QvemoQartli.ge – ლაზარეს და ყველა „განსხვავებულობისთვის“ დევნილს

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, რეგიონში მოქმედი პატარა გუნდით მომუშავე ორგანიზაციაა. ჩვენთვის ის რაც დღეს ლაზარეს თავს ხდება, არ არის უჩვეულო ამბავი. იმ წლების განმავლობაში რაც ვმუშაობთ, არაერთი ადამიანის ისტორია მოვისმინეთ, რომლებიც იდევნებოდნენ „განსხვავებულობის“ გამო. ჩვენ ამ ისტორიების ნახევარზე-მეტიც არ მოგვიყოლია თქვენთვის, რადგან ამ ადამიანებს ეშინოდათ და ჩვენც გვეშინოდა, უფრო მეტი ზიანი არ მოგვეტანა მათთვის.

ახლა როდესაც ლაზარეს ვხედავთ სასამართლო დარბაზში, დიდი კეთილი თვალებით, დაბნეულს და გაურკვევლობაში აღმოჩენილს, ვხედავთ ახალგაზრდას, რომელიც ისჯება „განსხვავებულობის“ გამო. იმიტომ რომ არ იყო ისე ჩუმად, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთათვის იყო მისაღები, იმიტომ რომ არ ეცვა და არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ეს მორალის პოლიციისთვის იყო მისაღები.

თქვენ ვინც მის განსხვავებულობას იწუნებთ, გთხოვთ, დაიხედეთ თქვენს სამოსზე. კარგად დაფიქრდით, შემთხვევით ჩვენგან რიგითი ადამიანებისგან მოპარული ფულით, ხომ არ ხართ ასე ელეგანტურად შემოსილები?! შემთხვევით იმ ფულით, ხომ არ გამოიყურებით კარგად, ჩვენი განათლების სისტემა, რომ უნდა განევითარებინა?! ან იმ ფულით, ხომ არა, რომლითაც უსაფრთხოება უნდა შეეძინა ქვეყანას და რომლის წყალობითაც სკვერში, თუ სკოლაში წასული ბავშვი, აუცილებლად, ცოცხალი და უვნებელი უნდა დაბრუნებოდა ოჯახს?!

ლაზარე, ჩვენთვის ახალი თაობის და საქართველოს ნანატრი თავისუფლების სიმბოლოა.

პატივცემულებო, თავისუფლებას გალიაში ვერ ჩასვამთ, მას ბევრი მეგობარი ჰყავს..

ქვემო ქართლის მედია –  QvemoQartli.ge