რუსთავის მერიას QvemoQartli.ge-მ სასამართლოში უჩივლა
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის მერიისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გასაჯაროებას.
რუსთავის მერია, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარიშების გასაჯაროებაზე. შესაბამისად, დღეს QvemoQartli.ge-მ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაცია ცდილობს, სასამართლოს დახმარებით მიიღოს საჯარო ინფორმაცია, რუსთავის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით.
QvemoQartli.ge მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია.
ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქვემო ქართლის ოფისი იცავს.