„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რუსთავში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე (ვიდეო)

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით აკვირდება. ორგანიზაციის  დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.

„ რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ ბლოკნოტში იწერდა მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ზომები და დარღვევა აღმოფხვრა.

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, ამ შემთხვევაში – 100 მეტრის მოშორებით, გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ.

 

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის 83-ე, მე-5 და მე-8 საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებმა შენიშვნები შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში, რაც ეხებოდა რეგისტრატორების მიერ უბანზე მისული ამომრჩევლების რეგისტრაციის ნომრების ცალკე ფურცელზე მონიშვნას. დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდეს, დროულად აღკვეთილიყო დარღვევები, რის შემდეგაც რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრების ცალკე ფურცელზე მონიშვნა.

რეგისტრატორების მსგავს ქმედებას კონფლიქტი მოჰყვა რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის 74-ე საარჩევნო უბანთან, სადაც პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე დააკავა. საარჩევნო უბანზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის დამკვირვებელმა დარღვევის თაობაზე საჩივარი დაწერა. მასთან მხარდასაჭერად მივიდა გიორგი კაპანაძე, რომელიც უბნის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს“ – წერია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს განცხადებაში.

 

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  მონიტორინგ პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით.