რუსთავი და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

CENN-ი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის მუნიციპალიტეტში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის მნიშვნელობაზე, საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

რუსთავში გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის დანერგვას ცდილობენ. აღნიშნული მიზნები გაეროს წევრმა ქვეყნებმა, 2015 წელს, ნიუ იორკში გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. მაშინ, გაეროს 193 წევრ ქვეყანას შორის, საქართველოც ერთ-ერთი მოწინავე იყო, რომელმაც ამ დოკუმენტის მიღებას დაუჭირა მხარი.

ინიციატივა მიზნად ისახავს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის გაზრდას.  მდგრადი განვითარება თავის თავში აერთიანებს სამ ფუნდამენტურ მიზანს:

  • ეკონომიკური კეთილდღეობა;
  • სოციალური ინკლუზია;
  • გარემოსდაცვა;

სტრატეგია ეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ ქვეყნებმა დოკუმენტის მიღებით, აიღეს ვალდებულება უზრუნველყონ, ჩვიდმეტივე მიზნის შესრულება ეროვნულ დონეზე, 2030 წლამდე.

ამ მნიშვნელოვან პროცესში სხვადასხვა სექტორსა თუ ინდივიდს თავისი როლი აქვს. მიზნების განხორციელება და წარმატება დამოკიდებულია მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, იმ პროგრამებსა და გეგმებზე, რომლებსაც თავად ქვეყნები განახორციელებენ.

პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, ჩატარდა რუსთავში საინფორმაციო კამპანიაც.  შეხვედრაზე რუსთავის მდგრადი განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შექმნასა და დასახულ პრიორიტეტებზე, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი გვანცა აქიაშვილი, აღნიშნავს რომ რუსთავი ერთ-ერთია იმ ხუთ მუნიციპალიტეტს შორის, რომელთაც ეხმარებიან ადგილობრივ დონზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

„ ახლა ვართ უკვე იმ პროცესში როდესაც, მუნიციპალიტეტები საკუთარ დონეზე და საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტებში ამ მიზნების ინტეგრირებას ახდენენ. ამ ეტაპისთვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ქმნიან ადგილობრივ დოკუმენტებს, სადაც უკვე განსაზღვრულია თითოეული მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები. რუსთავიც ერთ-ერთია რომელმაც დაიწყო მუშაობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეული მუნიციპალიტეტი საუბრობდეს გლობალურ ენაზე, ყველა ქვეყნისთვის და ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ყველა დონეზე გასაგებ ენაზე.

ლოკალიზაციის პროცესი მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტებში გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის ინტეგრირებას, არამედ მოიცავს მოსახლეობის ჩართვას და მათ ცნობიერების ამაღლებას და იმის ჩვენებას, თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესები“ – გვანცა აქიაშვილი, ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი.

მდგრადი განვითარების დოკუმენტის შექმნა რუსთავში გასულ წელს დაიწყო. ამ პროცესში როგორც მერიის სამსახურები, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე რუსთავის მერმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე მნიშვნელოვანია პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.

„ დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და იქმნება ის მიზნები, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეკოლოგია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ისეთი გადაწყვეტილებების და პროექტების განხორციელება, რომელიც მდგრად შედეგს მოიტანს მწვანე არეალების განვითარებაზე.  რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკა, დასუფთავების სერვისების განვითარება. ზოგადად მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა რაზეც ჩვენ, ასევე, რეფორმები გვაქვს დაწყებული. ეს იქნება ძირითადი მიმართულებები.

ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, მერიის გუნდი და პრინციპში მთელი ქალაქი, ვიმუშავებთ უკვე დოკუმენტის შემუშავების შემდეგ აღსრულებაზე“ – ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი.

ღონისძიება ორგანიზაცია CENN-ისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით გაუწია.

 

ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით