რა ვიცით „მეგობარი“ აქტის შესახებ
აშშ-ს კონგრესში საქართველოს შესახებ კანონპროექტი 4 იანვარს დააინიცირეს. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მეგობარი აქტი კონგრესის პირველივე სხდომაზე ხელახლა წარადგინა.
„დღეს კონგრესმენ კოენთან, ჰადსონთან და ვიზისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ მეგობარი აქტი 119-ე კონგრესში – H.R. 36. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დავასრულოთ ქართული კოშმარი და შევაწყვეტინოთ აგრესორებს ტერორი ქართველ ხალხზე”, – წერდა უილსონი X-ზე.
აშშ-ის რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა 4 იანვარს დაიწყო და საქართველოს შესახებ კანონპროექტების ინიციირება პირველივე სხდომაზე მოხდა.
ამასთან, უილსონმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და მეგობარი აქტით, ქართული კოშმარის არაღიარების აქტით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას. ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას”, – განაცხადა უილსონმა.
Fox News წერს, რომ მათ მოიპოვეს კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას საკვანძო პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც არიან პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული კანონის ადვოკატირების, მიღებისა და პოტენციურად მის ამოქმედებაში.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ეხება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას ისევე როგორც ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში ან მუშაობენ მისთვის ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.
გარდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისა, კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოში ისევე როგორც შეისწავლოს რუსული გავლენა ქვეყანაში:
„არაუგვიანეს 90 დღისა „მეგობარი“ აქტის მიღებიდან, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით უნდა წარმოუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ,“ — წერია დოკუმენტში.
„მეგობარი“ აქტს ეხმაურება ჰელსინკის კომისიაც.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის მხარდამჭერ პოსტს აზიარებს.
“ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მაშინ, როცა ისინი მუშაობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების შესრულებაზე. “მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. მოუთმენლად ველოდებით მის გატარებას თეთრსახლში”, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.