გარდაბნის მუნიციპალიტეტი – მთავრობის გადაწყვეტილებების გავლენა მუსლიმთა ცხოვრებაზე

რამდენადაც სამარცხვინო არ უნდა იყოს, ვაღიარებ – საკმაოდ სოლიდურ, ნამდვილად, არა საბავშვო ასაკში გავიგე ქრისტიანობის გარდა სხვა რომელი რელიგიები არსებობს და როგორი გაგება აქვთ სამყაროსი. შევიძინე მეგობრები, რომლებიც ღმერთთან საუბრისას პირჯვარს არ იწერდნენ. ხელის გულებს ამოაბრუნებდნენ ცისკენ და ისე ლოცულობდნენ. ცხადია, ჩვენ ღმერთებს განსხვავებული სახელები ერქვათ – სალოცავი სახლი, დღესასწაულები, წესები გვქონდა განსხვავებული. საერთო კი იყო ის, რომ ჩვენ ყველას გვჭირდებოდა და ახლაც გვჭირდება, ამ „ღმერთების“ არსებობა.

გვაერთიანებს იმედი, რომ იმქვეყნად მაინც არსებობს სამართალი და ის, რომ ლიმიტირებული 80-90-100 წლის გარდა, კიდევ გვაქვს სიცოცხლე. ერთნაირად გვანუგეშებს რწმენა, რომ ადამიანი რომელიც გვიყვარდა და წავიდა, არ გამქრალა. იმედი იმისა, რომ იმქვეყნადაც გველიან  – მე ქრისტიანს და ჩემ მუსლიმ მეგობრებს, ერთნაირად გვახარებს.

პირად ამბებზე, რომ არ გადავიდე, გადავალ სტატიის მთავარ თემაზე. ვწერთ იმაზე, თუ როგორ აისახა მთავრობის გადაწყვეტილებები ქვემო ქართლში მცხოვრებ მუსლიმებზე.

თემაში გარკვევა, საკითხზე მომზადებული  ანგარიშებით და განცხადებებით დავიწყე.

პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების, პირველი გულის ტკივილი – შობის ღამეს უკავშირდება.

პრემიერ მინისტრის განკარგულებით, ჩვენ მართლმადიდებელ მრევლს მოგვეცა შესაძლებლობა, შობის ღამეს შეკრების და ე.წ კომენდატის საათის დარღვევის. უფრო სწორად, რომ ჩამოვაყალიბო, შობის ღამეს ეს შეზღუდვა, გამონაკლისის სახით, გააუქმეს. მსგავსი რამ, არც ერთი სხვა რელიგიის დღესასწაულისთვის არ გაკეთებულა.

გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმნაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებასთან გვქონდა საქმე, – თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის – გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორიელბლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრციხოვანი მართლამიდიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართელოს კანომდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს“, – ამ განცხადებას ხელს აწერენ: ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, მეგობრთა საზოგადება – კვაკერები, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და ხსნის არმია.

მთავრობის გადაწყვეტილებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ეს რეგულაციები, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

მთავრობის გადაწყვეტილება, ცალსახად დისკრიმინაციულად მიიჩნია სამოქალაქო სექტორმაც.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI):

უკიდურესად საგანგაშოდ და შემაშფოთებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის.

მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.    

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC):

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას გაზაფხულზე, ასევე დღეს მოქმედი რეგულაციების დაწესებისას საქართველოს მთავრობას არ გაუმართავს კონსულტაციები რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა). სწორედ გადაწყვეტილების მიღების ამგვარმა არადემოკრატიულმა ფორმამ და არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ინტერესის გამოტოვებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფოს მოქმედების მიმართ რელიგიური ორგანიზაციების უნდობლობის გაღრმავებას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევას განაპირობებს.

***

როდესაც ჩვენი კოლეგები, ქვემო ქართლში მცხოვრებ მუსლიმებზე წერენ, როგორც წესი, მარნეულს სტუმრობენ. ჩვენ კი ამ მასალაზე მუშაობისას, მედიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გაშუქებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტს ვირჩევთ.

ქალაქ გარდაბნის მეჩეთში მცირე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები გვიხსნიან, რომ აქ წინათ პატარა მეჩეთი იყო, რომელიც ახლა გადააკეთეს და უფრო მასშტაბური სალოცავი ადგილი მოაწყვეს. მეჩეთის ეზოში, სამშენებლო საქმეში ჩართულ, ფაღრატ ალიევს შევხვდით. იგი შეეცადა მეჩეთის მოლასთან ჩვენ დაკავშირებას, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ჩვენც ფაღრატს და ადგილობრივებს ვესაუბრებით.

ფაღრატი მორწმუნე ადამიანია. ცდილობს, როგორც პანდემიასთან დაკავშირებულ ჩვენ ინტერესს, ასევე ისლამთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს. ეს უკანასკნელი ჩემი პირადი ინტერესიდან გამომდინარეობს და ამ თემაზე, შემდეგ გამორთული ჩამწერითაც, პირად საუბარს გავაგრძელებთ.

მეჩეთის კართან და გალავანთან არაბულად შესრულებული წარწერებია. მიხსნის, რომ კართან ღმერთის 99 სახელი წერია და წარწერაა, „კარი სამოთხისკენ“. 

„ როგორც სხვებს შეუშალა ხელი პანდემიამ ასევე, შეგვიშალა ჩვენც. ეს ხომ საერთო პრობლემაა. ჩვენ პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ვერ ვიკრიბებით, არ გვაქვს უფლება. გვითხრეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის აკრძალული. ზოგადად ჩვენ, ჯუმალ ამალის დროს/პარასკევის ლოცვისას, ერთმანეთთან ახლოს, ერთგვარ რიგად გვიწევს ყოფნა და ისე ვლოცულობთ. მე როგორც ვიცი ეკლესიაში, როცა ლოცულობენ შეუძლიათ ცალ-ცალკე დგომა, ჩვენთან კი ამ ლოცვაზე ასე არ ხდება.

ისე კი ყველას შეუძლია მეჩეთში, შეკრების გარეშე,  შესვლა და ლოცვა, ორი მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან.

როგორ გითხრათ, ღმერთი ამბობს, პარასკევ დღეს ერთად შეიკრიბეთ და ილოცეთ-ო. ასე არის ჩვენი რელიგიით. ისლამურ სახელმწიფოებში ამ დღეს ისვენებე. ჩვენ არ ვართ ისლამურ სახელმწიფოში, ამიტომ რა წესებიცაა იმას უნდა დავემორჩილოთ.

ერთი დღესასწაული გვქონდა, ათი დღის წინ. ჩვენ მას ყოველ წელს აღვნიშნავათ. ამჯერად კორონა პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ.

ჩვენ არავიზე არ ვართ ნაწყენები. ეს პანდემია ყველას შეეხო. ჩვენ კმაყოფილი ვართ მთავრობის. რაც გვჭირდება ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის. 57 წელია აქ ვცხოვრობ და ჩვენ ხელისუფლებისგან პრობლემა არასდროს გვქონია. თუ ამბობენ, რომ პანდემიის გამო ამ წესების დაცვაა საჭირო ე.ი ასეა საჭირო. ირანშიც ასე იცავენ ამ წესებს და აქაც“, – საუბრობს ადგილობრივი ფაღრატ ალიევი.

მეჩეთს ვათვალიერებთ. ცალკეა ქალებისთვის განკუთვნილი სალოცავი სივრცე. ამ ადგილისკენ იქვე მოწყობილ, შიდა კიბეს ავყავართ. მეჩეთის შიგნიდან ორი გუმბათი ჩანს. ერთი სარკეებითაა მორთული, ცენტრში ვარსკვლავია გამოსახული. მე, როგორც თანამედროვე სელფების სამყაროდან მოსულს,  სელფის გადაღების სურვილი მიჩნდება, მაგრამ მეშინია ჩემს თანამგზავრს არ ვაწყენინო და არ ვამხელ.

ზუსტად ვერ მივხვდი იცოდა, თუა არა ფაღრატმა, რომ შობის ღამეს ჩვენ მართლმადიდებლებს გვქონდა შესაძლებლობა, აღგვენიშნა დღესასწაული შეკრებით და კომენდატის საათის “დარღვევით”.  საუბრისას ეს არ უხსენებია და ხაზს უსვამდა იმას, რომ შეზღუდვები ყველასთვის დაწესდა.

ამ მეჩეთში, სხვა ადგილობრივს ჯეიგუნ ალიევსაც გავიცნობთ. ჯეიგუნი, შემდეგ გზა აბნეულს, გარდაბნის ერთ-ერთ ქუჩაზე მნახავს, [ჩემი მატყუარა ნავიგაციის სისტემის წყალობით] და ნაზარლოს მეჩეთისკენ გამიძღვება, მანამდე კი ასეთ კომენტარს გააკეთებს.

„ როგორც ექიმები გვირჩევენ ისე ვაკეთებთ.

დავდივართ ვლოცულობთ – ერთი პარასკევს არ გვაქვს შეკრების, ერთად ლოცვის უფლება. სხვა მხრივ ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ეს ღვთის სახლია და მისი კარი ყველასთვის ღიაა“, – საუბრობს გარდაბნელი ჯეიგუნ ალიევი.

სოფელი ნაზარლო

როგორც უკვე გწერდით ჯეიგუნი ნაზარლოს მეჩეთისკენ გამიძღვა. ნაზარლოში დაგვხვდა ძველი და მის გვერდზე აგებული ახალი მეჩეთიც. სამწუხაროდ, მოლა აქაც არ დაგვხვდა ადგილზე და მოუცლელობის გამო, მასთან საუბარიც ვერ მოხერხდა.

თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი ნამდვილად მოუცლელობას, თუ მედიასთან ურთიერთობის სურვილის ნაკლებობას აქვს ადგილი, საზოგადოების ამ ნაწილში. რადგან შემდეგ უკვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში, ადგილობრივ მეჩეთში, რომელიც როგორც მითხრეს იმამ ხუსეინის სახელობისაა, ახუნდი/მოლა სატელეფონო საუბარზეც არ დამთანხმდება. მას ადგილობრივები დაურეკავენ, ეტყვიან რომ ჟურნალისტია და მასთან საუბარი სურს, თუმცა მოუცლელობას დაუსახელებს მიზეზად და არ დამელაპარაკება.

თუ მოვა ახუნდი ფაიაზ შახვერდიევი, მას ადვილად იცნობთ, ახალგაზრდა „რიჟა“ კაცია- ო, მიხსნიან ადგილობრივები, თუმცა მე მას, ცხადია, ჩასაფრებას არ ვუწყობ და მეჩეთში მყოფ ახალგაზრდებს ვესაუბრები.

სოფელი აღთაკლია

ვხვდები, რომ აქ ცოტა სხვა წესებია. ჩემი რესპონდენტი ფაიკ ეიუბოევი მეუბნება, რომ მისი საუბარი არ ჩავიწერო. მას ურჩევნია ისე დამელაპარაკოს. ინტერვიუს ხელით ვიწერ. იმდენი ხანია კლავიატურის გარეშე არაფერი ჩამიწერია, ფაქტიურად, იეროგლიფებით ვიწერ მის სიტყვებს.

„ ხალხი აღარ დადის პანდემიის გამო. წინათ 30-40 ადამიანი მაინც დადიოდა. ახლა ასე არ არის, ხუთი-ექვსი თუ მოვა.

ეს მეჩეთი, მე რამდენადაც ვიცი 2002 წელს აშენდა.

მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსის გადადების მხრივ აქ, ლოცვა არ არის საშიში, რადგან ჩვენთან ლოცვამდე „დეშთა მაზი“ ხდება, ანუ ჩვენ ვიბანთ ხელებს, პირს – ასევე, ვიხდით ფეხზე და ისე შევდივართ სალოცავად.

წყენა გვაქვს თუ არა მთავრობის დაწესებული, რომელიმე შეზღუდვის გამო? არა, ჩვენ არანაირი წყენა არ გვაქვს“, – საუბარს ასრულებს, ფაიკ ეიუბოევი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სულ ცოტათი მაინც, მუსლიმთა განწყობების გასაცნობად, მუშაობას ვაგრძელებთ.

ჩემი მატყუარა ნავიგაციის სისტემის წყალობით, სამჯერ შემოვუარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მეჩეთს და ბოლოს, როგორც იქნა, მის წინ აღმოვჩნდი.

ამჯერად მიმართლებს, ყარაჯალარის მეჩეთის იმამი ხალილოვ იდააიატ ხალილოღლუ საუბარზე გვთანხმდება.

„ ლოცვა დღის განმავლობაში ხუთჯერ სრულდება. აქ ვინც შემოდის ყველასთვის აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, ისე როგორც მთავრობა გვთხოვს. ჩვენ არ გვქონდა პარასკევს შეკრების უფლება, თუმცა ეს ახლახანს შეიცვალა და ახლა უკვე გვაქვს პარასკევს შეკრების და ლოცვის უფლება. დარეკეს და გვითხრეს, რომ ამისი უფლება უკვე გვაქვს.

წინათ აქ პატარა მეჩეთი იყო, ვერ ვეტეოდით. ახლა ავაშენეთ [ადგილზე მცირე სამშენებლო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს] აქ, ახალგაზრდებიც დადიან აქტიურად.

ჩვენი რელიგია ისეთია, რომ ვინც სათავეში დგას, ჩვენ მას ვუჭერთ მხარს. არჩევნებზეც .. ჩვენ ადამიანს კი არ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ ქვეყნის დროშას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთვარობას, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში ჩვენ მას ვუჭერთ მხარს. დღეს ივანიშვილია და ივანიშვილს ვუჭერთ მხარს. ხვალ მარკოსიანი იქნება, ჩვენ მასაც დავიცავთ, რადგან ჩვენ ვექვემდებარებით სახელმწიფოს. ჩვენ ქართული სახელმწიფო ფულს გვიხდის, აქ არის ქართული მუსულმანური საზოგადოება.

მათ მოგვცეს შესაძლებლობა ამ მეჩეთის აშენების და თანხებიც გადმორიცხეს“, – საუბრობს, ყარაჯალარის მეჩეთის იმამი ხალილოვ იდააიატ ხალილოღლუ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენებული, თუ მშენებარე მეჩეთების ფონზე, რთულია საუბარი იმაზე, რომ სახეზეა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების უფლებების შელახვა. თუმცა ჩემს გონებაში, ორი კითხვა ვერ ისვენებს: არის თუ არა მთავრობის კრიტიკის შიში საზოგადოებს ამ ნაწილში? შეუძლიათ, რომ შიშის გარეშე ისაუბრონ იმაზე რაც აწუხებთ? მე მჯერა, რომ გამოწვევებზე ღიად საუბარი/მსჯელობა არის, სწორედ, სახელმწიფოს გვერდში დგომა და მცდელობა, ერთმანეთის განსხვავებული შეხედულებების პატივისმცემელი საზოგადოების შექმნის.

მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით