26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე. მაგალითად:  რა რაოდენობის ქონებას ფლობს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი, ბიუჯეტიდან რამდენი ლარი იხარჯება ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის და სხვა.

თვითმმართველობის ინდექსი, 2017 წლიდან, 2 წელიწადში ერთხელ  აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ინდექსის მიხედვით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტს 2017 წლის მონაცემებით 27%, 2019 წლის მონაცემებით 28%, ხოლო 2021 წელს 39% აქვს.  რაც ნიშნავს იმას, რომ გარდაბნის თვითმმართველობის ინდექსი , მიუხედავად დაბალი პროცენტული მაჩვენებლისა,  მცირედით გაუმჯობესდა.

გარდაბნის თვითმმართველობა გამჭვირვალობის თვალსაზრისით რეგიონში მეორე ადგილზეა,  ინდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტის მერიას 30% ხოლო საკრებულოს 53 % აქვს. საკითხთან დაკავშირებით Qvemoqartli.ge „კონსულტაციისა  და ტრენინგის ცენტრს“ (CTC)  დაუკავშირდა.

ცენტრის ექსპერტმა ირაკლი კახიძემ  Qvemoqartli.ge – თან  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გამჭვირვალობის ინდექსსა და  კვლევის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით,  2017-2019 წლების კვლევებთან შედარებით გარდაბნის თვითმმართველობის ინდექსი გაუმჯობესდა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ პროცენტული მატება  საკრებულოს ინდექსის ზრდის ხარჯზე მოხდა.

„ 2021 წელს 64 მუნიციპალიტეტის საშუალო მაჩვენებელი იყო 28 %,  ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის საერთო შედეგი, ამ ამ საშუალო მაჩვენებელზე, 11%-ით მაღალია, რაც ძალიან კარგია.  უფრო მნიშვნელოვანია, რომ  2017-2019 წლებთან შედარებით გარდაბანს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს. გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინდექსის ნაწილში.  თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გარდაბანში, მერიის მაჩვენებელი, დიდად შეცვლილი არ არის,  3 %-ია გაუმჯობესება და ეს ზრდა  რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის საერთო მაჩვენებელში 2 წლის განმავლობაში აისახა, იყო დაკავშირებული საკრებულოს გააქტიურებასთან და საკრებულოს მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდასთან.  23 %-ით შეძლო გარდაბნის საკრებულომ საკუთარი მაჩვენებლის გაზრდა. განსხვავებით მერიისგან“, – ირაკლი კახიძე „კონსულტაციისა  და ტრენინგის ცენტრი.“

ექსპერტის თქმით,  გარდაბნის საკრებულოს ინდექსის მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებული იყო,  სხვადასხვა სამართლებრივი აქტების და დოკუმენტების  ვებგვერდზე განთავსებასთან.

„საკრებულოს მაჩვენებლის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სხვადასხვა სამართლებრივი ოქმების,  საკრებულოს სხდომების გამჭვირვალედ და საჯარო ინფორმაციის  პროაქტიულ გამოქვეყნების გაუმჯობესებასთან,“ – განაცხადა ირაკლი კახიძემ

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს სხდომების ოქმებს აქტიურად აქვეყნებდა,  2021 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის შემდეგ არცერთი ოქმი არ გამოქვეყნებულა.  საკითხთან დაკავშირებით,  კონსულტაციისა  და ტრენინგის ცენტრის ექსპერტს ირაკლი კახიძეს ვკითხეთ, იქონიებდა თუ არა გავლენას  აღნიშნული ფაქტი შემდგომი კვლევის/ინდექსის შედეგებზე.  მისი თქმით, კვლევა ითვალისწინებს სოციალური ქსელის და ვებგვერდების მონიტორინგს, შესაბამისად ეს ფაქტი შემდეგი კვლევის შედეგებზე ნეგატიურად აისახება.

„ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება, შეფასებაზე.  ჩვენ ინდექსის შეფასების დროს ასეთი მეთოდოლოგია გვაქვს,  ვახორციელებთ ვებგვერდების მონიტორინგს.  ჩვენი ექსპერტი აკვირდება კონკრეტული მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მუშაობა როგორ ხდება, აიტვირთა თუ არა სხდომის ჩატარების შემდეგ შესაბამისი ოქმი, რამდენად იქნა პროაქტიულად გამოქვეყნებული  მიღებული გადაწყვეტილებები და განკარგულებები.  ეს არის  ინფორმაციის შეგროვების ერთი წყარო. მეორე კი ინფორმაციის გამოთხოვის  საფუძველზე ხდება. მიმართავს ჩვენი შემფასებელი ექსპერტი და გამოითხოვს ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტიდან, თუ ის არ აწვდის ინფორმაციას ეს, რა თქმა უნდა, შედეგებზე აისახება.  ამიტომ ყველა შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია არ იქნა გამოქვეყნებული ეს უარყოფითად იმოქმედებს საკრებულოს შედეგებზე” , – აღნიშნა ირაკლი კახიძემ.

ინდექსი მუნიციპალიტეტს 101 კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს, ეს კრიტერიუმები სამ ბლოკად არის დაყოფილი.

ესენია: ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ელექტრონული მმართველობა და  მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მაჩვენებლის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით თვითმმართველობას 43%-ი აქვს, ელექტრონული მმართველობის კუთხით – 47 %, ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით 12%.

გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 6 კრიტერიუმში აქვს, ესენია: ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ – 0%, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ – 3%, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ – 15% , ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და/ან მმართველობაში მყოფი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის შესახებ (ა(ა)იპ, სსიპ, შპს) – 13%, ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ – 6% და მოქალაქეთა მონაწილეობა – 6%.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასება და ხარვეზების განხილვა ვთხოვეთ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტს თამარ ნასყიდაშვილს, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო გარდაბნის თვითმმართველობის ინდექსის კვლევაში.

„ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით გარდაბნის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დაბალი შედეგები აქვს, თუმცა წინა შეფასებებთან შედარებით მცირედი გაუმჯობესება აქვთ. ერთი-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო შეფასების პროცესში ვებ-გვერდის ტექნიკური გაუმართაობა, (შეფასების პერიოდში ხშირად ითიშებოდა ვებგვერდი). ასევე გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობაც, საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის დიდ გამოწვევად რჩება. მუნიციპალიტეტი არ აქვეყნებს საერთოდ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ, როდესაც ეს საჯარო ინფორმაციაა და ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში გასცეს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ზრდის. იგივე შეიძლება ითქვას მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ ინფორმაციაზე. მაგალითად ინფორმაცია მიმდინარე/გამოცხადებული აუქციონების შესახებ ქვეყნდება ელექტრონული აუქციონის ერთიან ვებგვერდზე, თუმცა მუნიციპალიტეტი ამ ინფორმაციას ასევე უნდა აქვეყნებდეს საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ბმულით https://eauction.ge-ზე. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გასხვისებული და სარგებლობაში გადაცემული ქონების შესახებ, მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ – ეს ის ჩამონათვალია, რის შესახებაც შეფასების პროცესში ვებ-გვერდზე არანაირი ინფორმაცია არ იყო გამოქვეყნებული. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა მიიღო ნული ქულა. მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მხოლოდ საკრებულო, სხვა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არ იძებნებოდა შეფასების პერიოდში“, – განაცხადა თამარ ნასყიდაშვილმა.

შეფასების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს ეგზავნება შეტყობინება, რომ გაეცნონ საკუთარი მუნიციპალიტეტის შეფასების შედეგებს, იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ მოკვლევას არ ეთანხმებიან, აქვთ კომენტარის საშუალება.

თამარ ნასყიდაშვილის თქმით, გარდაბნის შემთხვევაში მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰქონდა კომენტარები გაკეთებული და შესაბამისად, მათი შენიშვნებიც გათვალისწინებულ იყო შეფასების საბოლოო შედეგში.

თვითმმართველობის ინდექსთან დაკავშირებით Qvemoqartli.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს დაუკავშირდა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საკითხზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საუბარი არ ისურვა.

 

ავტორი: ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

სამოქალაქო ჩართულობა – ინიციატივები დაფინანსების გარეშე/Mülki qoşulma – maliyyəsiz qalmış təşəbbüslər

ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა...

გარდაბნის მუნიციპალიტეტი – მთავრობის გადაწყვეტილებების გავლენა მუსლიმთა ცხოვრებაზე

რამდენადაც სამარცხვინო არ უნდა იყოს, ვაღიარებ – საკმაოდ სოლიდურ, ნამდვილად, არა საბავშვო ასაკში გავიგე ქრისტიანობის გარდა სხვა რომელი რელიგიები არსებობს...

„ბორკილები“ ციხის პერსონალისთვის

კვლევა „პენიტენციური სისტემის პერსონალი“ მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.“ [ავტორი ნატალია ცაგარელი] კვლების ძირითადი მიგნებები: კანონმდებლობაში აქცენტი კეთდება მხოლოდ...

კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რუსთავში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე (ვიდეო)

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით...

დმანისი – ქვემო ოროზმანის პრობლემები [ვიდეო]

დმანისის რაიონ სოფელ ქვემო ოროზმანში ბუნებრივი აირის, სატრანსპორტი გზის და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთვის პრობლემას საძოვრებიც...

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა...

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით...

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

წალკაში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა – მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილებების პირისპირ / Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, პროექტის „ეს წალკაა“...

ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *