მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები ასე 10% დაბალია მაღაზიებთან და დიდ ბაზართან შედარებით. ალბათ, ეს მთავრობის ერთჯერადი დახმარებაა. მე შემიძლია მოვიდე და რაღაც მაინც ვიყიდო, მაგრამ ბევრი ოჯახი ამასაც ვერ გაწვდება” – ამბობს რუსთაველი, მარიკა მულმაძე.

რუსთავში თეთრი კარვების ორი ბაზრობა იმართება: კოსტავას და მეგობრობის გამზრიზე. სატელევიზიო რეკლმაებით ვიგებთ, რომ ბაზრობები მთავრობის სოციალურ პროეტს წარმოადგენს და მოსახლეობისთვის პროდუქტის შეღავთიან ფასში მიწოდებას ისახავს მიზნად.

დავინტერესდით, ვინ არიან დახლს მიღმა მდგომი ადამიანები რიგითი მოვაჭრეები, თუ კონკრეტული ფირმები. ჩვენი ინტერესის საგანი იყო გაგვერკვია, რომელი ფირმები მონაწილეობდნენ აღნიშნულ სამთავრობო პროგრამაში და რა კრიტერიუმით შეირჩნენ ისინი. ბაზრობებზე მისულებს გამყიდველებმა საუბარზე უარ გვითხრეს: ,, უფროსს დაელოდეთ” – ერთმანეთის პასუხს იმეორებდა ყველა.

რადგან ბაზრობების სარეკლამო რგოლში, პროექტის ერთ-ერთ შემსრულებლად ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ცხადდებოდა მათ მივმართეთ.

,, ამ სოციალურ პროექტში ფირმები არ მონაწილეობენ. მთავრობამ მოვაჭრეებს მისცა იმისა საშუალება, რომ არანაირი გადასახადი არ გადაეხადათ და ისე ემუშავათ. შესაბამისად, დაიწია პროდუქციის ფასმაც. ყველას ვინც გამთქვამს სურვილს დადგეს ამ ბაზრობაზე ხელს არავინ შეუშლია” – კომენტარს, ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესმდივანი, ნატა ციცვიძე აკეთებს.

მიუხედავად, ასეთი მომხიბვლელი წინადადებისა, რუსთავში მთავრობის სოციალური პროექტს დიდი წარმატება არ ხვდა წილად. ბაზრობებს მოსახლეობა აქტიურად არ სტუმრობს. ვინც სტუმრობს – ესენი კი, ძირითადად, პენსიონერები არიან, ხორცის დახლს გვერდს უვლიან და 2 კგ კარტოფილით ბრუნდებიან სახლში.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=75