CENN-ის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი სოციალური სერვისები იქმნება

მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შექმნა, ჩვენი ქვეყნის, არაერთი მუნიციპალიტეტისთვის არის გამოწვევა. წლების განმავლობაში, თვითმმართველობები აქცენტს ერთჯერად დახმარებებზე აკეთებდნენ, რასაც არსებითი ცვლილებების მოტანა არ შეეძლო მოსარგებლეებისთვის. სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მზურველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები და სხვა ჯგუფები – მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გარეშე რჩებოდნენ. აქ, წარსული დროის გამოყენება, შესაძლოა არც იყოს სწორი, რადგან ეს პრობლემა კვლავ ძალაშია და მუშაობა საკითხზე, არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო.

გამოწვევის დასაძლევად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სამოქალაქო სექტორმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დაიწყო.

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის მიერ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში  პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ხორციელდება. 2022 წელს დაწყებულმა პროექტმა ქვემო ქართლის 6  (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის 2  (ახალციხე, ნინოწმინდა) მუნიციპალიტეტი მოიცვა.

რეგიონებში არსებული სოციალური პროგრამების გაუმჯობესებისთვის და ასევე, ახალი სოციალური სერვისების დანერგვისთვის – მრავალაქტორულმა ჯგუფებმა იმუშავეს.

პროცესი, ორგანიზაციამ CENN-მა წარმართა.

„ პროექტს რამდენიმე კომპონენტი აქვს, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების სამოქალაქო ჩართულობისთვის, ახალგაზრდების განვითარებისთვის სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის და ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობით არსებული სოციალური პროგრამების განვითარებისთვის,  საჭიროებაზე მორგებული ახალი სოციალური პროგრამების დანერგვისთვის. ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანად რეგიონული განვითარების ჭრილში და რაც ყველაზე მთავარია, ღია და დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად . პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარი მიმწოდებლის, მხარდაჭერით, ხელს უწყობს საზოგადოების დამოუკიდებელ ეკონომიკურ განვითარებას და მედეგობას,“ – CENN-ის პროექტის კოორდინატორი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მარიკო წიქორიძე.

ინიციატივის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებმა სოციალური პროგრამების დიზაინი  „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“-ს (CSRDG) ექსპერტებთან აქტიური  თანამშრომლობით შეიმუშავეს. მის დანერგვასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა კი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

CSRDG-ის სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ტატანაშვილი მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს:

„ მუნიციპალიტეტებში შექმნილი იყო მრავალაქტორული ჯგუფები, რომლებიც ირჩევდნენ პრიორიტეტებს ობიექტურად გაზომვად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. შერჩევისას გათვალისწინებული იყო როგორც პროგრამის პოტენციური მოსარგებლეების რაოდენობა, ისე საჭიროებების ინტენსივობა და პროგრამის ადგილზე განხორციელების რეალისტურობა. ჩვენ ვეცადეთ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებისთვის ექსპერტული მხარდაჭერა გაგვეწია ისეთი პროგრამების შექმნაში, რომელიც იყო მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. ეს შედეგი კი მოსარგებლეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების პროგრამებში ჩადებულია შინაარსობრივი მონიტორინგის სისტემები, რომლებიც ზომავენ პროცესებს, შედეგს და პროგრამის მოსარგებლეების კმაყოფილებას. ასეთი სისტემით შეფასების გამოცდილება სიახლე და ახალი გამოცდილება იქნება მუნიციპალიტეტებისთვის,“ – ზურაბ ტატანაშვილი, CSRDG.

თეთრიწყაროს თვითმმართველობა

სოციალური სერვისის დანერგვაზე მუშაობენ  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. აქ, “ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური ქვეპროგრამა” დაინერგება, რომლის საერთო ბიუჯეტი 104 480 ლარია. აღნიშნული პროგრამით  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვები ისარგებლებენ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი შერჩეული სოციალური პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ ადრეული ასაკი 0-7 წ უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. სწორი და დროული ჩარევის შემთხვევაში (0-3) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში 30%-ში დიაგნოზი იხსნება. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს ადრეული ასაკის ბავშვების პოტენციალის სრულად გამოვლენას, განვითარების ეტაპების დარღვევის დროულ იდენტიფიცირებას და მათ პროგრამაში ჩართვას,“ – ლია ზურებიანი თეთრიწყაროს მერია.

დმანისის თვითმმართველობა

პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებს შორისაა  დმანისი.   ინიციატივის ფარგლებში, 2024 წლიდან  დმანისში დაიწყება ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, რომელიც განხორციელდება ქალების დასაქმების-სამეწარმეო უნარების  და გენდერული ცნობიერების ამაღლების გზით. პროგრამის ბიუჯეტი 20 000 ლარია.

დმანისის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სამსახურის  ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე პროგრამის სამიზნე ჯგუფებზე საუბრობს :

„ პროგრამა ხელს შეუწყობს ქალთა აქტივობის გაზრდას, მათ სწავლებას, მათი ბიზნეს გეგმების დაფინანსებას. გაზრდის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რაც შემდგომი პირობაა მათი ფინანასური გაძლიერების. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, რომელთაც არ აქვთ ბიზნესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სოციალურად დაუცველ  (ოჯახის სარეიტინგო ქულა – 150 001-ზე ნაკლები), იძულებით გადაადგილებულ  (დევნილი), ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალებს,  მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედებს. ვიმედოვნებთ ქალთა აქტივობას და კარგი შედეგების დადებას,“ – მეგი ედიბერიძე, დმანისის მერია.

წალკის თვითმმართველობა

წალკის მუნიციპალიტეტი მუშაობს სოციალურ პროგრამაზე, რომელიც იმ ოჯახების ეკონომიკური და სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს, სადაც მშობლები/მზრუნველები მარტო ზრუნავენ ბავშვებზე ან ყავთ შშმ ბავშვები.

წალკის მერის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძის განცახდებით: „პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსარგებლის საჭიროებისა და მისი ძლიერი მხარეების შეფასება. გაიწერება შესაბამისი ინდივიდუალური მომსახურების გეგმა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საქმიანობებს თვითდასაქმების, დასაქმების, პროფესიული ცოდნის და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით და დასაქმება/გადამზადების პროგრამის ეფექტურად განსახორციელებლად. ასევე ბავშვზე ზრუნვის მხარდამჭერ მომსახურებას (ნახევარი ან სრული სამუშაო დღით ასაკის შესაბამისად). პროგრამის ფარგლებში მნიშნელოვანი იქნება მოსარგებლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობით,“ – ანზორ ხინიკაძე,  წალკის მერია.

გარდაბნის თვითმმართველობა

უფროსი თაობის სოციალიზაციის პროგრამაზე მუშაობს გარდაბნის მუნიციპალიტეტი. გარდაბნის თვითმმართველობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ჯაბა დვალიძის განცხადებით,  პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 18 აგვისტოს, მერის  ბრძანებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აღნიშნული პროგარმა შეიმუშავა. მისივე თქმით, პროგრამის პროექტი სხვა სოციალური პროგრამებთან ერთად ა/წ დეკემბრის თვეში გავა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

დამტკიცების შემთხვევაში კი პროგრამის ამუშავების პროცედურები დაიწყება, 2024 წლის იანვრიდან.

პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგეს.

„  აღნიშნული პროგრამის მიზანი არის უფროსი თაობის  ადამიანების სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა. გაეზარდოთ ხელმისაწვდომობა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებზე. გაუმჯობესდეს მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.  გაიზარდოს საზოგადოების და თავად უფროსი თაობის ადამიანების მიერ საკუთარი როლისა და  მნიშვნელოვნების განცდა; შეიძინონ საკუთარი უფლებების დაცვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები (ძალადობა, სოციალიზაცია, ქონების და პენსიის განკარგვა, მონაწილეობა/ჩართულობა და ა.შ.)  ჩაერთონ მათთვის საინტერესო სასწავლო, სოციალურ-კულტურულ და შემოსავლის მომტან აქტივობებში. მაგალითად,  ნამუშევრების გაყიდვა და სხვა სახის აქტივობები, ’’ – ჯაბა დვალიძე, გარდაბნის მერია.

მარნეულის თვითმმართველობა

პროექტში,  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“  ჩართულია მარნეულის  მუნიციპალიტეტიც.  მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა შუბითიძის განცხადებით, ისინიც  მუშაობენ სოციალური მიმართულებით.

ბოლნისის თვითმმართველობა

მარნეულისგან განსხვავებული ვითარებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აქ, უკვე ახალი კონკრეტული პროგრამა შეიქმნა, თავისი განსაზღვრული ბიუჯეტით.

საჭიროებაზე მორგებული ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების  პროგრამაზე მუშაობს ბოლნისის თვითმმართველობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის  ლელა კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა გულისხმობს 16-29 წლის ახალგაზრდების თვითრეალიზაციის და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების განხორციელების ხელშეწყობას.  პროგრამის  განსახორციელებლად განსაზღვრულია 100 000 ლარი.

„ ეს პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგანაც ახალგაზრდობა არის მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი განათლება, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ახალი ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეტად უფრო რეალიზებულები და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ” – ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის მერია

შეგახსენებთ, რომ CENN-ის პროექტი მონაწილეობითი დემოკრატიის პრაქტიკების  ადგილობრივ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ეფექტური ადვოკატირება გაუწიონ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობას, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და ბავშვთა ინტერესებს (კონკრეტული აქცენტით წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WaSH) და ჯანმრთელობაზე, როგორც ადამიანის უფლებაზე) და ხელი შეუწყონ არსებით და ინკლუზიურ მონაწილეობას COVID-19-ის შემდგომი ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  შექმნილია სათემო მექანიზმები, რომლებიც აძლიერებს ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პოსტ-პანდემიური გამოწვევების საპასუხო სოციალური

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ადმინისტრირებას უწევს 22 ქვეპროგრამას.

2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს 8 სოციალური პროგრამა აქვს, რომლის შესასრულებლადაც ბიუჯეტიდან 2 705 000 ლარია გამოყოფილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დაიხარჯა.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022  წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მიხედვით  წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა 553 000 ლარითაა დაფინანსებული  ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

2021 დმანისის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში განხორციელდა 7 სოციალური პროგრამა.  მიმდინარე წელს კი 16 სოციალური პროგრამა ხორციელდება.

20-მდე სოციალური პროგრამა ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მიხედვით 2022 წლის ბიუჯეტის ,,ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან გაიხარჯა 572 600 ლარი.

აღსანიშნავია, რომ CENN-ის პროექტის ფარგლებში, სანამ ახალ სოციალურ პროგრამებზე  დაიწყებოდა მუშაობა, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებული სოციალური სერვისები 21 კრიტერიუმით შეფასდა.

„ სანამ ახალ პროგრამებზე დავიწყებდით მუშაობას, გავაანალიზეთ ექვსი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების პროგრამები, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტები განსაზღვრავს თუ რამდენად ითვალისწინებს მუნიციპალიტეტი ისეთ საკითხებს პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისას, როგორიცაა მაგალითად: გამჭვირვალობა, მონაწილეობა, ღირსება, საჭიროებების და ძლიერი მხარეების განსაზღვრა, სამართლიანობა, ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა და ა.შ. ჩვენ მიერ მოხდა აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მუნიციპალური პროგრამების გაუმჯობესების შეთავაზება. თვითმმართველობების ნაწილმა აღნიშნული შეთავაზებები უკვე გაითვალისწინეს სამომავლო პროგრამებში, შესაბამისად, სამომავლო პროგრამები უფრო მიახლოებული იქნება უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომასთან, თუმცა ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. როგორც არსებული პროგრამების, ისე ახალი პროგრამების უკეთესად განხორციელებას და შეფასებას დასჭირდება მიმდინარე პროფესიული მხარდაჭერა, რადგან 2024 წელი იქნება ახალი მიდგომების პილოტირების პირველი წელი, “ – ზურაბ ტატანაშვილი, CSRDG.

 

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.