ადგილობრივი და ცენტრალური უწყებები საჯარო ინფორმაციის წერილების 41%–ს არ პასუხობენ – მონიტორინგის შედეგები

„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის ძირითადი მიგნებების თანახმად:

  • სამართლებრივი ვალდებულების მიუხედავად ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციის წერილების 41% არ პასუხობენ საერთოდ, ან კანონით დადგენილ ვადების დარღვევით პასუხობენ – 18%.
  • მთლიანობაში, ცენტრალურ და ადგილობრივ უწყებები შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი.
  • ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე პასუხს ვადის გადაცილებით სცემენ.
  • ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს, – 19%.
  • ადგილობრივი უწყებები უპასუხოდ ტოვებენ მოთხოვნათა 38%-ს, ხოლო ვადაგადაცილებით სცემენ პასუხს 20%-ს.
  • ადგილობრივი უწყებების მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი მხოლოდ 28%-ს.
  • საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი – 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა – მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ცენტრალური და ადგილობრივი უწყებების მხრიდან, აფერხებს საჯარო ზედამხედველობასა და ანგარიშვალდებულებას.

„სახელმწიფო უწყებების მიერ, მედიისა და მოქალაქეების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ინფორმაციის არმიწოდება სერიოზული შეშფოთებისა საფუძველია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად ახდენს ზეგავლენას სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის დაკარგვაზე, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის დემოკრატიას და მოქალაქეების დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. ანგარიშვალდებულების პრინციპის უგულებელყოფა ზღუდავს ჟურნალისტების და მოქალაქეების შესაძლებლობას აკონტროლონ ხელისუფლების საქმიანობა. გამჭვირვალობის ნაკლებობამ შეიძლება შექმნას კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნოყიერი ნიადაგი. ყოველივე ეს არღვევს როგორც კანონმდებლობას, მოქალაქეთა და მედიის უფლებებს, ასევე აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაა“- წერია მონიტორინგის დასკვნაში.

QvemoQartli.ge