ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა და გენდერი

სოციალური პოლიტიკის წარმოება ყველა ქვეყნის, ქალაქის თუ რეგიონის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. თუმცა, არის საკითხები რაც მასშტაბური და საერთოა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი გენდერული თანასწორობაა, რომელიც გამოწვევად რჩება.

მაგალითისთვის, ქალების სახელფასო მოცემულობა, კაცების სახელფასო მოცემულობაზე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ნაკლებია. სახელმწიფოებში ეს სხვაობა საშუალო შემოსავლების შედარებით ითვლება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი თვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 21.4 პროცენტია.

საქმიანობის ძირითადი სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი შესწორებული გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა მომსახურების სფეროში დაფიქსირდა და 16.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მრეწველობაში 15.4 პროცენტია, ხოლო მშენებლობაში 13.2 პროცენტი. სოფლის მეურნეობის სფეროში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა უარყოფითია და -8.5 პროცენტს შეადგენს (კაცების საშუალო საათობრივი ხელფასი ჩამორჩება ქალების საშუალო საათობრივ ხელფასს). აღსანიშნავია, რომ შესწორებული თვიური გენდერული სახელფასო სხვაობა, ყველა სფეროში აღემატება საათობრივ გენდერულ სახელფასო სხვაობას.

გენდერის ექსპერტი ქეთევან მურღულია გვიხსნის, რომ პროფესიულ კატეგორიებზე უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სხვა  სახელმწიფოში ერთსა და იმავე პროფესიებში ქალები უფრო მეტად მცოდნეები არიან ვიდრე კაცები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, სოციალური პოლიტიკის წარმოებისას, ამ ასპექტების გათვალისწინება. ვინაიდან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დისბალანსის აღმოფხვრა.  აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ და უკვე წარმატებული პრაქტიკებიც არსებობს, რომელიც შეგვიძლია ჩვენ სოციალური პოლიტიკას მოვარგოთ.

„ შრომით ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის საკითხი, ევროკავშირისთვის განსაკუთრებით ხილვადია სახელმწიფო უთანასწორობის კომპონენტის ნაწილში, რომელსაც არაერთი ქვეყანა ებრძვის დღემდე და არსებობს წარმატების მაგალითებიც. ჩემთვის ამ მხრივ, საქართველოსთან პარალელი რომ გავავლო, ყველაზე ახლოს ვისი პრაქტიკაც შეგვიძლია გადმოვიტანოთ, არის ესტონეთი, რომელსაც აქვს მთელი რიგი აქტები და მათ შორის საკონსტიტუციო აქტები, ამ თემასთან დაკავშირებით.

საუბარია იმაზე, რომ კორპორაციები, დამსაქმებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო გეგმა შეიმუშაონ და კვლევები აწარმოონ დასაქმების ადგილზე არსებული სახელფასო უთანასწორობის ჭრილში. გარდა ამისა, 2010 წლიდან ესტონეთი აღნიშნავს, სახელფასო უთანასწორობის წინააღმდეგ დაწესებულ დღეს. ამ დღეს იმართება საჯარო დისკუსიები სამოქალაქო  და საჯარო სექტორის მონაწილეობით. მსჯელობენ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რა პასუხები უნდა გასცენ.

რაც შეეხება საქართველოს, არაერთი პრობლემა დგას შრომით ბაზარზე. განსაკუთრებით გენდერული დისკრიმინაციის ნაწილში, მათ შორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გენდერული ბიუჯეტირების საკითხი, თუმცა გვაქვს ერთეული გამონათებებიც. მთავარი პრობლემა მაინც არის აღსრულება მონიტორინგის ნაწილი. შეიძლება შრომით კოდექსი მორგებულია, მეტ-ნაკლებად, გამოწვევებს მაგრამ პრობლემად რჩება ის, თუ რამდენად სრულდება საკანონმდებლო ინიციატივები და ნორმები პრაქტიკაში” – ქეთევან მურღულია, გენდერის ექსპერტი.

ქვეყნების ეკონომიკური ზრდა სულაც არ ნიშნავს პირდაპირ პროპორციულად ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი შრომის დაცულობას. თუმცა, მეორეს მხრივ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება ზოგადი ეკონომიკური ზრდის შეუქცევადი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის გაზრდას და სახელფასო სხვაობის შემცირებას, შეუძლია მსოფლიოს ეკონომიკა 160 ტრილიონი დოლარით გაზარდოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას არაერთ მნიშვნელოვან სერვისს სთავაზობენ. მათ შორისაა – ღირსეული შრომითი ანაზღაურება და პენსია, ყველასათვის ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები, მრავალმხრივი სოციალური უზრუნველყოფა.

ასევე, 2021 წელს ევროკავშირის სოციალურ სამიტზე მიიღეს სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2030 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს არსებულ სოციალურ პოლიტიკას.

გეგმის მიხედვით, მომავალ ათ წელიწადში, 20-დან 64 წლამდე მოსახლეობის  მინიმუმ 78%-ი უნდა იყოს დასაქმებული. ასევე, მინიმუმ  15 მილიონით უნდა შემცირდეს სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის  რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა, მათთვის უკეთესი სოციალური სერვისების მიწოდების გზით.

ქეთევან მურღულია აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი გეგმის არსებობა სოციალური პოლიტიკის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის თანმიმდევრულ და კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს. ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, სწორედ გრძელვადიანი გეგმის არარსებობა წარმოადგენს.

„ სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმის არარსებობა. ზოგადად არა მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით,  არამედ  რიგითი მოქალაქის კეთილდღეობისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით. გარდა ამ გრძელვადიანი გეგმის და ხედვის არარსებობისა, რომელიც პრაქტიკაში მთელ რიგ პრობლემებს იწვევს მგონია, რომ სახელმწიფო რესურსი, მათ შორის ფულადობრივ სოციალურ პროგრამებზე, ნაწილდება უთანასწოროდ და არა შესაბამისად. სასურველია, რომ შემუშავდეს სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და აქედან გამომდინარეც მოხდეს სახელმწიფო რესურსების განაწილება.

სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა და ერთიანი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კოორდინაციის სისტემას ეფუძნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად არიან კომუნიკაციაში ერთმანეთთან, რა ნაწილი გააუმჯობესონ სოციალური პოლიტიკის, რაზე გაამახვილონ ყურადღება კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე.

გარდა ამ ერთიანი პოლიტიკისა, გამოვყოფდი რამდენიმე ქვეყანას, განსაკუთრებით ფინეთს და შვედეთს, რომელთაც აქვთ იდეალური სოციალური სერვისები საზოგადოებისთვის, ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას თუ საპენსიო სისტემას. მათ შორის, დასაქმების სწორ პოლიტიკას. ასევე, ევროკავშირის საერთო ხედვაში აღსანიშნავია, შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, მეტად ეფექტური ხედვა და ამ პრობლემების გადაჭრის და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება.  ასევე, მნიშვნელოვანია რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერულ ჭრილში თანასწორი შრომითი ბაზრის შექმნის საკითხს”, – ქეთევან მურღულია, გენდერის ექსპერტი.

ევროკავშირის სოციალური პოლიტიკის გაზიარება დღეს უკვე საქართველოს ვალდებულებაც არის. სახელმწუფოს მხრიდან, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.