როგორ ვიყიდოთ წამალი შედარებით იაფად?
საქართველოს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის მესამედზე მეტი (36%), მედიკამენტებზე მოდის. ამ მაჩვენებლით, ევროპის რეგიონში ერთ-ერთი “მოწინავე” ქვეყანა ვართ. [1]
წამლებზე მაღალი დანახარჯების განმსაზღვრელ ფაქტორს ფარმაცევტული პოლიტიკისა და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოადგენს, რაც ქვეყანაში როგორც მედიკამენტების არარაციონალური მოხმარების, ისე მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდის კუთხით ხელშემწყობ გარემოს ქმნის [2].
თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც არსებულ რეალობაში ხარისხიანი მედიკამენტის შეძენისას თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
გენერიკული წამლები
გენერიკული და ორიგინალი მედიკამენტი ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, თუმცა მოქმედი ნივთიერების შემცველობა, რომელსაც უშუალოდ სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია. იდენტურია ასევე მისი მიღების ფორმა, დოზირება, ხარისხი, უსაფრთხოება და მოქმედების ეფექტურობა.
გენერიკული მედიკამენტები უფრო იაფი ღირს, რადგან მათი მწარმოებელი კომპანია უკვე არსებული, გამოცდილი და ნაკვლევი ფორმულით ორიგინალურის ანალოგ მედიკამენტს აწარმოებს. თუ რატომ შეიძლება გენერიკული მედიკამენტი ბრენდულზე უფრო იაფი ღირდეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ [3]
თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ძვირადღირებული, ბრენდული მედიკამენტის გენერიკული ანალოგი, რომელსაც იდენტური სამკურნალო თვისებები და მასთან შედარებით, დაბალი ფასი ექნება. სასურველია, მედიკამენტის ჩანაცვლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდეს, რათა გათვალისწინებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა ასპექტი.
პაციენტის უფლებები
მედიკამენტების უმრავლესობას ჩვეულებრივ სამი სახელწოდება აქვს:
- ქიმიური სახელწოდება, რომლითაც მოქმედი ნივთიერების ქიმიური ბუნება და ჯგუფური კუთვნილებაა მითითებული;
- გენერიკული სახელწოდება, ანუ მოქმედი ნივთიერების საყოველთაოდ მიღებული შემოკლებული სახელწოდება; მაგალითად, აზიტრომიცინი.
- სავაჭრო დაპატენტებული სახელწოდება, რომელიც მწარმოებელმა ფირმამ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოშვებულ მედიკამენტს მიანიჭა. მაგ. აზიტრომიცინის სახელწოდება შეიძლება იყოს სუმამედი, აზიმაკი, ტოპტი და სხვ.
2022 წლის 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა მოქმედებს. თუ აქამდე ექიმი დანიშნულებაში კონკრეტული ბრენდის, კონრეტული დასახელების მედიკამენტს უთითებდა, ახლა ის ვალდებულია გენერიკული სახელწოდება მიუთითოს. დანიშნულებაში გენერიკული სახელწოდების მითითება პაციენტს საშუალებას აძლევს, მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე იაფი აირჩიოს.
თქვენ გაქვთ უფლება, უარი უთხრათ ექიმს ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის დანიშვნაზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, შედარებით იაფი და მსგავსად ეფექტური ვერსიები.
მსგავსი პრინციპი მოქმედებს აფთიაქშიც: გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, სადაც ექიმის მიერ მედიკამენტის გენერიკული დასახელებაა მითითებული და არა კონკრეტული ბრენდი, ფარმაცევტი ვალდებულია, მომხმარებელს ამ შემადგენლობის მქონე სამი ყველაზე ეკონომიური და ამავე დროს ხარისხიანი მედიკამენტი შესთავაზოს.
გადაამოწმეთ, ნამდვილად გჭირდებათ ყველა ის წამალი, რომელსაც იღებთ?
გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი დანიშნულება ათ, თხუთმეტ ან მეტ წამალს შეიცავს? როდესაც ჯანმრთელობის ერთი პრობლემის მოსაგვარებლად ხუთზე მეტი წამალი ინიშნება, ამას პოლიპრაგმაზია ეწოდება. მსგავსი შემთხვევები ჩვენს რეალობაში ხშირია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი არაეთიკური მარკეტინგია – ზოგიერთი ექიმი სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს მათი წამლების რეალიზაციას.
ასეთ პრაქტიკას ხელს უწყობს ჰოლდინგური სისტემებიც, როდესაც, მაგალითად, ფარმაცევტული კომპანია თავად ფლობს აფთიაქსაც და კლინიკასაც. ასეთ კლინიკაში დასაქმებული ექიმი, ასევე შეიძლება იყოს მოტივირებული გამოწეროს ამ ჰოლდინგის მიერ წარმოებული წამალი, რომელიც მისივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქში იყიდება. ასეთ ჰოლდინგში დასაქმებული ფარმაცევტი კი, შესაძლოა დაინტერესებული იყოს თქვენთვის სასურველი მედიკამენტის ნაცვლად, ამავე კომპანიის წარმოებული წამლების შემოთავაზებით.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება, თავად გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი, თუ რომელი კომპანიის წარმოებულ, რომელი დასახელების და რა ფასის მქონე წამალს შეიძენთ.
გადაამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა ჯანდაცვის რომელიმე პროგრამით სარგებლობა?
არსებობს ჯანდაცვის მიზნობრივი და მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანების, მათი საცხოვრებელი ადგილის, სოციალური სტატუსის და ასაკის შესაბამისად, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას სთავაზობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ან მათი შეძენის თანადაფინანსებასაც გულისხმობს.
მოძებნეთ თქვენთვის შესაფერის პროგრამა აქ[4]
თუ თქვენი კრიტერიუმების შესაბამისი პროგრამა არ არსებობს, ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარებისათვის შეგიძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართოთ.
და ბოლოს, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელს, ერთსა და იმავე მედიკამენტზე განსხვავებული ფასი აქვს. შეგიძლიათ ფასების წინასწარი მოძიებითა და ერთმანეთთან შედარებით განსაზღვროთ, რომელი მედიკამენტის რომელ აფთიაქში ყიდვა ჯობს. მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად აფთიაქებში ფასდაკლების დღეებიც გამოგადგებათ. ყველაზე დიდ, ქსელურ აფთიაქებში ფასდაკლების დღეები სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევია.
სტატია მოამზადა სოციალური განტოლების ჰაბმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური განტოლების ჰაბი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
[1] https://iris.who.int/bitstream/handle/10665/342815/9789289055802-eng.pdf?isAllowed=y&sequence=1
[2] https://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2022/01/ERP-evidence-synthesis_13.01.2022_GEO.pdf
[3] https://www.uplebatsamalze.com/იაფიდაძვირიწამლები
[4] https://www.uplebatsamalze.com/programs