“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
საბიუჯეტო რესურსები
რესურსების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 34% და 23% დააკლდა.
ხელშეკრულების მართვა
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები – მუნიციპალიტეტში არსებობს ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები, შედეგად:
ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით;
ხუთ შემთხვევაში, სამუშაოები შესასრულებლად გადაეცა გამოუცდელ ქვეკონტრაქტორებს, რის გამოც გვიანდება სამუშაოების დასრულება;
ოთხ შემთხვევაში, მიწოდების ვადები გადაწეულია დაუსაბუთებლად და გავრცელებული არ არის, ჯამში − 10.5 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია;
მიწოდების ვადის დარღვევისთვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დათვლილი და გავრცელებული არ არის 46.1 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია;
ხარვეზებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
არაეფექტიანი ღონისძიებები – მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი სერვისების სათანადოდ მიწოდებას. შედეგად, ხარვეზებია წყალმომარაგებით უზრუნველყოფაში.
სახელმწიფო შესყიდვები
სავარაუდო ღირებულების დაუსაბუთებელი ზრდა – მუნიციპალიტეტი ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების წარმართვას მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შედეგად, გაწეულია 18.0 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი.
შემზღუდავი პირობების გამო, შესყიდვების პროცესები იმართება არაკონკურენტულ გარემოში. შესყიდვის პროცესის არასათანადო შესწავლისა და კანონდარღვევით შერჩეული მიმწოდებლის გამო, სამუშაოები დაუსრულებელია.
ქონების მართვა და განკარგვა
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია – მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია
ავტოპარკის მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 40 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
შემოსავლების მართვა
შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია:
მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის ბოლოსათვის ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი − 28.1 ათასი ლარი;
2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის სახით.
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე..
ფოტოების წყარო: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით