საქართველოდან ნატოლინამდე: ბარბარე ოქროპირიძის ტრანსფორმაციული გზა

„ევროპის კოლეჯი ნატოლინში იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ადგილი, სადაც ვსწავლობდი. სწორედ აქ,  ხელახლა აღმოვაჩინე ჩემი პოტენციალი გრძელვადიანი ცვლილების განსახორციელებლად“, – გვიზიარებს ბარბარე ოქროპირიძე, ევროპის კოლეჯის 2022 წლის კურსდამთავრებული.

მიზანი, როგორც ყველაფრის საწყისი

ბარბარეს ამბავი იწყება საქართველოში. სწორედ აქ განვლილმა აკადემიურმა და პროფესიულმა გზამ განაპირობა მისი მისწრაფება ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართ. ბარბარე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სადაც მან წარჩინებით მიიღო სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები. იგი ასევე არის ვიშეგრადის პოლიტიკური სწავლების სკოლის ევროპის დიპლომატიის აკადემიის კურსდამთავრებული.

„საქართველოში არჩევნების, სამოქალაქო ჩართულობისა და პოლიტიკის გავლენების შესახებ მუშაობამ მასწავლა, რომ ცვლილებების მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ ძლიერ სურვილს, არამედ იმ სისტემებისა და პოლიტიკის სიღრმისეულ გაგებას, რომლებიც ქმნიან ჩვენს სამყაროს.” –  ამბობს ბარბარე.

კურსდამთავრებულებისა და, განსაკუთრებით კი, უკრაინელი და პოლონელი მეგობრების შეგულიანებით, ბარბარემ განაცხადი შეიტანა EU4Youth სტიპენდიაზე ევროპის კოლეჯში სასწავლებლად. ფიქრობდა, რომ ეს იდეალური პლატფორმა იყო ევროპული პოლიტიკის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად: „COVID-19-ის პანდემიის პერიოდმაც საშუალება მომცა დავფიქრებულიყავი ჩემს კარიერაზე და, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე პროფესიული გზა უფრო მეტად ევროპაზე ფოკუსირებული გამეხადა”. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან 10 თვით სხვა ქვეყანაში წასვლა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, ბარბარეს ამ შესაძლებლობის გამოყენება სურდა: „ორი ჩემოდნითა და მისწრაფებებით სავსე, მზად ვიყავი ჩემი ცხოვრების ახალი თავი დამეწყო.”

ნატოლინი: მრავალმხრივი ზრდის შესაძლებლობა

ბარბარე ნატოლინში გატარებულ დროს აღწერს როგორც ტრანსფორმაციულს: „ეს იყო ნამდვილად მრავლისმომცველი გამოცდილება, რომელიც მომთხოვნ აკადემიურ განათლებას უზომოდ მრავალფეროვან სოციალურ გარემოსთან აერთიანებდა.”

EU4Youth სტიპენდიამ ბარბარეს საშუალება მისცა გაეღრმავებინა ცოდნა ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების შესახებ, რაც დაგვირგვინდა კვლევითი ნაშრომით „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მედიაციის პროცესებში: გლობალური გამოცდილებიდან ნასწავლი გაკვეთილები”. პროფესიული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის შერწყმით, ეს პროექტი მისი აკადემიური გზის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად იქცა.

გარდა სწავლისა, ბარბარემ ეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენა კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის: „ბრიუსელსა და ლუქსემბურგში სასწავლო ვიზიტის დროს ვლოგის შექმნა, ფოტოგრაფიულ კონკურსებში ჩართულობა და სხვა მონაწილეებთან ერთად ქართული კულტურის დღის ორგანიზება დამეხმარა განმევითარებინა კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარები და უკეთ გამეცნო სხვადასხვა პერსპექტივა. ამასთან, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ევროპის წამყვან ექსპერტებს და მათგან მიმეღო სიღრმისეული ცოდნა მედიაციისა და მოლაპარაკებების პრაქტიკის შესახებ,” – იხსენებს ბარბარე.

ნატოლინში შეძენილი მეგობრები და ურთიერთობები ბარბარესთვის არანაკლებ ტრანსფორმაციული იყო: „შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი მიღწევა იყო სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ადამიანებთან ისეთი მეგობრული ურთიერთობის დამყარება, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს, რადგან ჩვენ ყველას ურთიერთგაგება და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს”.

ცვლილებებში მონაწილეობა: ცხოვრება სწავლის დასრულების შემდგომ

სწავლის დასრულების შემდგომ ბარბარეს გზა ისევ ევროპის კოლეჯს დაუკავშირდა, ამჯერად აღმასრულებელი განათლების გუნდის წევრად. ამ პოზიციაზე, იგი ჩართულია აღმასრულებელი განათლების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს პროგრამები ფოკუსირებულია ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორებიცაა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, მიგრაცია და საზღვრის მართვა. ეს საქმიანობა ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ ნატოლინში, ევროპული და ტრანსნაციონალური მართვის ქსელის ფარგლებში.

მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიისთვის ნატოლინის სასაზღვრო მოდულის კოორდინირება. მოდული მოიცავს საველე ვიზიტებსა და ინტერაქტიურ სესიებს, რომლებიც ახალგაზრდა ევროკავშირის საშუალებას აძლევს გაეცნონ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, განსაკუთრებით კი იმ საკითხებს, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრებს უკავშირდება.

ეს საქმიანობა ბარბარეს შესაძლებლობას აძლევს წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს მომავლის ლიდერებს ევროპის რთული გეოპოლიტიკური სურათის უკეთ გააზრებაში.

საჯარო მოხელეებისთვის სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ბარბარე თავის გუნდთან ერთად ხელს უწყობს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას: „დიდი პატივია იყო ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი, მხარი დაუჭირო ქვეყნებს, რომლებიც ესწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებას და შეგეძლოს უშუალოდ დააკვირდე მათი პროგრესის გზას,”  – აღნიშნავს იგი.

მომავლის ლიდერთა შთაგონება

ბარბარე EU4Youth სტიპენდიას, რომელიც EU4Youth პროგრამის ნაწილია, თავისი პროფესიული გზის გარდამტეხ მომენტად აფასებს.

ახალგაზრდებს, რომლებიც ოცნებობენ EU4Youth-ის მსგავსი სტიპენდიის მოპოვებაზე, ბარბარე ასეთ რჩევას აძლევს: „ამ შესაძლებლობას მიზანმიმართულად მიუდექით. ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ევროპის კოლეჯი, მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები კი არ არის, არამედ უნიკალური პლატფორმებია პიროვნული ზრდისა და იმგვარი გარდაქმნისთვის, რომელიც, პროგრამის დასრულების შემდეგაც, გრძელვადიანად გააძლიერებს საზოგადოებებს.”

ბარბარე ოქროპირიძის ამბავი ზუსტად წარმოაჩენს EU4Youth პროგრამის მნიშვნელობას და ნათლად ასახავს, თუ როგორ შეუძლია განათლებასა და მიზანდასახულობას რეალური ცვლილებების მოხდენა. საქართველოდან დაწყებული და პოლონეთში მისი დღევანდელ საქმიანობით გაგრძელებული, ბარბარე კვლავ ახერხებს დაბრკოლებების გადალახვასა და უკეთესი ევროპის შექმნაში წვლილის შეტანას. ამასთან, ცდილობს სხვებსაც მისცეს მოტივაცია, რომ იგივე გააკეთონ.

EU4Youth ფაზა III ახალგაზრდული დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხორციელდება ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტოს (CPVA) მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. პროგრამა გაგრძელდება 2025 წლის შუა რიცხვებამდე და მიზნად ისახავს ტექნიკური დახმარების გაწევას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდულ უმუშევრობასთან საბრძოლველად და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4Youth პროგრამა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.