გარემოსდაცვითი ცნობიერება და არაფორმალური განათლების კლუბი

ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მარკეტინგის სამყაროში, წიგნიერებასა და მედიაწიგნიერებაზე, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე, ანალიტიკური აზროვნებისა და ცოდნის ტრანსფერის – პრაქტიკული ცოდნის მიღების – უპირატესობაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და სოციოკულტურულ სივრცეში, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მეთოდოლოგიური მიდგომებით გავრცელებული განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდა ინდივიდების თვითგანვითარებისა და თვითშემეცნების, საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრისა და საზოგადოების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის (Embrace Tsalka) – ეს წალკაა – მიერ განხორციელებული პროექტის („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) ფარგლებში, სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „გარემოს დამცველთა“ კლუბი. ჩატარდა ორი შეხვედრა: პროექტის გახსნა და საერთაშორისო პროექტები და კომპეტენციები; გაიმართა სოციალური საღამო თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. მას მხარი დაუჭირა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციის სამინისტრომ. ამდენად, წალკის მუნიციპალიტეტში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდების ინტეგრაციის გაუმჯობესების, მათი ცნობიერების ამაღლებისა და სათანადო ცოდნის მიღების მიზნით, შემუშავდა არაფორმალური განათლების კურიკულუმი და შეირჩა ორი (წალკის N 1 და ბარეთის) საჯარო სკოლა, სადაც დაინერგა აღნიშნული კურიკულუმი და განხორციელდა მისი იმპლემენტაცია.

„ბერძნების მიგრაციის შემდეგ, ქვეყანაში არსებული ძალიან ბევრი პრობლემის გამო, წალკის მუნიციპალიტეტის განვითარება ძალიან შეფერხდა და, ჩვენ, სწორედ, იმ პერიოდში მოგვიწია სკოლის გახსნა. 2002 წელს გავხსენით ქართული სკოლა, ამიტომ, მართალია, ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორია აქვს ჩვენს სკოლას. კონკრეტულად ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემებია, იყო და არის და აი, ასეთ დროს, ჩვენი სკოლის მისია და ხედვა იყო ისეთი, რომ, ფორმალურ განათლებასთან ერთად, სკოლაში აუცილებად უნდა დანერგილიყო არაფორმალური განათლება და დემოკრატიის კულტურა. მითუმეტეს, სკოლას არა აქვს დიდი ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე, თავისი ხარჯებით ვერ ახერხებს ყველა საჭიროების სათანადოდ დაკმაყოფილებას. ამ პროექტში ჩართვაში ხელი შემიწყო იმ გარემოებამაც, რომ წალკის ადგილობივი განვითარების ლაგ ჯგუფის წევრი ვარ და როგორც კი ხელჩასაჭიდი რამე გამოჩნდება, მითუმეტეს, მათი მხრიდან საინტერესო იდეა და შემოთავაზება, ბუნებრივია, ხელიდან არ ვუშვებთ ასეთ შესაძლებლობას. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენს უმთავრეს მიზანს არაფორმალური განათლების დანერგვის გაძლიერება წარმოადგენს – მითუმეტეს – გარემოსდაცვის მიმართულებით“  – ნინო წიფიანი, ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებული პროექტი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და მდგრადი განვითარებისთვის მათი ლიდერობის მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობასა და განათლებული მომავალი თაობის როლს ეკოლოგიურად შეგნებული, დემოკრატიულ პრინციპებზე მოაზროვნე, ტოლერანტი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირების პროცესში. პროექტი კიდევ ერთხელ გამოკვეთს მწვანე ბანაკების, გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული კამპანიებისა და სასკოლო კლუბების დანერგვა–განვითარების მნიშვნელობას, ვინაიდან, არაფორმალური განათლების ინტეგრირებით, საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს პროფესიული თვითრეალიზაციისთვის ამზადებს. პროექტის უმთავრეს მიზანს ინკლუზიური და მდგრადი პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს, რასაც შედეგად მოსდევს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება; გარემოსადმი მათი ჯანსაღი (მეგობრული) ქცევითი კულტურის ჩამოყალიბება; სოციალური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.

წალკის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო (წალკის N 1 და ბარეთის) სკოლაში ორგანიზებულ არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბში განხორციელებული აქტივობების ფონზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა არაფორმალური განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის, იდეური არსი და მისი ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა: ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ მოპოვება; ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა; მათთვის საჭირო კომპეტენციის მიწოდების უზრუნველყოფა; ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოება; შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით, ბავშვებისა და მოზარდების სოციუმში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბება–განვითარება. სასკოლო კლუბის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირები გამოკვეთს არაფორმალური განათლების იმ უპირატეს ასპექტს, რომლის თანახმადაც მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს, მეგობრებთან ერთად იკვლიოს სასურველი საკითხები; განახორციელოს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, სასწავლო პროცესისადმი მათ დადებით დამოკიდებულებას, სწავლის სურვილსა და შინაგან მოტივაციას. შესაბამისად, არაფორმალური განათლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა–სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული, საკომუნიკაციო და სოციოკულტურული უნარების განვითარებას, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური, მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებსა და მათ ინტერესებზე მორგებული განათლების გავრცელების შესაძლებლობას გვთავაზობს.

წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტი („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გარემოებას, რომ, სწორედ, განათლების საშუალებით ყალიბდება ის ღირებულებები და უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ინკლუზიური ზრდა–განვითარებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ამდენად, აღნიშნულმა პროექტმა ცხადყო ადგილობრივების მიერ ცოდნის, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ფლობის აუცილებლობა იმისათვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი წვლილის შეტანა მდგრად განვითარებაში, რისი მიღწევაც წარმოუდგენელია ხარისხიანი განათლების გარეშე.  შესაბამისად, მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივთათვის კომპლექსური სამყაროს სწორ აღქმაში დახმარება, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა, საკუთარი მოსაზრებების კონსტრუქციული გზებით გამოხატვა და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობით, როგორებიცაა: თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, თავდაჯერებულობისა და პრობლემის გადაჭრილს კომპეტენცია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გვიჩვენებს მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი განათლების არსს, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისა და სტუდენტების, ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობებით აღჭურვასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მოტივირებას – მაღალი ცნობიერების მქონე ინდივიდებად, რომლებიც იქნებიან ქმედითუნარიანნი და საკუთარ წვლილს შეიტანენ მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლების დირექტორები გამოხატავენ მსგავს პროექტებში თავიანთი სკოლების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პედაგოგების აქტიურ ჩართულობას, სურვილსა და ინტერესს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი წვლილი ეთმობა მათ სასწავლო პროცესში, ვინაიდან, 2004–2005 წლებიდან დაწყებული, ისინი მონაწილეობდნენ არაერთ პროგრამასა და აქტივობებში, უკვე ჰქონდათ ეკოკლუბი და აცხადებდნენ ღიაობას ყოველგვარი თანამშრომლობისთვის, რადგან არაფორმალური განათლების ხელშეწყობას მოსწავლეების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდნენ. როგორც სკოლის დირექტორები და პროექტში ჩართული ლიდერი პედაგოგები აღნიშნავენ, პროექტსა და აქტივობებში მონაწილე 15–20 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ეთნიკური თვალსაზრისით და დაბალანსებული გენდერული კუთხით. მართალია, პროექტში ჩართულნი იყვნენ, ძირითადად, საშუალო და საბაზო, თუმცა აქტივობების შესრულებაში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კლუბის წევრები  სკოლის ადმინისტრაციამ შეარჩია, თუმცა შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი მათი ინტერესი, მოტივაცია, ღიაობა, მზაობა და პიროვნულ/აკადემიური უნარები გახლდათ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისთვის განსაზღვრულ, კალენდრით წინასწარ გაწერილ შეხვედრებს ლიდერი პედაგოგები უძღვებოდნენ – დირექტორების უშუალო მონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით. პირველ შეხვედრაზე პედაგოგებმა იმსჯელეს პროექტის შესახებ, გაუზიარეს მოსწავლეებს ზოგადი ინფორმაცია, შემდეგ კი მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრები, როგორც წესი,  1 საათი (1.30 წუთი) გრძელდებოდა და ყოველ განხორციელებულ ღონისძიებასა თუ აქტივობას, პროექტის დაწყებასა და დასრულებას მოსდევდა განვლილი გზის გაანალიზება – სუსტი და ძლიერი მხარეების გამოყოფა, ერთობლივი მსჯელობა და მოსწავლეთა მხრიდან სიტყვიერი უკუკავშირის მიღება. ამასთანავე, დირექტორები ხაზს უსვამენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც (პუერტო რიკოს სკოლასთან საერთო ჩართვას, მათთვის ბავშვების მიერ დახატული ქართული ანბაბის გაცნობას), რაც კიდევ უფრო მეტად აღძრავს ქართველი მოსწავლეების ინტერესსა და პროექტში ჩართვის მოტივაციას. საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს, იდეის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს და, იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ინტენსიური და მასშტაბური გახდება, ასევე, სურვილს გამოთქვამენ, რომ, მოსწავლეების რაოდენობასთან ერთად, გაიზრდება პროექტებში ჩართული მშობლების რაოდენობაც. როგორც ბარეთის სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო წიფიანი აღნიშნავს, პროექტში აქტიურადაა ჩართული რამდენიმე მშობელიც, თუმცა მცირე ნაწილი. პასიურობის მიზეზად ასახელებენ დროის უქონლობას, ყოფით პრობლემებს, ფიზიკური მუშაობით დატვირთვას. პირისპირ საუბრებსა და კვლევების პასუხებში ვლინდება მათი სურვილი, ინტერესი და დადებითი დამოკიდებულება, თუმცა რეალურ პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ნაკლებობა და ის პოზიცია, რომ, მშობელთა აზრით, სიახლეების დანერგვისა და განხორციელების მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სკოლას აკისრია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებმა, ძირითადმა ნაწილმა, უკვე გაიაზრა ის, თუ რას აძლევთ მათ არაფორმალური განათლება. თუმცა მშობლებსა და დანარჩენ სასკოლო საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებს, თუნდაც თემში მცხოვრებ მოსახლეობას, შემიძლია ასეთი რამ ვუთხრა: ჩვენ, სკოლებს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დაკვეთა რომ გვაქვს სახელმწიფოსგან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულების, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა გაცილებით გაგვიმარტივდება იმ შემთხვევაში, თუ არაფორმალური განათლება უფრო მეტად დაინერგება სკოლებში. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ სასურველი პროფესიის განსაზღვრა, გარემოსდაცვის მიმართულებით დაბალია მათი ცნობიერების დონე (ელემენტალურად, იმის აღქმა, რომ არ შეიძლება ფოთლების დაწვა და ნაგვის დაყრა), ამ ყოველივეს გააზრებაში კი დაეხმარებათ არაფორმალური განათლება. ისინიც და მომავალი თაობებიც უფრო მომზადებულნი იქნებიან რეალური ცხოვრებისთვის – ადეკვატურად უპასუხებენ ნებისმიერ გამოწვევას. შესაბამისად, მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან რამდენიმეზე აუცილებლად გავალთ“ – ნინო წიფიანი, ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი.

პროექტში ჩართული ორივე სკოლის ლიდერი პედაგოგი გამოყოფს რამდენიმე განხორციელებულ აქტივობას, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი აღნიშნავენ აქტივობას მდგრადი სოფელი/ქალაქი, როდესაც გამოჩნდა მოსწავლეების ორიგინალური ხედვა, სწორი და ანალიტიკური აზროვნება, ის, თუ როგორ სოფელსა და ქალაქში ისურვებდნენ ცხოვრებას, რატომ და რა არის ამისთვის აუცილებელი. პედაგოგები გამოყოფენ აქტივობას „თემი, როგორც რესურსი“, რომელმაც მოსწავლეებს თემში არსებულ პრობლემებზე დაფიქრების, მათი იდენტიფიკაციის, კლასიფიკაციის, პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისა და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობა მისცა. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ხეების დარგვისა და მდინარის ნაპირის დასუფთავებისას მოსწავლეებმა კვლავაც გამოავლინეს ოპერატიულად, შეთანხმებულად მუშაობის, ორგანიზებისა და მობილიზების, თანამშრომლობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისების უნარი. პედაგოგებმა ხაზი გაუსვევს სხვადასხვა თამაშის, როგორც მოსაწყენი და რუტინული საგაკვეთილო პროცესის გახალისება–გამრავალფეროვნების, წინარე ცოდნის საინტერესოდ ჩართვა–გააქტიურების, ცოდნის ტრანსფერისა და აქტიური სწავლების ინსტრუმენტის არსს, რასაც მოსდევს დისკუსია და მოსწავლეთა თვითრეფლექსია.

„ბავშვები არაფორმალურ გარემოში არიან უფრო გახსნილები, თამამები და, საკლასო გაკვეთილისგან განსხვავებით, უკეთესად გამოხატავენ საკუთარ თავს. ის მოსწავლეებიც კი, რომლებცი პასიურები არიან საკლასო ოთახში, ამ გარემოში აქტიურდებიან და მათში ისეთ უნარებს აღმოვაჩენთ ხოლმე, რასაც ძალიან ნაყოფიერად ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული საგნებით დაინტერესების მიზნით. მოსწავლეები კლუბური მუშაობის ფარგლებში ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ და ისეთ უნარებს ივითარებენ, რასაც, შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. ამდენად, პროექტში მონაწილეობის უმთავრესი მიზანი და განმსაზღვრელი ფაქტორი მოსწავლეების თვითშემეცნებისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალური, კვლევითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. კონკურენტუნარიან გარემოში ვცხოვრობთ. იმისათვის, რომ კონკურენციას გავუძლოთ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი გამოცდილების მიღება, უნდა გავიაროთ თუნდაც არაფორმალური განათლების კლუბის ფორმატით განხორციელებული აქტივობები, როდესაც ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ კვლევა, როგორ დავგეგმოთ პროექტი. ძალიან პრაქტიკულ უნარებს ივითარებენ მოსწავლეები, რაც აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში, რათა იყვნენ მოთხოვნადი კადრი დამსაქმებლისთვის“ – მარიამ ელოშვილი, ბარეთის საჯარო სკოლის ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი.

წალკის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ბერიანიძე, იხსენებს მოსწავლეების მიერ ქართული ანბანის ასოების შექმნას ადგილობრივი (ეთნიკურ–კულტურული) სპეციფიკის განმსაზღვრელი ორნამენტების ჩართვით, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ხოლო, პროექტში ჩართული სკოლის ლიდერი პედაგოგი, ქალბატონი ნინო კვიციანი, აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლება შეუცვლელი, უპირველესი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ბავშვმა თვითონ გაიკვლიოს გზა და აღმოაჩინოს სიახლეები. მოსწავლეები იძენენ ყველა პრაქტიკულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარს, უმაღლდებათ ცნობიერება, იაზრებენ რა არის მათი, როგორც მოქალაქის, მთავარი როლი საზოგადოებაში – გაცილებით უფრო სწორად აღიქვამენ და ეკიდებიან ისეთ საკითხებს, რასაც მისი თაობა არ ჩათვლიდა მნიშვნელოვნად და ვერც შენიშნავდა.

„თუ ბავშვი ბედნიერია იმ საქმიანობით, რასაც ის აკეთებს, მაშინ ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. ამ პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები ყოველთვის გალაღებულები მოდიან, არანაირი დაზარება. რაც არ უნდა დაძაბული დღე მქონდეს და რაც არ უნდა დატვირთული ვიყო, რაც არ არის გასაკვირი დღევანდელ სოციალურ გარემოში, როგორც კი მივალ შეხვედრებზე ამ ბავშვებთან, ყველაფერი მავიწყდება, რამდენადაც ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს მოვკიდეთ ხელი. მნიშვნელოვანია არა დაზეპირებული ცოდნა და ძველებური, რუტინული მეთოდები, არამედ ბავშვის კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა. მან უნდა ისწავლოს ის, რაც შეუძლია და რამდენადაც შეუძლია და, რაც მთავარია, გამოიყენოს – ყველაფრის ტრანსფერი უნდა შეძლოს ცხოვრებაში. სწავლა ცხოვრებისათვის, ჩვენი მომავლისათვის – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ბედნიერი ადამიანი ისეთ იდეებს გადმოსცემს და გამოხატავს, რომლებიც სხვასაც გააბედნიერებს, ამიტომ ძალიან მინდა, ჩვენი ბავშვების თაობა იყოს ბედნიერი“ – ინგლისური ენის კონსულტანტ–მასწავლებელი, ნინო კვიციანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს:

https://www.facebook.com/EmbraceTsalka

E-mail: info@clld.ge

პუბლიკაცია მომზადებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორ(ებ)ი და არ ასახავს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ან ევროკავშირის მთავრობის შეხედულებებს.

This publication was produced with the financial support of the government of the Federal Republic of Germany and the European Union (within the framework of the ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ Programme. Its contents are the sole responsibility of the author(s) and do not necessarily reflect the views of the government of the Federal Republic of Germany or the EU.

სტატია გამოქვეყნდა, QvemoQartli.ge-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფი.