ჰერალდი – არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრი

თანამედროვე სწავლების მეთოდების აღმოჩენა, არაფორმალური განათლების დამკვიდრება, მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმირება – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი  „ჰერალდი“ მუშაობს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე მეშვიდე წელია რუსთავში მოსწავლეებისთვის სასურველი და საინტერესო სივრცეა.  როგორც დამფუძნებელი ნინო სოფრომაძე გვეუბნება აქ, რუსთაველ და არა მხოლოდ რუსთაველ ახალგაზრდებს, შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა უნარები განივითარონ,  განათლების ინოვაციური მეთოდები დანერგონ და წარმატებას მიაღწიონ.

დამფუძნებელ  ნინო სოფრომაძეს და თანადამფუძნებელ დავით ცინცაძეს ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სატელევიზიო საქმიანობით მიღებული ცოდნის ახალი თაობისთვის გაზიარება გადაწყვიტეს. ამისთვის კი საგანმანათლებლო სივრცეში გადმოინაცვლეს  და  დღეს უკვე ამ სფეროში პროექტებს ახორციელებენ.

„გაიცანი ჰერალდი“ – ეს ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელიც ცენტრმა განახორციელა. ევროკავშირთან და  კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით, მოსწავლებთან შეხვედრები ჩატარდა, მოეწყო  ფოტო გამოფენა, სადაც არაფორმალური განათლების თემაზე  მათი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნეს.

„ჰერალდში“ სიამაყით ამბობენ, რომ ქვემო ქართლში პირველებმა დაიწყეს მედიაწიგნიერებაზე საუბარი. ამ მიმართულებით, რუსთავსა და მარნეულში  მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს არაერთი ღონისძიება მოუწყვეს.

მოქალაქეებს მედიის როლი, მედიაწიგნიერი პიროვნების ღირებულება  განსხვავებული კუთხით დაანახეს.  2021 წელს ამ თემაზე წიგნი,  სახელწოდებით „მედიაცნობიერება“, გამოსცეს.  მოსწავლეებმა კი საინფორმაციო რესურსები თავად დაამზადეს.

ნინო სოფრომაძე გვეუბნება, რომ „ჰერალდის“ საქმიანობა ახალი თაობის ინტერესებზეა ორიენტირებული. ამის გამოხატულებაა ერთ-ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავად ირჩევდნენ მათთვის სასურველ მასწავლებელს  და მას ცენტრში  იწვევდნენ.  მისი თქმით,  ნაყოფიერი აღმოჩნდა რუსთავის და მარნეულის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტიც „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“.

დღევანდელ, ტექნოლოგიურ ეპოქაში ბევრი ჭკვიანი, შემოქმედი და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდა ცხოვრობს. მათ დიდი რაოდენობით საგანმანათლებლო რესურსებთან აქვთ წვდომა, რასაც ვერ ვიტყვით ამ ცოდნის გაძლიერებისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო უნარების შესწავლის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენი მიზანი ესეც არისყველა დაინტერესებულ ადამიანს, დავეხმაროთ საკუთარი სიძლიერის აღმოჩენასა და სხვებისთვის გაზიარებაში და ამით საერთო კეთილდღეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი,“- საუბრობს ნინო სოფრომაძე.

„ჰერალდის“ თანადამფუძნებელი დავით ცინცაძე ორ წლიან პროექტზე გვიყვება, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა გადაცემები  თავად მოემზადებინათ. ამ პროცესში მათ ჟურნალისტური, საოპერატორო უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს. საბოლოოდ,  მოსწავლეების გაკეთებულმა ცამეტმა გადაცემამ დღის შუქი რეგიონული ტელევიზიის ეკრანზე  იხილა.

დავით ცინცაძემ, ასევე, პროექტებიდან გამოყო „ინტერფილდი,“  რომლის ფარგლებში  მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს ლექციები სხვადასხვა თემაზე. ეს მათთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რასაც თავი გაართვეს და საჯარო გამოსვლის უნარებს დაეუფლნენ.

„ჰერალდი“ საზოგადოებას  ქართული და ინგლისური ენის შემსწავლელ  კურსებსაც სთავაზობს.

აღსანიშნავია ის,  რომ მოსწავლეებმა  ამ ცენტრში მიღებული ცოდნის გამოყენება შეძლეს.  არიან ისეთები, რომლებმაც  თავად შექმნეს პროექტებიც და დღეს დამოუკიდებლად მუშაბენ.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰერალდის“ დაარსებიდან წლები გავიდა, ნინო სოფრომაძე ხაზს უსვამს, რომ ამ ხნის განმავლობაში „პროექტები არ გაუმეორებიათ, იმეორებენ მხოლოდ მიზნებს“. იდეები და გეგმები მრავალი აქვთ, მიზანი კი – დაეხმარონ ახალი თაობის წარმომადგენლებს  რეალიზებაში.

ჰერალდის მიზანი ახალგაზრდების პიროვნული განვითარებაა, რაც რატომღაც ხშირად უკანა პლანზე დგას საგანმანათლებლო პროცესის დროს. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ დღევანდელი ცივილიზაცია ისეთმა ადამიანებმა შექმნეს, რომლებსაც შეუძლიათ სამყარო სხვა თვალით დაინახონ და ამას ვერავინ შეძლებს პიროვნული სიძლიერის გარეშე,” – გვეუბნება დავით ცინცაძე.

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.