2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად გადაადგილდებიან, ხალხმრავლობაა ქუჩებში – მუშაობს არა ერთი კომერციული ობიექტი. მარტყოფს აქვს ორი საბავშვო ბაღი და ორი სკოლა. სოფელი ცნობილია, როგორც უძველესი ასევე ახალი აგებული ეკლესიებით, რომელთაც მთელი წლის მანძილზე, არა ერთი ადამიანი სტუმრობს.

თუმცა სიცოცხლით სავსე სოფელში, ადგილობრივების ნაწილს, სასმელი წყლის ყიდვა უწევს.

ნინო წიკლაური ერთ-ერთი აქ მცხოვრებთაგანია, რომელსაც ეს პრობლემა უკვე ექვსი თვეა აწუხებს. გვიყვება, რომ გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, სასმელი წყლის შეძენა, ყოველდღიურად, უწევს.

„წყლის პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი, პირადად ჩემთან ოქტომბრის მერე წყალი აღარ ყოფილა. საიდანაც მოედინება იქ ეტყობა, რაღაც ქანებმა ცვლილება განიცადა-ო და ბასეინში აღარ გროვდება-ო, სადაც წყალი უნდა მოგროვდეს და განაწილდეს უბნების მიხედვით, – ამას აბრალებენ. წყალს ვყიდულობთ, ასეთ დღეში ვართ. გვპირდებიან რომ მალე იქნება. როგორც ვიცი დიდი თანხებია გამოყოფილი და კეთდება. საცხენე-ახალსოფელს აქვს და მარტყოფი-ნორიოც ჩავერთვებით მალე, ასე გვეუბნებიან“, –  საუბრობს, ადგილობრივი ნინო წიკლაური.

სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზე გვიყვება, 68 წლის გოდერძი მარუშაშვილიც.

„სოფელში რომ წყალი არ არის და წყალს რომ იყიდი ამხელა სოფელში, ეს სოფელია?! ეს არის უკეთესობა?! ვყიდულობთ წყალს. ჯერ ისე გაჭირვებაა, უფულობაა. საჭმლის ყიდვა უჭირს ხალხს და მით უფრო, რომ წყალიც უნდა იყიდო. ამისთანა უპატრონო სოფელი მგონი არსად არის საქართველოში“, – ამბობს ადგილობრივი გოდერძი მარუშაშვილი.

„შემოჰყავთ-ო წყალი-ო, მაგრამ როდის იქნება არ ვიცი, მრიცხველებსაც დავაყენებთ-ო, მაგრამ არ ვიცი.. ფაქტია რომ ჯერ ისევ ვყიდულობთ წყალს“, – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც საუბარში გვერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გარკვეულ ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა არა აქვს, გვიხსნიან რომ საკითხი მაინც მთელი სოფლის სატკივარია.

„ მართალია ჩვენ უბანში არის წყალი, მაგრამ სოფელში ზოგადად სასმელი წყლის პრობლემაა. ჩვენ, დილის საათებში მაინც მოგვეწოდება, მაგრამ გვერდით უბანში მცხოვრები ოჯახების უმეტესობა წყალს ყიდულობს ან წყაროდან ეზიდება“,  – ამბობს 47 წლის თამუნა ბედიანაშვილი.

მარტყოფის ცენტრში, სამარშუტო ტაქსს ვხედავთ წარწერით: „წყალი“. ადამიანი, რომელიც წყალს ყიდის გვიხსნის, რომ ამ კომერციულ საქმიანობაში მის გარდა სხვებიც არიან ჩართული.

„თითქმის ორჯერ, სამჯერ ჩამომაქვს წყალი, ეს მარტო მე, მაგრამ სხვებიც არიან. ორი ტონა წყალი 25 ლარი ღირს, დღეში მაქსიმუმ სამი რეისი მომაქვს.  საერთო ჯამში, 6 ტონა წყლის გაყიდვა მიწევს დღიურად. წლებია უკვე მარტყოფში ეს პრობლემაა“, – ამბობს წყლის გამყიდველი ახალგაზრდა.

სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გაგუა ამბობს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არიან და მის მოსაგვარებლად, შესაბამისი სამუშაოებიც 2017 წლიდან მიმდინარეობს. პროექტს, მერია მუნიციპალური ფონდის დახმარებით ახორციელებს.  გვიხსნის, რომ მარტყოფთან ერთად გამრიცხველიანება, კიდევ ოთხ სოფელში – ნორიოში, ახალსოფელში, ვაზიანსა და ახალ სამგორში იგეგმება.

„ ამ დროისთვის, მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები, სარეზერვო ბასეინების გაკეთება და მაგისტრალური ხაზების მთლიანად ჩაწყობა, რომელიც უახლოეს თვეებში სრულდება.

მესამე ეტაპის ტენდერიც ცხადდება დღე-დღეზე, შეიძლება ერთ კვირაშიც გამოცხადდეს, რომელიც მოიცავს გამრიცხველიანების სამუშაოებს და შიდა დაქსელვას. მესამე ეტაპის დასრულების ვადა, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარი იქნება. რვა ათას ოჯახში გვაქვს შესაყვანი ინდივიდუალურად მრიცხველი, – ეს მხოლოდ მარტყოფში.

პროექტის დასრულებას დრო სჭირდება. ხალხის მდგომარეობაშიც შევდივართ, მაგრამ ის ხალხიც უნდა შემოვიდეს ჩვენ მდგომარეობაში. მაგათთვის კეთდება და საბოლოოდ კეთდება იმისთვის, რომ რაიონში აღმოიფხვრას წყლის პრობლემა“, – აცხადებს, გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გაგუა.

სასმელი წყლის გარდა მარტყოფში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მართვით კუთხითაც სირთულეებია.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით