„ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის დელეგატები და ადგილობრივი თვითმმართველობა

არჩევნების სამართლიანად ჩატარება სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხსაც ეხება. შესაბამისად, წინასაარჩევნო და არჩევნებამდე უახლოეს თვეებში წარმართული ყველა საჯარო პროცესი საყურადღებოა.

რამდენიე დღის წინ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, „ქართული ოცნების“ 22 დელეგატი წარადგინა ამდენივე ოლქში. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში.

„ქართული ოცნების“ დელეგატები ქვემო ქართლში არიან:

ირაკლი შატაკიშვილი, ზაურ დარგალი და  დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი).

დელეგატად დასახელებული ორივე მაჟორიტარი ირაკლი შატაკიშვილი და ზაურ დარგალი „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატები არიან. 

რუსთავში (მე-7 მიკრორაიონში) ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრას, ქალაქის მერთან ერთად, მაჟორიტარი ირაკლი შატაკიშვილიც დაესწრო. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ მედიაში 16 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„ახალი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას  ადგილზე გააცნეს“ – რუსთავის მერია.

დავით შერაზადიშვილი – ბოლნისის მერი, “ქართული ოცნების” დელეგატი

სახალხო დღესასწაულ მანგლისობას კი უკვე მერის და „ქართული ოცნების“ დელეგატის სტატუსით  დაესწრო და სცენაზეც მიიპატიჟეს ბოლნისის მოქმედი მერი, დავით შერაზადიშვილი.

რუსთავის მერიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში თეთრიწყაროს მერიის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში, შერაზადიშვილი დელეგატადაც მოიხსენია.

„საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, ადგილზე მისულ სტუმრებს, მანგლისობის სახალხო დღესასწაული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, თეთრიწყარო ბოლნისი დმანისი წალკის დელეგატმა,  დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს“ – თეთრიწყაროს მერია.

თვითმმართველობები ამ დროისთვის, ქვემო ქართლში, „ქართული ოცნების“  მხარდაჭერილი მერებით და საკრებულოს უმრავლესობით არის დაკომპლექტებული.

QvemoQartli.ge