ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. რაც მთავარია, ეკონომიკური ძალადობის შედეგად, ქალი ეკონომიკურად დამოკიდებული ხდება მოძალადეზე. ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რატომაც ქალები ვერ წყვეტენ ურთიერთობას მოძალადე პარტნიორთან და რჩებიან ძალადობრივ ურთიერთობაში.

კვლევითი დოკუმენტის ძირითადი მიგნებების თანახმად, ეკონომიკური ძალადობა განქორწინების ან წყვილის განცალკევების მერეც გრძელდება და არის იძულებითი კონტროლის ერთ-ერთი სახე, რომელიც ყველაზე ხშირად მოიცავს:

  • ფულის ხარჯვას მსხვერპლის პირადი ან საერთო საბანკო ანგარიშიდან;
  • გადასახადების წარმოებას მსხვერპლის სახელზე;
  • საერთო საკუთრების გაყიდვის დროში გაწელვას;
  • პირადი ნივთების მოპარვას ან დაზიანებას;
  • მსხვერპლის დასაქმებაში ან სამსახურის შენარჩუნებაში ხელის შეშლას;
  • მსხვერპლის ჩათრევას განგრძობით სასამართლო დავებში, რაც ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ეროვნული კოალიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (NCADV) ასევე გვთავაზობს ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმების ჩამონათვალს, კერძოდ:

  • მუშაობაში ხელის შეშლა შემავიწროებელი ქცევით, როგორიცაა ხშირად დარეკვა და მოულოდნელი ვიზიტები სამსახურში და სხვა;
  • მსხვერპლისთვის ფულის არმიცემა და ფულის მოპოვებაში ხელის შეშლა იმ დონეზე, რომ მსხვერპლი სრულიად დამოკიდებული ხდება მოძალადეზე საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით;
  • მსხვერპლისთვის მუშაობის ან სწავლის აკრძალვა, ან მისი ისეთ აქტივობაში ჩართვა, რაც შეუძლებელს ხდის მუშაობას ან სწავლას;
  • საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, პირადი ჰიგიენის საშუალებების ან წამლის მიზანმიმართულად არმიცემა;
  • მსხვერპლისთვის ფულის მოპარვა, მისი ფულის, აქტივების ან ფინანსური სახსრების თაღლითურად, პირადი მოგების მისაღებად გამოყენება ან/და ექსპლუატაცია;
  • მსხვერპლის მიერ ფულის ხარჯვის გამამართლებელი მიზეზების მოკითხვა და მისი დასჯა ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობის გზით;
  • მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან განადგურება;
  • მსხვერპლისათვის პირადი საბანკო ანგარიშის ფლობის აკრძალვა;
  • სამსახურში ლგბტ პირისთვის მისი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარა;
  • სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის არგადახდა;
  • მსხვერპლის იძულება, აიღოს კრედიტი, შემდეგ კი მისი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება და მომავალში კრედიტის აღების შესაძლებლობის მოსპობა.

„ აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ძალადობას აქვს ძალიან სერიოზული გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური ძალადობა, ისე როგორც ძალადობის სხვა ფორმები, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე. გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ექსპლუატაცია მუდმივ სტრესში ამყოფებს ადამიანს, ის ასევე საშუალებას უსპობს ქალს, თავი დააღწიოს ძალადობრივ ურთიერთობას და ხშირად ასეთი ქალი ბავშვებითურთ ეკონომიკურად დამოკიდებული ხდება სახელმწიფო პროგრამებსა და დახმარებაზე“, – ვკითხულობთ კვლევაში „ ეკონომიკური ძალადობა – შეუსწავლელი პრობლემა“.

ეკონომიკური ძალადობა დროში გახანგრძლივებული პრობლემაა, ის ხშირად იწვევს მსხვერპლის საკრედიტო ისტორიის გაფუჭებას და გრძელდება წყვილის განცალკევების შემდეგაც (მაგალითად ალიმენტის არგადახდით). სახელმწიფო პროგრამების უმეტესობა ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს. ასევე, ეკონომიკური ძალადობა ცუდად აისახება ბავშვებზე, ვინაიდან ქალზე ეკონომიკური ძალადობა შესაძლოა იწვევდეს ბავშვების გაღარიბებას და სოციალურ გარიყულობასაც კი, რადგან ისინი ვეღარ მონაწილეობენ კლასგარეშე აქტივობებში. ეკონომიკური ძალადობა აუცილებლად იწვევს სიღარიბეს. ქალებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ძალადობასა და სიღარიბეს შორის. ძალადობრივ ურთიერთობაში დარჩენას ძალადობის მსხვერპლი ქალები სწორედ ეკონომიკური ძალადობის და პრობლემების გამო არჩევენ.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.. 

ფოტოს წყარო: throughthenews.com

QvemoQartli.ge