07.03.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„ ქვეყნის კანონები სხვაა, მათ კი თავიანთი კანონები აქვთ“ – სამუშაო პირობებზე “რუსთავის ფოლადში”

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა პრობლემების სათავეშია, ხშირად, გვავიწყდება ვწეროთ იმაზე თუ რა პირობებში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს სამსახურების პოვნა. აქვთ, თუ არა „ღირსეული შრომა“. ცხადია, ამ ტერმინში მხოლოდ შრომის ადეკვატური ანაზღაურება არ იგულისხმება.

ვერასდროს ვიგებდი და ვეგუებოდი იმას, რომ რუსთავში მოქმედი საწარმოების დიდი ნაწილი, ერთგვარად ქმნიდა ქალაქს ქალაქში – გარემოს საიდანაც დიდად არც კრიტიკის ხმა ისმოდა და ვერც ვიგებდით, რა პირობებში ყავდათ დასაქმებულები.

იყო აქციებიც, მაგრამ ესეც, ალბათ, ზღვაში წვეთია. ახლა, როდესაც „რუსთავის ფოლადი“-ს [ბევრისთვის ცნობილი, როგორც მეტალურგიული საწარმო] თანამშრომლებს ვესაუბრებით, არა ერთ პრობლემას ვისმენთ, რომელსაც თან ახლავს ფრაზა: „ ქვეყნის კანონები სხვაა, მათ კი თავიანთი კანონები აქვთ.“

მე კი მაინც მჯერა, რომ ცოტა რამ არის, რომლის გამოსწორებაც საუბრით და გასაჯაროებით არ ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მთავრობაში, ვის როგორი ლობი/მფარველი ჰყავს. ან იმას, თუ რომელი ხელმძღვანელი, როგორ ებღაუჭება თავის სოლიდურ ხელფასს.

რესპონდენტები, რომლებიც მუშაობენ საწარმოში, ხშირად მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობენ. ამისი მიზეზი შიშია, რომ ღიად საუბრის შედეგად, უმუშევრები დარჩებიან.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მასალაში დასახელებულ თითოეულ პრობლემაზე კომენტარისთვის მივმართეთ შპს „რუსთავის ფოლადს“. ასევე, ვწერდით რომ სურვილი გვაქვს საამქროების გადაღების, სადაც ადამიანები მუშაობენ. საწარმომ ჩვენს კითხვებს და თხოვნას, დუმილით უპასუხა.

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომელი: პირველ რიგში, საწარმოში ძალიან დაბალი ხელფასებია და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. მაგალითად: 2008-2009 წლებში, რომ დაგვინიშნეს 500-600 ლარამდე ხელფასი, ეგ არის ახლაც. მაშინ საწარმო 60 ტონა პროდუქციას აწარმოებდა, ახლა კი 300 ტონას აწარმოებს. რა, არ გაიზარდა ჩვენი შრომა?! დირექტორს ვერ დაელაპარაკები ხელფასის მომატებაზე. რას ქვია მაკრიტიკებსო და გაგიშვებს სამსახურიდან.

ხელმძღვანელობას წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები აქვთ და მუშებსაც რომ  ჰყავთ ოჯახები, მაგაზე არ ფიქრობენ. ასევე, ახლა ღამის ცვლის  თანხასაც არ გვიხდიან. არ აქვს მნიშვნელობა შრომის კოდექსში რა შეიცვლება, გვეუბნებიან ჩვენ, ჩვენი კანონები გვაქვს-ო. პანდემიის დროს ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად ამისა, მთავრობის დაწესებული საშემოსავლოს 20%-ის შეღავათით ჩვენ, რიგითმა თანამშრობლემა ვერ ვისარგებლეთ. საწარმომ თვითონ დაიტყობა ეს თანხა. ესეც ამგვარად არ უნდა გაეკეთებინა მთავრობას, რადგან რა თქმა უნდა, საწარმო თვითონ იხეირებდა და ჩვენ ვერანაირ შეღავათს ვერ მივიღებდით.

ჩვენ დირექტორს 80 ათასი ლარი აქვს ხელფასი. ჩვენთან კი წუწუნებს, როგორ ვარჩინო შვიდსულიანი ოჯახი ჩემი ხელფასით-ო. თანხები, რომ დავზოგო მძღოლიც არ მყავს-ო. გესმით, რა ხელფასი აქვს და რას გველაპარაკება?!

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომელი: ქალებთან მიმართებაში უსამართლო მიდგომაა შვებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაძლევენ 34 დღიან შვებულებებს, ვსარგებლობთ მხოლოდ 24 დღიანით. მაინტერსებს თუ კაცებისთვის ითვლევა ეს სამუშაო „მავნედ“ ჩვენ იქვე არ ვართ?! ჩვენთვის რა, არ არის მავნე? ასევე ქალების მიმართ უსამართლოა ისიც, რომ ავარიული გაჩერებების დროს, როდესაც საამქრო ჩერდება, ჩვენ გვიშვებენ სახლებში. სადამდეც გვაქვს ანაზღაურებადი შვებულება კი ვსარგებლობთ, მაგრამ შემდეგ უკვე უხელფასოში გავდივართ. მამაკაცები კი დადიან, ჩვენც შეგვიძლია ვიაროთ, ხომ ვალაგებთ და ვასუფთავებთ იმ სიბინძურეს. ჩვენი შრომა კი არაფერში წერია.  

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომელი: გაფიცვით შეიცვალა ის, რომ ახლა ერთი დღე ვმუშაობთ და ორი ვისვენებთ, სხვა ისეთი არაფერი შეცვლილა. საამქროებში არის შიდა გათბობა, მაგრამ სამუშაო სივრცე არ არის მოწყობილი: გვაქვს ცუდ მდგომარეობაში საშხაპეენი და საპირფარეშო. ამაზე გამახსენდა, საამქროს, საშხაპეებს და ყველაფერს დამლაგებლი ალაგებს – უზომოდ დიდი შრომა აქვს და წლებია 300 ლარამდეც არ გაუზარდეს ხელფასი. საამქროს გარდა, გარეთა სივრცესაც ალაგებს.

ვიცი წინათ იყო, რომ რძეს და რაღაცეებს ურიგებდნენ თანამშრომლებს, რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოა. ახლა რა რძე? თვითონ კი აჭმევენ თანამშრომლებს, მაგრამ არ არის კარგი კვება. ამას წინათ ჰამბურგერები მოიტანეს ისეთი.. ძაღლს, რომ დაუგდეთ, იმანაც არ ჭამა. ეტყობა წინა დღის იყო. ვთხოვეთ, კვების თანხა ხელფასზე დაემატებინათ და ჩვენ მოვიტანდით საკვებს, მაგრამ უარი თქვეს.

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომელი: არ ვიცი აქვთ თუ არა ფილტრები და გამწოვები. ამბობენ, რომ აქვთ და ამუშავებენ, მაგრამ ფაქტია, რომ წარმოების დროს გარკვეულ, ერთ მომენტში, ძალიან დიდი მტვერი დგება. ჩვენთვისაც გაუსაძლისია და ქალაქისთვისაც. სხვა დროს მტვერის დონე თანაბარია. დიახ, ვუჩივით ჯანმრთელობას..თვალებს, ფილტვებს – აბა, ამ გარემოში როგორ დარჩები ჯანმრთელი?! ადამიანებს არ აქვთ გამოსავალი..არ ვიცი ვინ ყავთ ლობი მთვარობაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქვთ ზურგი. სხვა შემთხვევაში ამდენ ადამიანს ასე ვერ მოექცეოდნენ. ნაცების დროს პაკისტანელი იყო მეპატრონე, რამდენადაც ვიცი, ახალ ებრაელი ბიზნესმენი მოიყვანეს.

რადგან „რუსთავის ფოლადისგან“ კომენტარი ვერ მივიღეთ, გთავაზობთ საწარმოს გენერალური დირექტორის ნუგზარ კაჩუხაშვილის მიმართვის ნაწილს, რომელიც საწარმოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცნობისთვის, ამ მიმართვაში ბატონ ნუგზარს ერთხელაც არ უხსენებია საწარმოს თანამშრომლები.

„2012 წლის იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  იმყოფება შპს “რუსთავის ფოლადის” მმართველობასა და მფლობელობაში. შპს „რუსთავის ფოლადის“  მიზანია ახალი სიცოცხლე შესძინოს ქალაქ რუსთავში ფოლადის წარმოების საამაყო და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც სათავეს 1948 წლიდან იღებს. რუსთავის მეტალურგიული ქარნის ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას თანამედროვე ქარხანა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“ – რუსთავის ფოლადის  გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი.

შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელიც მართვას საწარმოს – 2011 წლის 29 ნოემბერს არის დარეგისტრირებული. საწარმოს დირექტორი, საქართველოს და აშშ ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ნუგზარ გიორგი კაჩუხაშვილია. საწარმოს 100% წილი კი ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი“ – რეგისტრაციის ნომერი: 24233341

ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანია, ჩვენთვის არ არის ცნობილი.

ვუბრუნდებით საწარმოში არსებულ სამუშაო გარემოს.

სტატიაში დასახელებულ პრობლემებზე კომენტარი „ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“-ს ვთხოვეთ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე: „ შემიძლია, ხელფასებთან დაკავშირებით, კომენტარი გავაკეთო იმაზე დაყრდნობით, რაც თქვენმა ამ კონკრეტულმა რესპონდენტმა ისაუბრა. ზოგადად, როცა მაგალითად ათასი კაცი უშვებს, რაღაც კონკრეტული რაოდენობის პროდუქციას და შემდეგ  ეს ათასი კაცი გამოუშვებს ორჯერ მეტს გამოდის, რომ  თითოეულ ადამიანზე შრომის ტვირთი გაიზარდა, ორჯერ. პროდუქციის რაოდენობის ზრდა, ნიშნავს დამატებით შემოსავლებს და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული რესპონდენტის წუხილი და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეზრდნებათ ხელფასი – რეალურია.

ხელფასებთან მიმართებაში, საყურადღებოა ინფლაციის მაჩვენებელიც. ბოლო 10 წლის მანძილზე დაახლოებით 25%-ით არის  გაზრდილი სამომხმარებლო პროდუქციის ფასები.  შესაბამისად, ამ ადამიანების წუხილი არის რეალური. ძალიან ცუდია, როდესაც კომპანიას საერთოდ არა აქვს სოციალური პოლიტიკა შრომითი კოლექტივის მიმართ.

რაც შეეხება საშემოსავლოს 20% -ის თემას და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას – მე შემიძლია აქ, ნაკლებად კრიტიკული ვიყო. იმიტომ, რომ პანდემიის პერიოდში კრიზისია და მთავრობამ გააკეთა გეგმა, რომელიც შეესაბამება შესაძლებლობებს. მე მესმის დასაქმებულების, რომლებიც წუხან იმაზე, რომ საშემოსავლო არ გადაუნაწილდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეღავათი მთავრობამ გაუწოდა ბიზნესს, თან თქვა, რომ ამას ვაკეთება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეინარჩუნოთ-ო.

თან ამ თანხით, რომელიც გამონთავისუფლდა, დამსაქმებლებს უნდა შეეძინათ კოვიდის პრევენციის საშუალებები. ასევე უნდა დაეხარჯათ თავიანთი ტრანსპორტის მიმართულებითაც. თუ ყავდა საწარმოს ათი ავტობუსი, კიდევ უნდა დაემატებინათ, რათა მგზავრებს/თანამშრომლებს შორის სოციალური დისტანცია დაეცვათ.

