19.09.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი

ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების მცხოვრებთა მსგავსად, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევენ.

„აი, იქ, სათვალთვალო კოშკს ხომ ხედავთ, მანდ არხზე გადის საზღვარი.  იქით უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა. იქამდე და ქვემოთ, მტკვრამდე, ჩვენი სოფლის მიწებია. ჩემს ბავშვობაში აქაურობა დღევანდელივით გავერანებული კი არ იყო, ნათესებსა და ნარგავებს ეჭირა. ძლიერი მეურნეობა გვქონდა. რუსთავსა და თბილისს ვამარაგებდით ხილ-ბოსტნეულით. ჩემი მშობლებიც აქ მუშაობდნენ,მეც სულ აქ ვიყავი. ახლა ამ მიწებზე იმის ნახევარ მოსავალს ვეღარ ვიღებთ, რაც ადრე მოგვყავდა“, – ამბობს 58 წლის ელგუჯა მანძულაშვილი.

ის ვახტანგისში დაიბადა, აქვე დაამთავრა ცხრა კლასი. უმაღლესი სასწავლებელის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო და რუსთავში ცხოვრობდა.მერე მოხუც მშობლებთან დაბრუნდა და მესაქონლეობას მიჰყო ხელი. მიწის ნაკვეთებს ბოლო დრომდე სათიბად იყენებდა, ახლა დეგრადირებული მიწის დამუშავება და სხვადასხვა კულტურის დათესვა დაიწყო.

***

გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოსთვის ერთ-ერთ  მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია, რაც  განპირობებულია აქ არსებული ნიადაგებითა და კლიმატური პირობებით. მუნიციპალიტეტში  განვითარებულია როგორც მემცენარეობა, ისე მეცხოველეობა.

მუნიციპალიტეტში 56,139 ჰა,სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, აქედან სახნავია- 30,558 ჰა, სათიბი – 2,044 ჰა, საძოვარი- 19,076 ჰა, 156 ჰექტარი კი მრავალწლოვანი კულტურებს უჭირავს, 4,305 ჰა  მოქცეულია საკარმიდამო ფართობებში (2014 წლის საქართველოს სოფლის მეურნეობის აღწერა).

კლიმატის ცვლილების, ასევე ანროპოგენული ზემოქმედების, კერძოდ, მიწის არასწორი გამოყენებისა და მენეჯმენტის გამო გარდაბანში, ისევე, როგორც ქვემო ქართლისა და კახეთის რამდენიმე რაიონში, დაწყებულია გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის  პროცესი.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ერთობლივმა პროექტმა, რომლის ფარგლებშიც მიწის დეგრადაციასთან საბრძოლველად გარდაბნის რაიონი და ვახტანგისი შემთხვევით არ შეირჩა.

„ფერმერთა საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრში შემოგვთავაზეს გამოგვეყენებინა თესლბრუნვის სისტემა, სხვადასხვა კულტურა დაგვეთესა და გვეზრუნა დეგრადირებული მიწების რეაბილიტაციაზე. ჩვენ მხოლოდ სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა, თესლსა და სასუქსაც პროექტიდან გვაძლევდნენ”, – ამბობს მარინა ირემაშვილი.  ის ფერმერია.  მანამდე, 26 წელი, კომუნისტების პერიოდიდან 2016 წლამდე, საკმაოდ რთულ პერიოდებშიც, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, მერე  გამგებელი იყო.

„1990 წელს, როცა საბჭოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, სოფელში მებოსტნეობა-მეთესლეობისა და მეცხოველეობის დიდი მეურნეობები იყო და  სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისრეკომენდაციებით,1000 ჰექტრამდე მიწას ორგანიზებულად ვამუშავებდით.

იმ პერიოდში ვენახიც გვქონდა და 300-400 ტონა ყურძენი მოგვყავდა.  ბოსტნეულიდან რას არ ვთესდით: პომიდორს, კიტრს, კომბოსტოს, ბადრიჯანს… ჭარხლისა და წითელი ბულგარული წიწაკის მოყვანა ჩვენი მეურნეობის სპეციალიზაციის მთავარი დარგები იყო. ბულგარული წიწაკის ნათესებს დაახლოებით 100 ჰექტარი ეჭირა. თესლს საბჭოეთის ყოფილი ქვეყნების ბევრ მეურნეობას ვაწვდიდით“, –  თითქმის 30 წლის წინანდელ ამბებს იგონებსმარინა ირემაშვილი. 

წყობა რომ შეიცვალა, კავშირები მოიშალა, პროდუქციის რეალიზაცია გაჭირდა. თვეობით იყო პროდუქცია საწყობებში. მეურნეობა თანამშრომლებს ხელფასებს ვეღარ უხდიდა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, მეურნეობის მიწები, 800-მდე ნაკვეთი, იჯარით გადმოგვეცა. ძირითადად სიმინდსა და ხორბალს ვთესდით, რადგან ნაკლები შრომა სჭირდებოდა. მერე ცხოვრება შეიცვალა, საზღვარზე კონტრაბანდული საქონელი შემოჰქონდათ. სოფლის მოსახლეობამ  მიწის დამუშავება მიატოვადა კონტრაბანდას მიჰყო ხელი“, – იხსენებს ქალბატონი მარინა.

როცა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობა აიკრძალა, ვახტანგისელებიც  დაუბრუნდნენ მიწას და ძირითადად ხორბალს ან სასილოსე სიმინდს თესდნენ.

„მოსავალი სულ უფრო ნაკლები მოდიოდა და ამიტომ სასუქის რაოდენობას ვზრდიდით. მერე საერთოდ მივატოვეთ მიწის დამუშავება, ნაკვეთებს სათიბად ვიყენებდით. სათიბისთვისაც ცოდოა ეს მიწა,  მაგრამ სხვა გზა არ იყო: საქონელს, ცალკე მინდვრების მოვლას დიდი დრო და რესურსი მიჰქონდა. თესლი და სასუქი ძვირია. სოფელში ტექნიკა ან აღარ არის ან  მოძველებულია, დაქირავება ძვირი ჯდება. ამდენი საშუალება აღარ იყო“, – გვიამბობენ აქაურები.

ერთი და იგივე კულტურების თესვამ და გადაძოვებამ ვახტანგისის ნაყოფიერი ნიადაგების დეგრადაცია გამოიწვია. ბევრგან მიწის ნაკვეთს ნარი მოედო, ან ნაგვით დაიფარა.  

„კლიმატი შეიცვალა, მიწა გადაგვარდა, თუ სასუქის ბრალია, არ ვიცი, საკარმიდამო ნაკვეთებშიც ვეღარ მოჰყავს ხალხს წესიერი მოსავალი, ხშირად მიწაშივე ლპება კარტოფილი“, – ამბობს ელგუჯა მანძულაშვილი. მისი განმარტებით, ზოგადად მოსავლიანობა ძალიან შემცირდა: „თუ ადრე ჰექტარზე 4-5 ტონა ხორბალი, 3-4 ტონა ქერი და 8-10 ტონა სიმინდი მოგვყავდა, ბოლო დროს ნიადაგების გამოფიტვისა და გადაგვარების გამო 2-3,5 ტონა მოსავალს თუ ვიღებდით, მეტს – ვერა.

იონჯაც, ადრე ჰექტრიდან 300 პრესი მაინც გამოდიოდა, შარშან სასილოსე ბალახი ამის ნახევარიც არ იყო“.

– – – – – –

„90-იანი წლების შემდეგ, მას მერე, რაც დაინგრა საბჭოთა მეურნეობები და გეგმიური სოფლის მეურნეობა მოიშალა, ადამიანებმა სპონტანურად დაიწყეს მიწის დამუშავება.

სოფლის მეურნეობაში,მარცვლოვნების, თუ ბოსტნეული კულტურების მოყვანისას გაბატონდა მონოკულტურები, ანუ ერთი და იგივე კულტურის მოყვანა. სოფლად ძირითადად თესდნენ კარტოფილს, ხორბალს ან მზესუმზირას. თან აქცენტი კომერციალიზაციაზე გადავიდა და მეტი მოსავლის მისაღებად ნიადაგს ქიმიურ სასუქს უმატებდნენ, რაც, შეიძლება ითქვას, ნიადაგის „განარკომანებას“ ნიშნავს. მოსახლეობაში  თანდათან დაიკარგა ის ცოდნა, რომელიც ადრე არსებობდა ხალხში. ადამიანები, ფაქტობრივად, აღარ ფლობდნენ მიწის მოვლის შესაბამის უნარ-ჩვევებს. მხოლოდ აგრონომიული განათლების მქონე ან გამოცდილი მეურნეები იყენებდნენ პრაქტიკაში ნიადაგის ნაყოფიერების სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდს“, – ამბობს ნიადაგმცოდნე ბესარიონ კალანდაძე.

მისი განმარტებით, სოფლად მასიურად დაიწყო სახნავ-სათესი ფართობების სათიბებად და საძოვრებად გამოყენება.

ამავე დროს დაბალი ცნობიერების გამო მოსახლეობა მოსავლის აღების შემდეგ წვავს სასოფლო სამეურნეო ნარჩენებს, რომელთან ერთადაც იწვება საჭირო ელემენტები, ნიადაგი კარგავს ნაყოფიერებას.  ამ დროს ყველაზე უკეთესი ჩოფერიანი ტრაქტორით ნარჩენების  დაკუწვა და ნიადაგში ჩახვნაა. თუმცა ასეთი მიდგომას ნაკლებად იყენებენ.

არასწორი დამოკიდებულება კი აღრმავებდა ნიადაგების დეგრადაციის პროცესებს.

„ნიადაგის დეგრადაცია ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვაა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ნიადაგი უბრალოდ მოუსავლიანი მიწა ხდება“ – ამბობს კალანდაძე.

ექსპერტების განმარტებით, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ნიადაგების ბუნებრივი ნაყოფიერება, აუცილებელია ფერმერებმა პრაქტიკაში დანერგონ მრავალწლიანი თესლბრუნვა, კულტურათა მონაცვლეობა, შეთესვითი კულტურები და ნაკვეთების მონაცვლეობის სისტემა.

„ვახტანგისელ ფერმერებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ მათ კულტურულ მცენარეებზე მეტად საქონლის საკვებად გამოსადეგი მცენარეები აინტერესებდათ, რათა მეცხოველეობის საკვები ბაზა გაეძლიერებინათ. აქ უმეტესობა მესაქონლეობას მისდევს. ამიტომ თესლბრუნვისთვის შევთავაზეთ ისეთი მცენარეები, როგორიცაა: იონჯა, ესპარცეტი, სიმინდი,  ქერი, შვრია, ბარდა, სუდანურა. ფერმერებს მათი მონაცვლეობის ინსტრუქცია და თესვის ნორმების ცხრილიც გადაეცა“, – ამბობს ბესო კალანდაძე. ამასთან ფერმერებს საშუალება მიეცათ პროექტის ფარგლები ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზიც გაეკეთებინათ, რასაც თავად ნაკლებად ახერხებდნენ.

კალანდაძის განმარტებით, თესლბრუნვებისა და კულტურათა მონაცვლეობის  დანერგვა, ალტერნატიული კულტურების (პარკოსნები) ჩართვა, წინაპირობაა იმისა, რომ ნიადაგი სხვადასხვა მინერალებით გამდიდრდეს.  ერთი კულტურის, ხორბალი იქნება, თუ კარტოფილი, დათესვისას ნიადაგი მუდმივადერთსა და იმავე მინერალებს კარგავს, რაც მის გამოფიტვასა და დეგრადირებას იწვევს. ამიტომ სასურველია პერიოდულად მარცვლეული კულტურების პარკოსნებით ჩანაცვლება. პარკოსან კულტურებს შეუძლიათ  ჰაერში არსებული თავისუფალი აზოტი გარდაქმნან მცენარისათვის შესათვისებელ ფორმად და დააგროვონ ნიადაგში. ასევე გაამდიდრონ ნიადაგის ფორები ჰაერითა და წყლით, შეამცირონ მცენარეთა  მავნებელ-დაავადებათა რიცხოვნობა და, შესაბამისად, ხელი შეუწყონ მოსავლიანობის სტაბილურ და მდგრად მატებას“, – განმარტავენ ექსპერტები. თესლბრუნვას სხვა გარემოსდაცვითი ეფექტიც აქვს: ფერმერები ნაკლებად იყენებენ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს, ანუ იღებენ ეკონომიკურ სარგებელს და ამავე დროს აუმჯობესებენგარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

რამდენიმე ვახტანგისელი ფერმერი ჩაერთო პროექტში, რომელიც ნიადაგების დეგრადაცის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. მათ ხუთნაწილად დაყვეს საკუთარი ნაკვეთი: ერთგან ხუთივე წელს იონჯას დათესავენ, დანარჩენ ნაკვეთებზე კი: სუდანურა, სიმინდი, ესპარცეტი და ქერი, შვრია და ბარდა უნდა შეუნაცვლონ  ერთმანეთს.

სუდანურა ერთწლიანი მცენარეა, მისი სამშობლო სუდანია, ამიტომ ეს კულტურა კარგად ეგუება გვალვასა და დამლაშებულ ნიადაგებს. ექსპერტების აზრით, გარდაბნის ნიადაგებზე მისი დათესვა გამართლებულია.

„ადრე, როგორც მინახავს, ჩვენი წინაპრებიც ასე ცვლიდნენ კულტურებს. ამ დახმარებამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო.  თესლის შეშველებაც და სპეციალისტის კონსულტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოტივაციაც გაჩნდა. იმედია, ოთხი-ხუთი წლის მერე გაცილებით უკეთესი ნიადაგი და მოსავალი გვექნება“, – ამბობს მარინა ირემაშვილი.

Related Posts

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

დმანისის 2012 წლის ბიუჯეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3650,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტიდან თანხები შემდეგი მიმართიულებებით დაიხარჯება: 1აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა – 2467.5...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

რუსთაველ ნაციონალებს ახალი სლოგანი აქვთ: ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრიცაა და ხელახლადაცაა“

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ ,,გასაკეთებელი კიდევ...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა

მალხაზ ზოიძე ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორია.  წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მოსვლამდე,  2012-2015 წლებში, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

ხშირად დასმული კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით // Covid-19 haqqında tez-tez verilən suallar

1) რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები   ვირუსების  დიდი  ოჯახია, რომელიც   ფიქსირდება   ადამიანასა   და  ცხოველში. ადამიანებში   ცნობილია   კორონავირუსის   რამდენიმე   ტიპი, რომელიც   სასუნთქი  ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *