სასმელი წყალი – ნორიოს აუხდენელი ოცნება

სოფელ ნორიოს, 25კმ აშორებს დედაქალაქს, თუმცა ცხოვრების წესი და სირთულეები, სიახლოვის მიუხედავად, აქ სულ სხვაა.

მწვანე ხეივანს შევყავართ სოფელში. ნორიოს ქუჩებში ხალხმრავლობა გახსენებს, რომ ეს ნამდვილად არ არის იმ სოფლთაგანი, რომელიც მიატოვეს ადგილობრივებმა. ნორიოში, მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, 3 756 ადამიანი ცხოვრობს.

„ კარგი სოფელი გვაქვს, კარგი მიწებით,  მაგრამ წყალი არ გვაქვს“, –  ამას ვისმენთ ჩვენი ყველა რესპონდენტისგან. უწყლო სოფელში ერთიორად გაზრდილია საშინაო მეურნეობაში ქალის შრომის ტვირთი.

„ ნორიო არის კარგი სოფელი, აქ  ხალხიც ერთგული და მშრომელია, მაგრამ წყალი არ გვაქვს, ოქრო! 3-4 დღეში ერთხელ მოდის და ისიც შეიძლება გვერდით ერთმა აავსოს და სხვას აღარ დარჩეს. წვიმის წყალს ვაგროვებთ. იმით ვერც დაიბან და ვერც სარეცხს გარეცხავ, რადგან ეგრევე აუვა სუნი.

დიდი ხნის წინათ, აქ, ბუნებრივი წყლებიც იყო და წვიმაც უფრო ხშირად მოდიოდა. აქ დიდი ბაღები იყო და იმდენი ყურძენი მოჰყავდათ, რომ მთელ რაიონს ყოფნიდა“, – იხსენებს ადგილობრივი, ნუნუ ტაკაშვილი.

მისი ბაღი ყურადღებას იქცევს. კარტოფილის, ლობიოს და კიტრის ნარგავებისაოცარი სიმეტრიით  აქვს  ჩარგული. კითხვაზე, როგორ ახერხებს ასეთი სიზუსტის დაცვას ამბობს, რომ ყველაფერს თავისი „ხელოსანი“ სჭირდება. ასეთი კარგი ხელოსანი ჯერ ვერ გამოუჩნდა ნორიოს წყლის პრობლემას. ამის გამო, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას, სასმელი წყლის ყიდვაც უწევს.

„ მაღაზიაში ვყიდულობთ 10 ლიტრას 3-4 ლარად. ამ წყალს ბავშვებსა და მოხუცს ვასმევთ, ჩვენ  იმას ვსვამთ, რაც სამ დღეში ერთხელ  მოგვეწოდება. ამბობენ, რომ არ არის სამელად ვარგისი, ამიტომ ბინტით ვფილტრავ“, – გვიყვება ადგილობრივი თამარ კარილიძე. საუბრისას იმასაც  დასძენს, რომ ნორიოს მოწესრიგებული საბავშვო ბაღი აქვს, რემონტდება სოფლის სკოლაც. უწყლობით გამოწვეულ  პრობლემაზე საუბრობს ადგილობრივი ნელი ღონიაშვილიც.

ამბობს, რომ გრაფიკით მოსულ წყალს ავზებში ინახავენ, შემდეგ წყლისსაქაჩი ძრავით გადააქვთ სარეცხი მანქანის  სისტემაში და ასე უმკლავდებიან რეცხვასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქმეებს.

„ ამ სოფელ აქვს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და მოსახლეობის ნაწილსაქვს სამსახურიც.  სხვებს კი მცირე მეურნეობა, მაგრამ ცხოვრებას უწყლოობა ართულებს. ის წყალი, რომელიც გრაფიკით მოგვეწოდება არ არის სასმელად ვარგისი“, –   გვიმეორებს ადგილობრივი, ნელი ღონიაშვილი.

მსოფლიოს ბანკის დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის: ნორიო, მარტყოფი, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალისამგორი – წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად პროექტი მიმდინარეობს.

„ ახალი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მოცულობით 370 მ3/სთუზრუნველყოფს მოსახლეობის 24 საათიანი სასმელი წყლით მომარაგებას, მაშინ, როდესაც, არსებული წყალმომარაგება უზრუნველყოფს მოსახლეობის მხოლოდ 10-25%-ის წყალმომარაგებას“, – ვკითხულობთ აღნიშნული პროექტის  გარემოს დაცვითი მართვის გეგმაში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ამჟამად პროექტის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ  შიდა დაქსელვის სამუშაოები უნდა დაიწყოს სოფელ ნორიოში.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მასშტაბურია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ, ხოლო ზოგს  საერთოდ იმის დაჯერება  უჭირს, რომ მრავალწლიანი უშედეგო დაპირებების შემდეგ, ამჯერად მაინც ექნება სოფელს სასმელი წყალი.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით