დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე დიდია – ეს ადამიანები, ხშირად,  შრომითი კანონმდებლობისა და სოციალური დაცვის მიღმა რჩებიან.

ოჯახში დასაქმებულების თითქმის უმრავლესობა, წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს. საკითხი, აქტუალური განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც შინამეურნეობაში დასაქმებულები სახელმწიფოს მიერ გაცემული,  დახმარებების გარეშე დარჩნენ.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ოჯახებში მუშაობა რთული და შრომატევადია – ანაზღაურება კი მიზერული. თუმცა, იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაშიც იმყოფებიან, სხვა გამოსავალი არ აქვთ. უწევთ დათანხმდნენ თითქმის ყველა იმ პირობას, რასაც დამსაქმებელი სთავაზობთ. საუბრობენ,  ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებაზეც, რომელიც ხშირად უწევთ და რომელიც მეტ-წილად აუნაზღაურებელია.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, ოჯახში დამხმარედ უკვე სამი წელია მუშაობს. კვირაში სამჯერ, 500 კვ. მ ფართობის სახლს ალაგებს. მის მოვალეობაშია, სარეცხის დარეცხვა და დაუთოებაც. გვიყვება, რომ მისი დღიური შემოსავალი 60 ლარია, რაც გაწეული შრომის ადეკვატური არ არის.

„ სახლი, რომლის დალაგებაც მიწევს ძალიან დიდია. კარგი ხალხია და კარგად მექცევიან, თუმცა ანაზღაურება ცოტაა. იმდენი საქმის გაკეთება მიწევს, დღის ბოლოს აღარაფრის თავი მაქვს. ზოგჯერ არის, რომ მუშაობის დროს 10-15 წუთიც კი ვერ ვისვენებ, მთელი დღის განმავლობაში. საჭმელსაც ვერ ვჭამ ხშირ შემთხვევაში და მარტო ყავაზე ვარ ხოლმე. ყველა ოთახს ვალაგებ, ვრეცხავ სარეცხს, ვაუთავებ.. ფიზიკურად იმხელა სახლია და იმდენი რამეა მისახედი დრო არ მყოფნის, თან აუცილებლად უნდა მოვასწრო ყველაფერი.

არის მომენტი, როცა მიწევს იმაზე მეტხანს გაჩერებაც, ვიდრე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ანაზღაურებაზე ეს არ აისახება. ამ მხრივ, ძალიან გული მწყდება და დაუფასებლობის გრძნობა მიჩნდება, რა თქმა უნდა. მაგრამ, სხვა გზა არ მაქვს, რომ არ ვიმუშაო ვინ მომცემს ამ თანხას?! ამიტომ ამაზეც მადლობელი ვარ. სანამ შემიძლია და ჯანი მომყვება, ვიმუშავებ“ – გვიყვება 59 წლის ლელა კაპანაძე.

ჩვენს მეორე რესპონდენტს კი ძიძად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც, იგი აღნიშნავს, ამ ხნის განმავლობაში არაერთ ოჯახში მოუწია მუშაობა. თუმცა, მისი თქმით, არ შეხვედრია  ოჯახი, სადაც შრომა სათანადოდ დაუფასეს.

„სად არ მიმუშავია, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ის ანაზღაურება, რასაც მე ვიხარჯები. ამ ათი წლის განმავლობაში, ბევრი ოჯახი შევიცვალე და არ შემხვედრია ისეთი ოჯახი, რომ  ჩემი შრომა დაფასებულიყო. თავიდან ყოველთვის მივდივარ, რომ უნდა ვიყო მხოლოდ ძიძა, თუმცა ისე ხდება ხოლმე, რომ ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. ზოგს, სახლის დალაგება უნდება, ზოგს საჭმლის გაკეთება. თანხის გადახდა კი, არავის უნდა ზედმეტად.

ერთ-ერთ ოჯახთან მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მამუშავეს ზედმეტი დღეები, მაგრამ ანაზღაურება არ მომცეს, ამ დამატებითი სამუშაოსთვის. რეალურად, ვერც მოვთხოვე თანხის მოცემა, რადგან ოფიციალურად არ გვქონია შეთანხმება, მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება იყო. ამის, გამო მომიწია უთანხმოება და სამსახურიდან წამოსვლა.

ასევე პრობლემა შემექმნა პანდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო თვითდასაქმებულებს ერთჯერად დახმარებას აძლევდა. მე, ვერ ავიღე ეს დახმარება, არ მქონდა საბუთი და ვერ ვამტკიცებდი რომ რეალურად ვმუშაობდი“, – 50 წლის ნანა.

„ ძიძად ვმუშაობ  რამდენიმე წელია. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პანდემიის გამო დახმარებებს გასცემდა, ვერ მივიღე დახმარება, რადგან არ ვიყავი ოფიციალურად გაფორმებული. ხუთ თვეზე მეტი უმუშევარი ვიყავი და მძიმედ გავიარე ის დღეები, როგორც ემოციურად, ისე ფინანსურად.  სიმართლე გითხრათ, ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს და ანაზღაურებითაც კმაყოფილი ვარ, ამ ეტაპზე. შაბათ-კვირას ვისვენებ. სამუშაო დღეებში, ზოგჯერ კი მიწევს საღამოობით გვიანობამდე ყოფნა, მაგრამ მცირე დანამატს მაძლევენ ხოლმე“, – 47 წლის, ქეთინო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციას მივმართეთ. ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა, ნონა ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ოჯახში დასაქმებულების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, სწორედ შრომითი ხელშეკრულების უქონლობა წარმოადგენს.

„ პრობლემაა ის, რომ პრაქტიკულად ეს ადამიანები, რომლებიც ოჯახში დასაქმებულები არიან, რჩებიან შრომითი რეგულაციების მიღმა. 95%-ზე მეტს შრომითი ხელშეკრულება  საერთოდ არ გააჩნია. იმ შემთხვევაშიც, თუ გააჩნიათ ეს არის, სერვის კონტრაქტი. ძალიან რთულია, იგივე სტანდარტის და იგივე უფლებების გავრცელება მათზე, რაც ვრცელდება ჩვეულებრივ დასაქმებულებზე, რომლებიც კონტრაქტით, ორგანიზაციაში მუშაობენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც თან ახლავს სხვა საკითხებიც.

გარდა ამისა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო არის ჩვეულებრივი მოვლენა. პრინციპში, ეს არის პრობლემა საქართველოს შრომის ბაზარზე, მეტ-ნაკლებად ყველასთვის. მაგრამ, როგორც განსაკუთრებული პრობლემა ისე გამოიკვეთა, იმ კატეგორიის დასაქმებულებისთვის, რომლებიც ოჯახში მუშაობენ. ამ სფეროში, 82%  ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს“, – ნონა ბენდელიანი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ასევე გაგვაცნო ის მიდგომები, რომელთა შემუშავებასაც პრობლემის დაძლევის ხელშეწყობა შეუძლია.

„ პირდაპირი გზა, პრობლემების გადაჭრისკენ იქნება ან შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილება, ან სპეციალური რეგულაციების შემოღება, რომელიც  სამართლებრივად მოაწესრიგებს შრომის უფლებებს, დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის. რეკომენდაცია, რომელიც გაცემული იქნა და რა მხრივაც გააგრძელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობას, არის ის, რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ მობილიზაციას ოჯახში დასაქმებულების.

ეს, ერთ-ერთი საკითხია  და მთავარი პრობლემა, რომ ძალიან რთულია ამ ადამიანების თავშეყრა, იმიტომ რომ განცალკევებულ ადგილას მუშაობენ და სათითაოდ ერთი საერთო დამსაქმებელი არ ჰყავთ. უნდა, მოხდეს მობილიზაცია თვითონ მათ მიერ, საკუთარი ინტერესების კოლექტიურად ჩამოყალიბება და ადვოკატირება, რაც სამომავლოდ იმედია უფრო ადეკვატურ რეგულაციებამდე მიიყვანს ამ სფეროს“ ,- ნონა ბენდელიანი.

ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესახებ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა, ერთობლივი კვლევითი დოკუმენტი, რამდენიმე თვის წინ წარადგინეს.

კვლევის თანახმად,  ფაქტორები, რომლებიც  საქართველოში ოჯახში დასაქმებულებისთვის შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებს ქმნის, შეიძლება, ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოს:

  • არასაკმარისი და არაეფექტიანი სამართლებრივი დაცვა;
  • მოლაპარაკებაში ძალაუფლების ნაკლებობა;
  • საქმიანობის არაფორმალურობა;  
  • ცნობიერების ნაკლებობა მათი, როგორც დასაქმებულების, სამოქალაქო და შრომითი უფლებების შესახებ;

კვლევის  მიზანი გახლდათ, პოლიტიკურ დიალოგის ხელშეწყობა, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ. კონვენცია ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა, ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით