ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი – ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებისთვის

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი 10 რეგიონული ჰაბი მუშაობს. ჰაბები შეიქმნა პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა.”

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.  პროექტის საერთო ბიუჯეტი 5.07 მლნ ევროა. მის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების – სულ მცირე 2 500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” – მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

რა არის აღნიშნული მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ჰაბების შექმნის მიზანი?

თემაზე ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –  სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელს, ზაურ ხალილოვს ვესაუბრებით.

ხალილოვი აღნიშნავს, რომ ჰაბის მიზანი მის სამიზნე რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა. საუბრობს, რომ ქვემო ქართლის ჰაბი იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც, დონორთან დაიწო კომუნიკაცია საგრანტო კონკურსების, იმ ფორმით ჩატარებაზე, რომ ინიციატივების განხორციელება შესძლებოდათ ლოკალურ ორგანიზაციებს.

„ როდესაც გრანტები გაიცემოდა, ძირითადად ყველას ჰქონდა კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება. ერთვებოდნენ ცენტრში მომუშავე დიდი ორგანიზაციებიც და ადგილზე მომუშავე ლოკალურ-რეგიონულ ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, ძალიან დაბალი შანსი ჰქონდათ გამარჯვების. მოდით პირდაპირ ვთქვათ: რესურსებით, გამოცდილებით, პროექტის წერის უნარით – რთულია დიდი ორგანიზაციებისთვის კონკურენციის გაწევა.

სწორედ, ამიტომ და იმისთვის, რომ ადგილზე გაგვეძლიერებინა ორგანიზაციები, ჩვენი ინიციატივა იყო და სხვა ჰაბებიც დაგვეთანხმნენ, რომ საგრანტო კონკურსები კონკრეტულად რეგიონული ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულიყო“ – ზაურ ხალილოვი, ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი.

ამბობს, რომ ჰაბმა და აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო კონსორციუმების შექმნას, სადაც მსგავს საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანდნენ და დაიწყო ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.

ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობა მოიცავს: ადგილობრივიო სამოქალაქო სექტორისთვის ტრენინგებს, კონსულტაციებს, შეხვედრებს ადგილობრივი სხვადასხვა სექტორისა და  თვითმმართველობის წარმომადგენელთა; რეგიონული სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებთან და ახალგაზრდა აქტივისტებთან საკოორდინაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წელს ქვემო ქართლის ჰაბი, შემდეგ აქტივობებს ახორციელებს: სამუშაო შეხვედრა აქტივისტებთან; ტრენინგი ახალგაზრდა აქტივისტებისთვის; სალექციო კურსი აქტივისტებისთვის; სტაჟირება ახალგაზრდა ლიდერებისთვის და რეგიონული მოხალისეობის ფორუმი – 2023.

 

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.