რუსთავის მერს მოქალაქეების მიღების დღეები არ აქვს

QvemoQartli.ge-ს დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თვეებია, უშედეგოდ, ცდილობენ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას. მსგავსი შინაარსის კომენტარები, ასევე, გვხვდება რუსთაველების ჯგუფებში სოციალურ ქსელებში. ადამიანები ინტერესდებიან რატომ არ ხვდება მოქალაქეებს მერიაში რუსთავის მერი, ისე როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ.

საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვპასუხობენ: „ რუსთავის მერი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება მოსახლეობას. უმეტეს შემთხვევაში, მათი პრობლემის შესასწავლად ადგილზე მიდის შესაბამის სამსახურთან ერთად.  მიღების კონკრეტული დღეები დაწესებული არ არის.“

რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ნამდვილად, ათობით ფოტოა სადაც ჩანს ქალაქის სხვადასხვა უბანში მყოფი მერი, რომელიც ადგილობრივებს ესაუბრება. მეტ-წილად, შეხვედრები ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას ეხება და ალბათობა, იმისა რომ მოქალაქე ინდივიდუალურად შეძლებს მერთან საუბარს მცირეა. როგორც ცნობილია მერს ადგილობრივები, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ, ასეთ კატეგორიაში კი შესაძლოა ისეთი საკითხებიც იყოს, რომლებზეც უცხო ადამიანების გარემოცვაში, სხვადასხვა თავყრილობებზე, ღიად საუბარი რთული იყოს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით