება, ოლქის მდივანმა ხათუნა გოშაძემ გააკეთა. გოშაძე ამბობდა, რომ  #1 საარჩევნო უბნის წევრი ავტოავარიაში მოჰყვა და ამჟამად, გეგმიური ოპერაციისთვის ემზადება. #43-ე უბნიდან კი კომისიის ერთმა წევრმა,  ოჯახური პირობების გამო, ითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა. ხოლო #52-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, ხათუნა გოშაძე კომისიის წევრებს დეტალურად მოუყვა, თუ რატომ ითხოვენ, უფლებამოსილების შეწყვეტას კომისიის წევრები: ეკატერინე ჯაჭვაძე და თეკლა ავალიშვილი. გოშაძე აცხადებდა, რომ აღნიშნული პირები უჩივიან კოვიდის გადატანის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემებს, ამბობენ რომ უჭირთ ჯდომა, სუნთქვა და ა.შ

#52 საარჩევნო უბნიდან, საოლქოს დანიშნული, კომისიის წევრების დედა-შვილის წასვლაზე, სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ოლქის ხელმძღვანელს გაგა აფციაურს ვთხოვეთ. აფციაურმა საოლქოს მდივანთან ხათუნა გოშაძესთან გადაგვამისამართა.

გოშაძე გვიმეორებს იგივეს, რაც სხდომაზე თქვა. ჩვენი კითხვებიდან გამომდინარე, ერთადერთი ახალს იმას გვამცნობს, რომ ეკატერინე ჯაჭვაძე არის გამოცდილი კადრი და მის მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციას შენიშნვა არასდროს ჰქონია.

 

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ საიტის მითითებით.