შესაბამისად, ვერ ვხედავ დანაშაულს იმაში, რომ კომპანიამ მუშებს არ გადაუნაწილა ეს თანხები, აქ უბრალოდ ცუდი ის არის, რომ თვითონ „რუსთავის ფოლადი“-ს კომპანია არ ავლენს სოციალურ პასუხისმგებლობას და არ გააჩნია სოციალური პოლიტიკა. საშემოსავლო არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის სარგებლობენ, თუ არა მისი დასაქმებულები კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით?! ანაზღაურდებია თუ არა ბიულეტენი?! ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდებია, თუ არა? და როგორი ტარიფია დაწესებული? ეს არის პრობლემები. მე ვიცი, რომ მაგ კონკრეტულ საწარმოში, ამ მხრივ პრობლემებია.

თუ საშემოსავლოს დავუბრუნდებით, ჩვენ მაგალითად გვაქვს შემთხვევა, “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით – აი, მათთან მოლაპარაკების შედეგად, ამ თანხის ნაწილი გადანაწილდა მუშებზე. მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიხარჯა თანხების ნაწილი, პანდემიის წინააღმდეგ საშუალებების შესაძენაზე. რაც დარჩა უკვე ის გადანაწილდა მუშებთან. ექვსი თვე, ვანგარიშობდით ამას. მგონი, ერთადერთი კომპანიაა „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელმაც ეს გააკეთა.

ზოგადად შპს „რუსთავის ფოლადის“ ადმინისტრაცია არის ძალიან ჩაკეტილი ადმინისტრაცია. ვიზიარებ მეტალურგთა წუხილს, ჭირს ამ კომპანიასთან სოციალური დიალოგი.

რაც შეეხება თქვენ კითხვას, ქალებთან მიმართებით 24 დღიან შვებულებაზე, მანდ გასარკვევია ეკუთვნის თუ არა მისი სამუშაო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს კატეგორიას. თუ ერთიდაიგივე სპეციფიკა აქვთ ადგილზე მუშაობისას კაცებს და ქალებს და ერთს უმატებენ დამატებით 10 დღეს შვებულებას და მეორეს არა ეს, ცხადია, დისკრიმინაცია არის.

ამ კუთხით, კომპანიები ხშირად აპელირებენ და იყენებენ იმას, რომ კანონმდებლობით ამ ნაწილში ყველაფერი დაწვრილებით და სიტყვა-სიტყვით არ არის დაკონკრეტებული. შესაბამისად, შემდეგ ამას უკვე დამატებითი კვლევა და ყველა დეტალის შესწავლა სჭირდება.

საამქროებში, სველი წერტილების და საშხაპეების პრობლემაზე კი შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციას აქვს უფლება გააკონტროლოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოება, არამედ  შრომით სამართლებრივი ურთიერთობებიც. თუკი ეს ადამიანები ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკავენ და კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემას დაუსახელებენ, დაიწყება შესაბამისი ღონისძიებები. იგივე შემიძლია ვთქვა ქალების სავარაუდო დისკრიმინაციაზეც, ეს საკითხიც შეუძლია შეისწავლოს ინსპექციას.”

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, დასაქმებულებს აქვთ სამართლებრივი გზები საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს გზები კი არის შრომის ინსპექცია, სასამართლო და პროტესტი.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

ნოეს უბანში, შეშას და საკვებ პროდუქტებს ითხოვენ

ნოეს უბნის სახელით ცნობილი დასახლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ აღთაკლიასთან მდებარეობს. აქ, ამჟამად ბოშათა თემის წარმომადგენელი, 7 ოჯახი რთულ სოციალურ პირობებში...

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

რუსთაველები ,,რუსთავის წყალს“ დაუპირისპირდნენ

გასული წლის აპრილში ,,რუსთავის წყალმა” საზოგადოებას ამცნო, რომ წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა დაიგეგმა. ასევე ითქვა, რომ  რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *