გარდაბანში ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობენ

17 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ დაიწყო. კლინიკას ვაქცინის 100 დოზა გადასცეს. აღნიშნული რაოდენობიდან, 23 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ, 10 დოზაა გამოყენებული.

სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ნონა ასათიანი კლინიკაში ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს:

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, დღეის მდგომარეობით შემცირებულია, პანდემია გრძელდება და სამედიცინო საზოგადოება, შემთხვევების ზრდის მესამე ტალღას აანონსებს. ამის ფონზე, კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად ვაქცინაცია რჩება.

QvemoQartli.ge შეეცადა ვაქცინაციის თაობაზე გარდაბნის მოსახლეობის განწყობების გაშუქებას. აქვე გეტყვით, რომ ამ ტიპის “ქუჩის გამოკითხვა” არ წარმოადგენს სრულფასოვან კვლევას და მას არ აქვს შესაძლებლობა, ზუსტი მიგნებების გამოკვეთის.

ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, რესპონდენტების შემთხვევითი პრინციპით შერჩევისას, ასეთი სურათი მივიღეთ: გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. გამონაკლისები კი გვიხსნიან, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრას მხოლოდ იმიტომ გაიკეთებენ, რომ თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ.

„ მეშინია, იმიტომ რომ კარგი არაფერი ისმის, მაგრამ სადაც სხვები იქაც მე, მითუმეტეს იმ ფონზე რომ საზღვარგარეთ მიწევს ხოლმე გასვლა, ალბათ იძულებული ვიქნები მეც გავიკეთო“ – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.  „ არ ვენდობი და არც გავიკეთებ“ – ისმის ამგვარი კომენტარებიც.

QvemoQartli.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტში აცრების მიმდინარეობისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარინა გოგოლაძეს დავუკავშირდა. გოგოლაძემ ორ დღიანი ლოდინის შემდეგ, კომენტარზე უარი გვითხრა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით