რუსთაველ ნაციონალებს ახალი სლოგანი აქვთ: ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრიცაა და ხელახლადაცაა“

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია”.

რეკონსტრუირებულმა მოედანმა სამი თვეც ვერ გაძლო. მოედნის შუა და მარჯვენა მხარეს დაგებული ფილები აცვივდა და დაიწყო მუშების გაუთვაებელი ,,კაკუნი”.

,, წუხელ მთელი ღამე მუშები კაკუნობდნენ. ალბათ, აჩქარებდნენ არ უნდოდათ ხალხს დაენახა, რას დაემსგავსა მათი ნაქები და რესტავრირებული ადგილი. ვერ მოასწრეს და აგერ კი ხედავთ კიდევ მუშაობენ. უხარისხოდ არის სამუშაობი ჩატარებული, აბა ვის გაუგია ჩაცემენტებული ფილები ორ თვეში ძვრებოდეს?! ფული რაში დახარჯონ და საიდან რა სარგებელს გამორჩნენ არ იციან. რაც შეეხება ყინვას, ალბათ, ისინიც იტყვიან ყინვისაგნ დაზიანდა-ო, სხვა მოედნებიც არის ფილებით მოპირკეთებული, მაგრამ არსად არაფერი აცვენილა და გაუბედურებულა”- საუბრობს რუსთაველი, დავით ჩუბინიძე.  

მოედენის რეკონსტრუქციის პერიოდში რუსთავის თვითმმართველობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბესიკ თუთბერიძე აცხადებდა: „მოედნის რეკონსტრუქციაზე 648 858 ლარი დაიხარჯება. პროექტს ახორციელებს „გზატკეცილი +” – გვიხსნიდა თუთბერიძე. თავის მხრივ რუსთავის მერიის ახალი მოედნით ამაყობდნენ ქალაქის პირველი პირები.

,, წელს უკვე დავიწყეთ და კეთდება მერიის წინ მდებარე ცენტრალური მოედანი, ხდება მისი მოკირწყვლა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი +” შემოიტანს საზღვარგარეთიდან ფილებს, რომლებიც ჩვენი მოთხოვნით საკმაოდ მაღალი ხარისხის იქნება. მთელი მოედანი მოიკირწყლება, იქნება ორნამენტები” -უყვებოდა ადგილობრივ ჟურნალისტებს, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე.

დღეს კი დაზიანებულ მოედანზე კომენტარს მისი პრესსამსახური აკეთებს:,, ყველა ხარვეზი, რომელიც მოედანს აქვს იმ კომპანიის მიერ გამოსწორდება, ვინც მის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა. საუბარია კომპანია ,,გზატკეცილი +”  -ზე.   ჩვენ ამ სამუშაოებისთვის არაფრის გადახდა არ გვიწევს. ვფიქრობთ, რომ მოედანი ძლიერმა ყინვამ დააზიანა.”

რუსთავის მერიისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ პროექტზე მომუშავე ადამიანებს. ,, ჩქარა, ჩქარა-ო გვადგნენ თავზე და იმიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი. მშენებლობის საქმეში ყველაფერს თავისი დრო აქვს” – უხსნიდნენ მუშები ადგილობრივ მოსახლეობას. 

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=80