„სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება, მარტოხელა დედის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს”

ქვეყანაში მრავალი სოციალური პრობლემაა, რომელთა მოგვარებაც არსებული სოციალური პოლიტიკის მეშვეობით ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ის მოწყვლადი ჯგუფები, ვისაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ხშირად არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებიდან სრულიად ამოვარდნილები და უხილავები არიან.

მათ შორის არიან მარტოხელა მშობლები, რომელთაც მხოლოდ ერთჯერადი სოციალური დახმარებებით შეუძლიათ ისარგებლონ. ხშირად კი ამის მიღებასაც ვერ ახერხებენ. მიზეზი რამდენიმეა, ერთი ის რომ მათ საცხოვრებელ მუნიციპალიტეტებში არ არის კონკრეტული სერვისი მარტოხელა მშობლებისთვის, ან საერთოდ არ აქვთ სტატუსი  – რის გამოც, ისედაც მწირი  დახმარებითაც ვერ სარგებლობენ.

ჩვენი კანონმდებლობა „მარტოხელა მშობლის” ცნებით ხელმძღვანელობს და ამის ქვეშ როგორ დედებს ასევე, მამებს მოიაზრებს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ, უმეტესად შვილებს სწორედ ქალები ზრდიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია და ყოველ წელს, ათასობით ქალი ხდება მარტოხელა დედა.

ჩვენი რესპონდენტიც, 26 წლის მარტოხელა დედა ქეთევან ჩინჩალაძეა.

იგი ქმართან გაშორების შემდეგ შვილს მარტო ზრდის. ამჟამად მშობლების სახლში, ძმასთან ერთად ცხოვრობს და ფინანსურად დედა ეხმარება. გვიყვება, თუ რამდენად რთული იყო მისთვის განქორწინება და როგორ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს.

„ქორწინებაში ვიყავი 3 წელი, საკმაოდ რთული იყო გაშორება, ამაზე ფიქრის პროცესში გავიდა თითქმის ერთი წელი, მაგრამ დაბრკოლებები ვერ დავძლიეთ და დაინგრა ჩვენი ოჯახი. თავიდან შიშმა შემიპყრო, მარტო დარჩენა 2 წლის ბავშვთან ერთად არ იყო ადვილი, ამას ემატებოდა ხალხის რეპლიკები, ბევრი “კეთილისმსურველის” ბულინგი  და კიდევ უამრავი წვრილმანი გარემოებაც.

მგონია, ჯერ კიდევ არის ეს სტერეოტიპები ჩვენს გარშემო, რომ განაშორებ ქალს თითქოს აღარ აქვს უფლება, იყოს თამამი, ხმამაღალი, თავისუფალი და ეს ძალიან მთრგუნავდა. ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადავიტანე და ვცდილობდი მსგავს საუბრებს გავრიდებოდი.

მარტოხელა დედებს პირველ რიგში გვჭირდება მორალური თანადგომა, ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი.. მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს განცდებზე, ჩვენს მდგომარეობაზე“-  ქეთევან ჩინჩალაძე, მარტოხელა დედა.

ქეთევანს ოფიციალურად მარტოხელა მშობლის სტატუსი არა აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში გეგმავს სტატუსის მოსაპოვებლად პროცედურების დაწყებას.

ძნელი სათქმელია რამდენად დაეხმარება ეს სტატუსი.

სამწუხაროა, თუმცა საქართველოში არ არის ერთიანი სოციალური პოლიტიკა მარტოხელა დედების დასახმარებლად. იმ ფონზე კი როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას, განსაკუთრებით რთულია მარტოხელა დედებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.

ჩვენი მორიგი რესპონდენტი, 32 წლის მარტოხელა დედაა. ის საუბრობს რიგ პრობლემებზე რასაც ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა დედები აწყდებიან. აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან  არსებული მიდგომა ამ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ გადასახედი და შესაცვლელია.

„ იმისთვის რომ მარტოხელა დედის სტატუსი მოიპოვო, აუცილებელია ბავშვს დედის გვარი ჰქონდეს და მამის გვარი საბუთებში არ ფიგურირებდეს, ეს უკვე არაჰუმანურ მიდგომად მიმაჩნია.

ჩემს შემთხვევაში, ბავშვს მამის გვარი აქვს, თუმცა მე და ჩემი შვილი ცალკე, მარტო ვცხოვრობთ. იდეურად, მე მარტოხელა დედა ვარ, თუმცა ამის დამტკიცების ბერკეტი არ გამაჩნია. შესაბამისად, ჩემზე და ჩემს შვილზე არანაირი ბენეფიტები არ მოქმედებს.

სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება, მარტოხელა დედის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს. ფაქტობრივად არ არსებობს ნახევარ-განაკვეთიანი სამსახურები, მარტოხელა დედა მუდმივად არჩევანის წინაშე დგას. სამსახურს დაუთმოს დრო თუ ბავშვს. იზრუნოს იყოს მაღალშემოსავლიანი, თუ დაზოგოს დრო – დასჯერდეს მცირე შემოსავალს და იყოს ბავშვთან.

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ქალის პირად სივრცეზე საუბარი, კარიერულ წინსვლებსა და პიროვნულ განვითარებაზე ფიქრი, რაც ართულებს მარტოხელა დედების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასაც.

მიდგომები რადიკალურად შესაცვლელია. მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების წესი – გადასახედი და შესაცვლელი. მარტოხელა მშობლობა თავისთავად გულისხმობს, გაორმაგებულ პასუხისმგებლობებს და გაორმაგებულ ემოციებს. ამ ადამიანებს გაორმაგებული ხელშეწყობა სჭირდებათ” – თამთა, მარტოხელა დედა.

მარტოხელა მშობლობის პრობლემა, უხილავი არ არის ევროკავშირისთვისაც. არსებული პრობლემების დასაძლევად, მისი წევრი ქვეყნები არაერთ სოციალურ სერვისს და პროგრამებს ახორციელებენ.

პუბლიკაცია „მარტოხელა მშობლების მდგომარეობა ევროკავშირში“ იკვლევს მარტოხელა მშობლების საჭიროებებს და არსებული გამოწვევების დაძლევის გრძელვადიან ხედვას გვთავაზობს. სადაც, მნიშვნელოვანი როლი გენდერული თანასწორობის მიღწევას, ღირსეულ სამუშაო გარემოს და მხარდამჭერ პროგრამებს უკავია.

„მარტოხელა მშობლები  უფრო მეტად ცხოვრობენ სიღარიბის ან გარიყულობის რისკის ქვეშ, ან განიცდიან მატერიალურ უკმარისობას. ეს არის შეშფოთების მიზეზი, რადგან ეს არა მხოლოდ აზიანებს მათ ამჟამინდელ კეთილდღეობას, არამედ საფრთხეს უქმნის შვილების მომავალს.

დასაქმება შეიძლება იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი მარტოხელა მშობლებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ადეკვატური მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, დასაქმების სტიმულირების ზოგადმა სტრატეგიამ ვერ შეძლო მარტოხელა მშობლების სიღარიბის რისკის მაჩვენებლების გაუმჯობესება.

დასაქმების გზით სიღარიბის შემცირება მოითხოვს უკეთეს სამუშაო ადგილებს და არა აუცილებლად მეტ სამუშაო ადგილს. თუ უზრუნველყოფილია ადეკვატური დასაქმების პირობები, ხელფასი და მხარდაჭერა, ნაკლებ მარტოხელა მშობელს შეიძლება დასჭირდეს სოციალური უზრუნველყოფის ან სოციალური დახმარების შეღავათები. თუმცა, სამუშაო სტიმულის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით შეღავათების შემცირება დაკავშირებულია დაბალი ხარისხის სამუშაოებთან და ოჯახის არასაკმარის შემოსავალთან, განსაკუთრებით მარტოხელა მშობლებისთვის“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.