პანდემიასთან დაკავშირებით რეგულაციების ნაწილი შეიცვალა

მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, დამატებითი რეგულაციებით:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
  • მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ-მდე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
  • ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის სწორად ტარების მოთხოვნები;
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

ბაზრობები რჩება დახურული, მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით.

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

  • გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

QvemoQartli.ge