ნოეს უბანში, შეშას და საკვებ პროდუქტებს ითხოვენ

ნოეს უბნის სახელით ცნობილი დასახლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ აღთაკლიასთან მდებარეობს. აქ, ამჟამად ბოშათა თემის წარმომადგენელი, 7 ოჯახი რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობს. პანდემიამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. თუკი პანდემიამდე თავს ხელობით და მოწყალების თხოვნით ირჩენდნენ, ახლა ტრანსპორტთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის ეს წყაროც დაკარგეს. მძიმე საცხოვრებელ პირობებთან ერთად, ახლა მათ ხელი არც განათლებაზე მიუწვდებათ.

გზა, რომელსაც ნოეს უბნამდე მივყავართ მოასფალტებული არ არის. წვიმიან ამინდში, ტალახი და წყლის გუბეები, აქაურობისთვის ნამდვილად არ არის უცხო. სახლები თუნუქითაა დაფარული და როგორც ადგილობრივები ამბობენ, წვიმის დროს წყალი მათ სახლებშიც აღწევს. 

სონია დოცენკოს ოჯახი ოთხი ადამიანისგან შედგება. პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ და სრულად სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული.

ნოეს უბანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი

,,სახურავიდან წყალი ჩამოდის. ჩვენი სახლის კედელს ერთი ლურსმანიც, რომ მიაჭედო მთელი კედელი ვარდება. ფანერკებით და ლენტებით გვაქვს შეკრული სახლი, ხომ ხედავ ფანჯრებს?! შიგნით კი ცივა, ვიყინებით. ჩვენი თხოვნაა საკვებით და შეშით დაგვეხმარონ – ფქვილი და კარტოფილი მოგვიტანონ. სოციალურ დახმარებას ვიღებ – 160 ლარს ოთხ ადამიანზე, მაგრამ არ არის საკმარისი. ფილმებში გაქვთ ალბათ ნანახი, თუ როგორი მორთულები არიან ბოშები, მაგრამ ეგენი მდიდრები არიან.  აქ კი ყველანი ღარიბები ვართ” – სონია დოცენკო.

ლიდა დინისენკო და თამარა ზალატაროვა

ლიდა დინისენკო 34 წლისაა, ექვსი შვილის დედაა და მის 8 სულიან ოჯახს პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები სჭირდება. ლიდას უფროსი შვილი 15 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი ორი კვირის.

,, აქ ცხოვრება ძალიან რთულია. საკვები არ გვაქვს, არც კარტოფილი და არც ფქვილი. ერთი ტომარა ფქვილი ორი კვირაც არ გვყოფნის. შეშაც არ გვაქვს, ბავშვები დადიან და რასაც მოაგროვებენ იმას ვანთებთ. პანდემიამდე დავდიოდი სახლებში და დახმარებას ვითხოვდი, ხან ტანსაცმელს მაძლევდნენ, ხან ძველ სათამაშოებს, ახლა პანდემიის გამო ვერაფერს ვაკეთებ. ახალი წელი მოდის, მაგრამ ჩვენ ნაძვის ხეს კარტოფილი და მაკარონი გვირჩევნია. ზოგჯერ მიბრაზდებიან ხოლმე ბავშვები.. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, სულ 8 ადამიანი ვცხოვრობთ – მე, ჩემი ქმარი და 6 ბავშვი. რასაც ვიღებთ ოჯახზე, 500 ლარის დახმარებას, არ გვყოფნის“ – საუბრობს ლიდა დინისენკო.

69 წლის პენსიონერი, თამარა ზალატაროვა კი გვიყვება, რომ პანდემიამდე  მოწყალების სათხოვნელად დადიოდა ხოლმე და საკვების შეძენაში, ეს მცირე თანხაც ეხმარებოდა.

,, რითი ვიცხოვრო აბა მითხარი?! ოჯახი რითი გამოვკვებოთ?! დავდიოდი სტამბულის ბაზარზე, ზოგი მეხმარებოდა ზოგი არა, მაგრამ პურისთვის კი მყოფნიდა რასაც მაძლევდნენ. ვითხოვდი.. ახლა სად და როგორ წავიდე, ,,მარშუტკები“ არ დადიან, ავტობუსები არ დადიან. რა თქმა უნდა, ტაქსის ფული მე არ მაქვს. დახმარება რომ მოაქვთ, ზოგს აძლევენ ზოგს არა. ორჯერ მოიტანეს საკვები, მაგრამ მე პენსიონერი ვარ და არაფერი მომცეს. მითხრეს, შენთვის არ არისო.“

ნოეს უბანი

გარდა საცხოვრებელი პირობებისა ნოეს უბნის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემაც აქვთ. ერთი თემაა ის, რომ ხის ბოძები ხშირად იქცევა და მეორე, ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ფერხდება. 

,,ელექტროენერგიის ბოძები ძველია და მის ახლოს გავლისაც გვეშინია. როცა ქარია ეს ბოძები იქცევა და შუქიც აღარ გვაქვს. ბოძები პრაქტიკულად თავზე გვეცემა.

სასმელი წყალი ნამდვილად გაგვიკეთეს, მაგრამ  გზა და ეს ძველი ბოძები არა. როგორც კი ქარი ამოვარდება, მაშინვე ქვრება შუქი“, – ამბობს ლიდა დინისენკო.

პანდემიამ ნოეს უბნის პატარა მაცხოვრებლებისთვის განათლების მიღებაც გაართულა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც განათლების სისტემა ნაწილობრივ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, თუმცა ინტერნეტის და კომპიუტერის უქონლობის გამო, მოსწავლეები გაკვეთილებს ვერ ესწრებიან.

„სკოლაში რუსთავში დადიოდნენ, მაგრამ ამ ვირუსის გავრცელების მერე თითქმის მთელი წელია, რაც სახლში არ არიან. ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი და აბა, როგორ ისწავლის?! წიგნებიც დავაბრუნეთ, ახლა მარტო რვეულები დარჩათ.

აი, ეს 10 წლისაა [ოთახში მყოფ ბიჭზე მიგვითითებს], წესით უნდა დადიოდეს სკოლაში, მესამე კლასშია. რადგან ვერ იარა, მომავალ წელს, ისევ მესამეში იქნება, ალბათ. ქართული იცოდა ცოტა, მაგრამ ახლა რადგან არ დადის დაავიწყდა“, – ლიდა დინისენკო.

პრობლემებთან ერთად, ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათთვის „რაღაცეები“ გაკეთდა – ამ ჩამონათვალშია სასმელი წყლის მიყვანა დასახლებამდე, ბავშვებსთვის სასკოლო სამარშუტოს დანიშნვა. ასევე, ამბობენ რომ პანდემიასთან დაკავშირებით, მიუტანეს დახმარება. ეს საკითხი ჩვენთვისაც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაუტანეს.

ნოეს უბნის დასახლებას ვტოვებთ. ადგილობრივები კი თავიანთ სათხოვარს კიდევ ერთხელ გვიმეორებენ – ითხოვენ შეშას, ზამთრის გადასატანად და საკვებ პროდუქტებს.

დასახლებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვახტანგ გაგუას განცხადებით, მათთვის დასახლებაში არსებული პრობლემები ცნობილია და მათ მოსაგვარებლად სამუშაოები უკვე დაწყებულია.

,, მაგ დასახლებაში მთელი რიგი პრობლემები დგას. ადგილობრივებმა მოგვმართეს და რამდენიმე პრობლემა წამოაყენეს წყლის, გარე განათების, გზის პრობლემა, სკოლის ავტობუსით მომსახურების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემების აღმოფხვრა და ეტაპობრივად ვახორციელებთ შესაბამის სამუშაოებს. წყლის პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრა და ამჟამად დასახლებას წყალი მიეწოდება. უახლოეს პერიოდში გარე განათების მოწესრიგების სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი. უკვე დაპროექტებულია და სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს, გარე განათებაც ექნებათ. რაც შეეხება გზის მოპირკეთებას და ორმოებს, ვახორციელებთ საპროექტო დოკუმენტაციის შეძენას და უახლოეს მომავალში მაგ პრობლემასაც აღმოვფხვრით“, – აცხადებს ვახტანგ გაგუა.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, შეშით მომარაგებასა და საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით ადგილობრივებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული საკითხების შესწავლა. რაც შეეხება დახმარებას, საკვები პროდუქტების სახით, გვითხრეს, რომ პანდემიის გამოცხადების შემდეგ რამდენჯერმე მიუტანეს დასახლებას საკვები პროდუქტები და მომავალშიც გეგმავენ.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ელისო ჩინჩალაძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით