გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხით ლიდერი მუნიციპალიტეტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ამ დროისთვის არსებული ბოლო ანგარიშის თანახმად (2021 წელი) ქვეყნის მასშტაბით გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულით ლიდერი მუნიციპალიტეტი ფოთია.

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 81%-ი დაფიქსირდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რაც 20%-ით აღემატება 2019 წლის შეფასების საუკეთესო მაჩვენებელს. ასევე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი გაუმჯობესება, 55%-ით ზრდა, დაფიქსირდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.

ამასთან ერთად ფოთის თვითმმართველობაში, ბოლო ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა ელექტრონული მმართველობის ყველაზე მაღალი გაუმჯობესება  – 43%-ით.

ინდექსის შეფასების შედეგების მიხედვით, 2021 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა.

100%-იან შეფასების სკალაზე მას 70%-იანი შედეგი აქვს, რაც 9%-ით აღემატება 2019 წლის საუკეთესო შედეგის მქონე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ხოლო 20% აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგს – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს (50%).

ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან რუსთავის (66%), ლაგოდეხის (61%), ოზურგეთის (58%) და ზუგდიდის (55%) მუნიციპალიტეტები. შედეგების ყველაზე მკვეთრი, 46%-ით ზრდა ფიქსირდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. გაუმჯობესების მაჩვენებელი 10%-ზე მაღალია ბორჯომის, აბაშის, შუახევის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.

საკრებულოების შეფასების საშუალო მაჩვენებელი კი შეფასების 100%-იან სკალაზე 31%-ია, რაც 4%-ით აღემატება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების შეფასების საშუალო მაჩვენებელს. საკრებულოების შეფასების საშუალო მაჩვენებელი ფაქტობრივად ემთხვევა 2019 წლის მაჩვენებელს (31%). გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, საუკეთესო შედეგი ლაგოდეხის საკრებულომ აჩვენა – 79%, შემდეგ მოდის ქალაქ ფოთის (76%), ოზურგეთის (68%), თელავის (58%), ქალაქ რუსთავის (57%) და ზუგდიდის (57%) საკრებულოები. ყველაზე დაბალი შედეგები დაფიქსირდა ასპინძის (6%), ნინოწმინდის (6%), ადიგენის (6%), თერჯოლის (6%) და ქარელის (5%) საკრებულოების შემთხვევაში.

მოცემულ მომენტში გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულით ლიდერ მუნიციპალიტეტს ფოთს ასეთი შედეგები აქვს:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება  – 81%;

ელექტრონული მმართველობა  – 63%;

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება  – 43%;

განსხვავებით ქვეყნის არა ერთი თვითმმართველობისგან ფოთს ნაწილობრივ აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შპს-ებსა და აიპ-ებზე. კერძოდ, ფოთის მუნიციპალიტეტის ამ მიმართულების შედეგები ამგვარია:

ინფორმაცია იურიდიული პირების ხელმძღვანელების შესახებ – 60%

მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკონტაქტო ინფორმაცია – 60%

მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წლიური საქმიანობის და ფინანსური ანგარიში – 48%

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ – 36%

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დასაქმებულ პირთა შესახებ – 48%.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

2016-2017 წლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი. მისი მიზანია, საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების გზით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით