ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეფასება 13%-ია. ინდექსი შეისწავლის, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, ისე წარმომადგენლობით ორგანოს გამჭვირვალობას და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხს.

თვითმმართველობის ინდექსის ბოლო ანგარიშის თანახმად, ბოლნისის მერია 14%-ით, ხოლო საკრებულო 12%-ით ფასდება.

ინდექსი 101 კრიტერიუმს მოიცავს, რომელსაც სამი თემატური ბლოკი აერთიანებს.  ბოლო ანგარიშიდან ვიგებთ, რომ  ბოლნისის მერიის შეფასება ბლოკების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 15%;
  2. ელექტრონული მმართველობის – 22%;
  3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – 0%;

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის იმ ბლოკში, სადაც გაერთიანებულია ისეთი კრიტერიუმები, რაც მერიის საქმიანობის ანგარიშების წარდგენას და მუნიციპალიტეტის მართვაში, მოქალაქეთა ჩართულობას  უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ყველაზე დაბალი შეფასებებია შემდეგ ქვე-ბლოკებში:ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ – 0%; ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ – 0%; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ – 0%; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ – 0%;

დაბალი შეფასებებისა და არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ბოლნისმა პროექტის ფარგლებში – „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“ – მუშაობა უკვე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებისგან. ჯგუფის წევრები მუშაობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების გაუმჯობესების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. მათ სამუშაო პროცესში კონსულტირებას უწევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მერაბ ცინდელიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ამავე დროს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალენტინა ნავერიანი აღნიშნავს, რომ მათი პრიორიტეტი სწორედ გამჭვირვალობა და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებაა.

„ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კი საშუალებას გვაძლევს მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმი მეტად დავხვეწოთ და მერიის მიერ შემუშავებული სერვისები ჩვენს მოქალაქეებს ეფექტური გზებით მივაწოდოთ.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელი პირები. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ აქტიურად დაიწყო მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება და მასზე ყველა საჭირო ინფორმაციის განთავსება. ვებგვერდზე  უკვე შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა. ასევე „საჯარო ინფორმაციის“ ველში დაემატა ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და გამოცხადებული ტენდერების შესახებ. ვებგვერდზე მოქალაქეებს ასევე საშუალება აქვთ მერიაში არსებული ვაკანსიებისა და კონკურსების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია, მერიის სტრუქტურას დეტალურად გაეცნონ.

აღსანიშნავია, რომ საიტზე ასევე პერიოდულად განთავსდება  საჯარო ინფორმაციის რეესტრი და მოკლე ვადებში ვებგვერდზე სრულყოფილად გამოქვეყნდება  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებიც“ – განმარტავს  ვალენტინა ნავერიანი.

ნავერიანი ასევე საუბრობს, თუ რა გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად.

„ ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევთ მათი აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა პროექტი განახორციელონ. აღსანიშნავია, რომ პროექტების წარდგენა მოქალაქეებს Bolnisi.gov.ge-ს მეშვეობითაც შეეძლოთ.

ვებგვერდზე განახლდა მუნიციპალიტეტის სერვისების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი, საჯარო და კერძო სკოლების მონაცემები და ა.შ.  ბოლნისის მუნიციპალიტეტი მისი  სოციალური პროგრამებით უდავოდ გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სწორედ ამიტომ ოფიციალურ საიტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა მერიის მიერ  შემუშავებული სოციალური პროგრამა, სტიპენდია სტუდენტებისა და წარმატებული სპორტსმენებისთვის. აღნიშნულ პროგრამებს წლების მიხედვით დაემატა სტატისტიკა გენდერულ ჭრილშიც. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  მუშაობას აქტიურად აგრძელებს. ვებგვერდზე  Bolnisi.gov.ge მოცემული კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი ინფორმაციის დამატება ყოველდღიურად მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფში ინფორმაციების გაცვლა სისტემატურად ხდება, რაც ჩვენს საიტზე ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაში აისახება. ამ ეტაპზე, ვებგვერდის ტექნიკური კუთხით დახვეწა მიმდინარეობს და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი კიდევ უფრო მეტად ინფორმაციული გახდება“,- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით