პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები

„პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები“ –  ამ სახელწოდების ახალი კვლევითი პუბლიკაცია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევა, პრეკარიული შრომის მახასიათებლებისა და მისი გენდერული ასპექტების შესწავლას ისახავდა მიზნად. პუბლიკაციაზე, მკვლევარმა გიგა კარაპეტიანმა იმუშავა.

ნაშრომში, გაანალიზებულია:

  • რას გულისხმობს პრეკარიული შრომა;
  • როგორია მისი ფემინიზაცია;
  • ქალების კეთილდღეობა და მათი შრომითი პირობები;
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობის კავშირი შრომის საკითხებთან;
  • სისტემური უთანასწორობა და სპეციფიკური საჭიროებები;
  • შრომის ფემინისტური განზომილება და სხვა;

„ კვლევის მიზანი იყო შეესწავლა, თუ როგორი გენდერული განზომილებები გააჩნია პრეკარიულ შრომას და ამასთან ერთად, დაესვა კითხვა თუ ზოგადად რას გულისხმობს პრეკარიული შრომა. ამ კვლევის რესპონდენტები იყვნენ საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ექსპერტები, რომლებიც ერთის მხრივ შრომით საკითხებს იცნობენ კარგად, სწავლობენ მათ და მეორეს მხრივ, ცდილობენ ამ თემების შესწავლის პროცესში ყურადღება მიაქციონ  შრომის გენდერულ განზომილებას.

ძირითად მიგნებებზე ლაპარაკი, შეგვიძლია დავიწყოთ ზოგადი დეფინიციით, თუ რას გულისხმობს პრეკარიული შრომა. პრეკარიული შრომა, ეს არის ანაზღაურებადი შრომა, რომელიც განისაზღვრება დაბალი ანაზღაურებით. პრეკარიული შრომის შიგნით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ ეს შრომა არის არასტაბილური და შესაძლებელია პრეკარიული შრომა, ასევე იყოს მაღალ ანაზღაურებადი, თუმცა არასტაბილური. ის შეიძლება იწარმოებოდეს ფორმალური ხელშეკრულების მიღმა, სიტყვიერი-ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და შესაბამისად, ამ პირობებში დასაქმებული ადამიანი ვერ სარგებლობს ისეთი ბენეფიტებით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მაგალითად: დეკრეტული შვებულების უფლებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, შვებულებაზე ხელმისაწვდომობას და ა.შ.“ – საუბრობს კვლევითი პუბლიკაციის ავტორი გიგა კარაპეტიანი.

მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს, ისეთ სფეროში დასაქმებულ ქალებზე, რომელთა ანაზღაურებაც დაბალია, შრომითი პირობები კი კანონს მიღმაა დარჩენილი.

„ ჩვენ ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი ფემინისტურად. შეგვიძლია ვიპოვოთ ბევრი ისეთი სფერო, სადაც ძირითადი დასაქმებულების უმრავლესობა ქალია და მათი ანაზღაურება არის მიზერული. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე ჯგუფზე, ერთ-ერთი ჯგუფი არის საოჯახო სექტორში დასაქმებული ქალები, მაგალითად: დამლაგებლები, ძიძები, დამხმარეები, ხანდაზმული ადამიანის მომვლელები, შშმ პირების მომვლელები.  რეალურად ეს არის ის ჯგუფი, რომელთა ხმასაც, არავინ აჟღერებს.

ასევე, კვლევის ერთ-ერთი მიგნება არის ის რომ რეალურად როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შრომითი ბაზარი გავხადოთ მოწესრიგებული, ჩვენ ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ ცალკეული ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები“, – ამბობს გიგა კარაპეტიანი.

აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი სამართლიანობის კავშირი ფემინიზმთან. ნაშრომში, ყურადღება გამახვილებულია ქალების შრომაზე, რომელიც ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

„ ფემინისტურ სივრცეებში, ყველაზე მეტად მარგინალიზებულია ეკოფემინისტური მოძრაობა, რაც გულისხმობს გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინებას და მის ინკლუზიას ფემინისტური ბრძოლაში. თუმცა გარემოს დამცველობითი თემა, არ უკავშირდება ვიწროდ მხოლოდ სიმწვანეს  და ხელმისაწვდომობას სუფთა ჰაერზე რაც, ცხადია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს უკავშირდება უამრავ რაღაცას, მაგალითად ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობას, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას და ა.შ.

აქ საყურადღებოა, რომ სოფელში ქალების ძირითად საჭიროებას, სწორედ  საოჯახო შრომის შესრულების შემსუბუქება წარმოადგენდეს. იმიტომ რომ ხშირად, ისინი მარტო ეზიდებიან წყალს და ეს არ არის მარტივი შესასრულებელი საქმე. დისტანციაა გასათვალისწინებელი, საკმაოდ შორს არის ეს წყლის სივრცეები და ასევე სიმძიმე და ამის ყოველდღიური შრომა. შესაბამისად, გარემოს დაცვითი ფუძე და მისი კოლაბორაცია ამ ფემინისტურ ხედვებთან სწორედ ამას გულისხმობს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ერთი აქტივისტური ხედვიდან ასევე, ვიხელმძღვანელოთ მეორე აქტივისტურ ხედვაში და ეს ყველაფერი მოხდეს, არა ცალ-ცალკე ფრაგმენტულად, არამედ ერთობლივად მოხდეს ამ უთანასწორობების შეჯერება“, – ამბობს მკვლევარი.

კვლევითი პუბლიკაცია კავშირმა „ფრეიამ“ ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “ პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტების” ფარგლებში მოამზადა.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით