07.12.2019 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის [თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი] ბიუჯეტებიდან საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები შეისწავლა.

რატომ იკვლევს მსგავს ხარჯებს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ?

„ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული“- ვკითხულობთ გამჭვირვალობის განცხადებაში.

კონკრეტულად რას ამბობს აღნიშნული მონიტორინგი რუსთავის თვითმმართველობის მუშაობაზე?  

„ რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“. „ჯეოტურისტის+“-ის შეთავაზებული ფასი 198 041 ლარი იყო, ხოლო „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრის“ 205 900 ლარი. ფასის მიხედვით ტენდერში „ჯეოტურისტ+“-მა გაიმარჯვა და მერიამ მასთან 19 დეკემბერს 198 041 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, 5 დღეში, 24 დეკემბერს ხელშეკრულება შეიცვალა და კონტრაქტის ღირებულება 208 000 ლარამდე გაიზარდა. შეცვლილ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შეიცვალა სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები“. საბოლოო ჯამში, „ჯეოტურისტ+“-მა უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე მის კონკურენტს ჰქონდა მითითებული ფასის შეთავაზების დროს.

208 000 ლარიდან მომსახურების შესყიდვაზე (კონცერტის ჩატარება, საბავშვო პროგრამა, საახალწლო განათება, საახალწლო დეკორაციები და ა.შ.) 176 959 ლარი დაიხარჯა, ხოლო საქონელზე (საჩუქრები და საახალწლო აქსესუარები) 31 041 ლარი“ – ვკითხულობთ „გამჭვირვალობის“ ამავე განცხადებაში.

რატომ ჩაატარა რუსთავის თვითმმართველობამ საახალწლო სამზადისის ტენდერი აუქციონის გარეშე? [კითხვებს, წერილობითი ფორმით, რუსთავის მუნიციპალური ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” დირექტორი, გეგი ლიპარტელიანი პასუხობს]

 „სახელმწიფო შესყიდვის ტიპს და პირობებს მომსახურებასა თუ საქონლის შესყიდვაზე, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია,  შესყიდვების კანონთან შესაბამისობაში და ირჩევს შესყიდვის ტიპს იმ შესყიდვის საშუალებებიდან გამომდინარე, რაც მოცემულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2016 წლის ივლისამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გარდა სხვა (პირდაპირი, გამარტივებული) შესყიდვის ტიპებისა არსებობდა მხოლოდ ერთი ელექტრონული შესყიდვის ტიპი SPA ტენდერი, რომელშიც პრეტენდენტებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობდა სამი რაუნდის გამავლობაში და ყოველ  რაუნდში პრეტენდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ ფასის კლება, ისე, რომ თითოეულ პრეტენდენდენტს ვაჭრობის განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია კონკურენტის მიერ დადებულ ფასზე. ტენდერში გამარჯვების სურვილით, პრეტენდენტები ხშირ შემთხვევაში მიდიოდნენ არაადეკვატურ ღირებულებამდე, რაც ფასის  აბსურდულობასთან ერთად, იწვევდა შესასყიდი საქონლის და განსაკუთრებით მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას. (ინტერესის შემთხვევაში შეგვიძლია გაგიზიაროთ ნეგატიური გამოცდილება)

2016 წლის ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას დაემატა ახალი შესყიდვის საშუალება „ტენდერი აუქციონის გარეშე“ – NAT ტენდერი, რომელშიც პრეტენდენტის მიერ წინადადების ღირებულების წარდგენა და შეთავაზებული ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ ვაჭრობის ძირითად დროში ისე, რომ პრეტენდენტებს, არ აქვთ შესაძლებლობა, ხედავდნენ კონკურენტის მიერ დადებულ ფასს, რაც   მკვეთრად ამცირებს არაადეკვატური ფასის განსაზღვრის შესაძლებლობას და შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მცირდება უხარისხო მომსახურების რისკიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის თებერვლიდან,  სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია ნაცვლად SPA – ელექტრონული ტენდერისა  გადავიდა  NAT ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-ს შესყიდვის ტიპზე.

2018 წლის 19 დეკემბერს შემსყიდველმა ორგანიზაციამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით –  გაუთვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ უფლება აქვთ  შეთანხმების აქტის საფუძველზე,  ხელშეკრულების ჯამური ღირებულება გაზარდონ ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს  10%-სა. რაც გამოიხატა შემდეგში:

ააიპ ,,ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“-სა და შპს  ,,ჯეოტურისტ +“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 5.029 %-ით, რაც გამოწვეული იყო – გაუთვალისწინებელი გარემოებით, საახალწლო განათებების:

მანათობელი ვარსკვლავი – 30 ც ზომებით – 0,5მ/0,5მ 

მანათობელი ვარსკვლავი – 48 ც ზომებით – 0,35მ/0,35მ

ლედ პროჟექტორი გარე გამოყენების ყვითელი ნათებით – 25 ც

ლედ როუფი ფერადი – 300მ

ელ. სადენი – 300 მ. – დამატების საჭიროებიდან გამომდინარე. 

აქვე გაცნობებთ, რომ ელექტრონულ სისტემაში NAT ტენდერის შემთხვევაში, ვაჭრობა მიმდინარეობს დაფარულად და მონაწილე პრეტენდენტების ვინაობა არ არის ცნობილი შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, მანამ სანამ ტენდერი არ გადავა სტატუსზე – ,,ხელშეკრულება დადებულია“.

შესაბამისად, გარდა გამარჯვებული პრეტენდენტისა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტის ვინაობა და შემოთავაზებული ფასი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ იყო ცნობილი. გამომდინარე აქედან სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან (,,ჯეოტურისტ +“), მანამდე შემსყიდველი ორგანიზაციისთვის შეუძლებელი იყო მეორე პრეტენდენტის არსებობის შესახებ ჰქონოდა ინფორმაცია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე პრეტენდენტი გაიმარჯვებდა, ზემოაღნიშნული გუთვალისწინებელი გარემოება, მაინც იარსებებდა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის (ხარჯვით ნაწილში) გარემოება უცვლელი დარჩებოდა“ – გვწერენ, რუსთავის მუნიციპალური ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრიდან.”

ვინ არის აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის გამარჯვებული?

გამარჯვებული გახლავთ შპს „ჯეოტურისტ+“.  შეიქმნა ოთხი წლის წინ, ხელმძღვანელი და 50% წილის მფლობელი ქრისტინე კობახიძეა, ხოლო დარჩენილ 50%-ზე უფლებები გიორგი ახვლედიანს აქვს. კომპანიას 2018 წელს მოგებული აქვს „გამარტივებული შესყიდვით“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შესყიდვა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 21 997 ლარს, ხოლო 2017 წელს მოგებული აქვს, ასევე „გამარტივებული შესყიდვით“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესყიდვა, ღირებულებით 37 776  ლარი. ორივე შემთხვევაში შპს მუნიციპალიტეტებში გასართობი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებაზე იღებდა ვალდებულებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაცია:

მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც რამდენიმე თვით ადრე მაინც იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავს მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიებებისათვის. ეს აამაღლებს კონკურენციის დონეს და შემსყიდველს თანხის დაზოგვის  და უფრო ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს.

QvemoQartli.ge

Related Posts

წინწყარო წყაროს იმედად რჩება

„ონკანი?! ეგ რისთვისაა?!“ –  ასე ჟღერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობა. სოფელს უკვე წლებია სასმელი და სარწყავი...

H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე

ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *