„დილის 05:00 საათიდან ფეხზე ვართ“ – ქალების ხმა სურსათის ბაზრიდან

აგრარული ბაზარი – ადგილი, სადაც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი, ქალია. შრომობენ, ბევრს, სტრესულ და რთულ სამუშაო პირობებში – საკუთარი ჯანმრთელობის და დიდი ძალისხმევის ფასად.

აქ, ქალების უმეტესობა, შუახნის ან შუახანს გადაცილებულია. მათი ცხოვრების  ნახევარი კი, ბაზარში მუშაობის წლებს ითვლის. ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს. ამბობენ, რომ სამუშაო გარემო და პირობები „ქალისთვის შეუფერებელია“, თუმცა  ოჯახების სარჩენად სხვა გამოსავალი არ აქვთ.

რუსთავში, ორი სასურსართო ბაზარია, ძველი და ე.წ სტამბულის ბაზარი. მართალია, შენობები კეთილმოწყობილია, თუმცა მოვაჭრეები, იქ მომხმარებელთა ნაკლებობას უჩივიან.

მოვაჭრეთა ის ნაწილი, კი რომლებიც, სტამბულის ბაზარზე, სპეციალურად მოწყობილ, ღია სივრცეში მუშაობენ, სამუშაო გარემოზე წუხან. ამბობენ, რომ მუშაობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებსა და ზამთარში – წვიმიანი ამინდების დროს უჭირთ.

„ შაქარი მაქვს, მაგრამ გაჭირვებული მიანც ვდგევარ, პურის ფული რომ გავაკეთო შვილო. გართულებული ცხოვრება გვაქვს. ამ სიმძიმეებს ხომ ხედავთ?! სულ მე ვეწევი, ვშრომობ და ვწვალობ –  25 წელია ამ საქმეზე ვმუშაობ და სულ ასეთ რეჟიმში ვარ. მყიდველი ნაკლებია, ხალხს ფული არ აქვს, სამსახური არა არის. განსაკუთრებით მიჭირს ზამარში, სიცივეში დგომა“ – 60 წლის მერი.

„ ყველანაირ სირთულეებს ვაწყდებით, პროდუქცია ძალიან ძვირია, ხალხს უჭრს და ვერ ყიდულობენ. აქ, ქალები კაცის საქმეს ვაკეთებთ. 15 წელია ამ საქმეში ვარ, შეჩვეული ვარ უკვე, აბა სხვაგან, სად უნდა დასაქმდეს ჩემი ასაკის ადამიანი?! რა ვქნა, მეტი არაფერია, მხოლოდ პურის ფული, რომ იარსებო. შაქრიანი ვარ და მარტო 200 ლარის წამალი მჭირდება ყოველთვიურად. მიწევს ჩემი ჯანმრთელობის მიუხედავად შრომა. ხან ვისვენებ, ხან გამოვდივარ და ვცდილობ ხელი შევუწყო თავს“, – გვიყვება 62 წლის მარინა გოგატიშვილი.

„რთულია, ძალიან რთული. აგერ უკვე 25 წელზე მეტია აქ ვდგავარ, ოჯახი რომ შევინახო. დავბერდით ამ ბაზარში, დილას ადრე ადექი, მოდი, ინერვიულე, და ზოგჯერ ისე ვბრუნდებით სახლში, რომ „კაპიკსაც“ ვერ ვაკეთებთ. რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ცხოვრება. სიმძიმეების აწევაც გვიწევს, როდესაც მივდივარ საქონლის მოსატანად. ჯანმრთელობის მხრივაც, ყველაფერი დაგვმართა ამ ბაზრობამ“, – ამბობს 64 წლის ლალი.

„ აი, გარეთ რომ სტამბულს ბაზარს ეძახდნენ, იქიდან მოყოლებული აქვ ვარ. რთულია ამხელა ყუთების აწევა, შრომატევადი საქმეა, დილის 5-ის ნახევრიდან ფეხზე ვართ. უნდა წახვიდე, მოიტანო ტავარი, ზოგი შეიძლება გაფუჭებულიც კი გამოდგეს. ასევე, ძალიან დაუფასებელია ჩვენი შრომა, ხალხი ბაზარში არ შემოდის, ნაკლები მომხმარებელია, ზაფხულშიც და ზამთარშიც. ნახეთ, როგორი მოწესრიგებულია ბაზარი, მაგრამ ხალხი მაინც, გარეთ,  ტროტუარებზე მოწყობილ ბაზრებზე დადის“, – 60 წლის ნუნუ.

„ახალი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, არ შეიძლება ჩემი მძიმის აწევა და ფიზიკური მუშაობა, ორ კილოზე მეტს წესით არ უნდა ვწევდე. თუმცა, მაინც მიწევს გამოსვლა, მუშაობა და აქ დადგომა. წამლის ფულზე მოვდივარ, გაჭირვებული ქალი ვარ, სხვა გზა არ მაქვს“, – აღნიშნავს კიდევ ერთ-ერთი მოვაჭრე.

ქალები, რომლებსაც ვესაუბრეთ, ასევე იმ დამამცირებელ მოპყრობაზეც გვიყვებიან, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებლის მხრიდან განიცდიან.

„ არის დამამცირებელი მოპყრობაც ხალხის მხრიდან, “ვაჭრები“ ხართ, „გადამყიდველები“ ხართ, ისეთ შეურაცხყოფას მოგაყენებს ზოგი, რომ მეტიც არ შეიძლება. ჩვენც რა ვქნათ, ძვირად რომ ვიღებთ როგორ უნდა გავყიდოთ?! ზოგ რამეს თავის ფასშიც კი ვყიდით. რაც შეეხება ბაზარს, სისუფთავეა, სითბოა – მაგ მხრივ არ არის პრობლემა“, – ამბობს 60 წლის ნინა გოგაშვილი.

„ თუ საქონელს შედარებით ძვირს ვაფასებთ, მომხმარებლიდან ხშირად არის სალანძღავი სიტყვებიც, რა ვქნათ?! რა ჩვენი ბრალია, თუ გლეხი თავს შრომას ასეთ ფასს ადებს ?!“ – კითხულობს  50 წლის ლელა, რომელიც 7 წელია სურსათით ვაჭრობს.

საკითხზე კომენტარი სოციოლოგ გიგა კურაპეტიანს ვთხოვეთ.

კურაპეტიანი საუბრობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პირველი ადრესატი, როდესაც სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე და მისი გადალახვის პერსპექტივებზე ვსაუბრობთ.

“მოვაჭრეობა არ არის არჩევანი. ადამიანები რომლებიც მსგავსად არაფორმალურ სივრცეში არიან დასაქმებულები, დასაქმების სხვა ალტერნატივები, ან უკეთესი ალტერნატივები არ აქვთ. საგულისხმოა ისიც, რომ ხშირად, ამ სფეროში დასაქმებულია მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილი. ამის მიზეზები ხშირად უკავშირდება ბანკიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებულ სესხს, მედიკამენტების ფასებს, კომუნალური გადასახადების ვალდებულებებს. პირადი და ოჯახის სხვა წევრებისთვის რჩენის ვალდებულება. ხშირად სწორედ (გარე)მოვაჭრეებს აქვთ აღებული. ჩემი კვლევითი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მოვაჭრეთა უმრავლესობა, ხშირად, ოჯახის ერთადერთ ან ერთ-ერთ ძირითად შემომტანს წარმოადგენს.

სახელმწიფო უნდა იყოს პირველი ადრესატი, როდესაც სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე და მისი გადალახვის პერსპექტივებზე ვსაუბრობთ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, აღნიშნული არაფორმალური სივრცეების იმგვარი ფორმალიზება მოახდინოს, რომ მოვაჭრეებს შრომითი დაცვის გარანტიები, ჯანმრთელობის დაზღვევა და კომფორტული შრომითი სივრცე ჰქონდეთ. დღეს სიღარიბეზე საუბრის დროს, სახელმწიფო არ ჩანს. თითქოს უხილავია გამხდარი. ამის გამოა, რომ ბიზნესი მდიდრდება და მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას, დღიდან-დღემდე თავის გატანა უჭირს.

ასევე, დღეს სიღარიბის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები წარმოადგენს. ესეც ბიზნესის პოლიტიკაა – თუ გაქვს ფული გადარჩები და მიიღებ ეფექტიან სამედიცინო სერვისსა და საჭირო მედიკამენტს, თუ არა – მაშინ ვერ გადარჩები. პენსიონერების უმრავლესობა (და არამხოლოდ) ხშირად ამიტომაც არის იძულებული ვაჭრობით დაკავდეს. ვაჭრობა ხალხისთვის თავის გატანის უალტერნატივო წყაროდ იქცა. ყველა პრობლემაში სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დავინახოთ“ –  სოციოლოგი გიგა კურაპეტიანი.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით