მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი – სივრცე განსხვავებული და კრიტიკული აზრისთვის
16 წლის ნათია გუსეინოვა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში ცხოვრობს. ის მე-11 კლასის მოსწავლეა და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი პირველი პროექტი, სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ნათია მაშინ 14 წლის იყო, პროექტს „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ახორციელებდა.
პროექტმა მისცა შესაძლებლობა მიეღო მცირე გრანტი, რომლის დახმარებითაც მარნეულში პირველად, გოგონათა საფეხბურთო ლიგა ჩატარდა.
„ პროექტის ფარგლებში მე ვისწავლე თუ როგორ შემიძლია გავხდე უფრო აქტიური ახალგაზრდა და ძლიერი სამოქალაქო აქტივისტი. ასევე, როგორ შემიძლია წვლილი შევიტანო თემის განვითარებაში. სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ მოვიპოვეთ 450 ლარის ოდენობის გრანტი და ჩავატარეთ გოგონათა საფეხბურთო ლიგა. ამის დამსახურებით დღეს მარნეულის სხვადასხვა თემში გოგონები ფეხბურთს თამაშობენ. მე მაშინ დავიწყე სამოქალაქო აქტივიზმი და დღესაც ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ტიპის პროექტებში” – ნათია გუსეინოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლე.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მუშაობა 2012 წელს დაიწყო. ერთ-ერთია იმ ათ ცენტრს შორის, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არსებული „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” აერთიანებს.
ცენტრის ძირითადი პრიორიტეტები გახლავთ, მოქალაქეთა ჩართულობის და ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სამხარაძე გვიხსნის, რომ წლების განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათი ინიციატივით, თემში არსებული პრობლემების შესახებ. ბევრი საკითხი, რომელიც მათი და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წამოიჭრა, საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.
„ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ფუნქციონირებას. ადრე როცა არ არსებობდნენ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, ალტერნატიული თავშეყრის ადგილები, მაშინ გაცილებით დიდი სიახლე იყო ჩვენი არსებობა. ნელ-ნელა ტრანსფორმაცია განიცადა ცენტრმაც და ცვლილებები საზოგადოებაშიც მოხდა. თუმცა, მაინც აქტუალურია ასეთი დამოუკიდებელი თავშეყრის ადგილები, იმიტომ რომ კრიტიკული ხმა განსაკუთრებით ისმის ხოლმე ესეთ სივრცეში, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, ან მის მიერ დაფინანსებულ სივრცეში.
ამიტომ ასეთი ადგილის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია – სადაც, როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებს ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეხვდნენ მუნიციპალიტეტში მომუშავე აქტიურ ადამიანებს და ამაშიც ვეხმარებით ჩვენ” – მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი.
დაახლოებით ორი წელია, რაც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ცალკე არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. თუმცა, ძირითადად მაინც მუშაობს როგორც USAID-ის ქსელის ნაწილი. სამხარაძე აღნიშნავს, რომ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მოძიებაშიც.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც ცოტახნის წინ დასრულდა „გაეროს მოსახლეობის ფონდი“-ს დახმარებით განხორციელდა. პროგრამა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში მიმდინარეობდა. ქვემო ქართლში, ამ პროექტის შესრულებას მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უზრუნველყოფდა.
„მიმდინარე პროექტი გვაქვს ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. პროექტში მე-7 და მე-8 კლასელი მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
ამერიკული გამოცდილებით შექმნილი, აპრობირებული სახელმძღვანელო არის ნათარგმნი და მარნეულში მოსწავლეებს ვუტარებთ მეწარმეობის სწავლებას. ამის შემდგომ კი ვუფინანსებთ მცირე თანხით თავიანთ იდეებს. ახლა მეორე ნაკადის მიღებას ვიწყებთ. თითოეულ ნაკადს 15 მოსწავლე უნდა დაესწროს. პირველ ნაკადში უფრო მეტი 18 ბავშვი გვყავდა. თუმცა, მათ აქტივობებში დამატებით კიდევ არიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ბიზნეს იდეა და მის განხორციელებაში აქტიურად რთავენ თავიანთ მეგობრებს” , – მარიამ სამხარაძე.
გვიყვება იმ პრობლემებზეც, რაც მისი აზრით მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე ყველაზე მწვავედ დგას.
„ ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონში ალბათ არის ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა მათ მუშაობაში. ეს არის პრიორიტეტები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სწორედ ამაზე გაამახვილეს, ამ ბოლო დროს, ყურადღება. ამ მიმართულებით USAID-ი ხუთწლიან პროგრამას იწყებს, რომელიც მარნეულშიც განხორციელდება.
გარდა ამისა, პრობლემურია ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მოსახლეობას უშუალოდ აწუხებს. ესაა გზები, სასმელი წყალი, სარწყავი წყალი, ბაღების ნაკლებობა და ა.შ.” – მარიამ სამხარაძე.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი საკონფერენციო სივრცე, დიდი და მცირე ოთახებია მოწყობილი, სადაც შეხვედრების ორგანიზებაა შესაძლებელი. წლის განმავლობაში ცენტრი 4 000 -მდე მოქალაქეს ემსახურება.
სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.