სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ [სასოფლო სამეურნეო], რეპროდუქტიულ [საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ] და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია. 

სოფლად მცხოვრები ქალების თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა.

ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება როგორიცაა: მოსავლის აღება, გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება, ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციით, არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭიროა:

  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულების გენდერული ანალიზი (მათ შორის, ქალებისა და კაცების რესურსებზე წვდომისა და გადაწყვეტილებებში ჩართულობის მიმართულებით) და გამოვლენილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოციალური ინფრასტრუქტურის, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სერვისების შექმნა/გაუმჯობესება;
  • სოფლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის.
  • სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არსებული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების ქალთა და კაცთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგება;
  • საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამების არსებობა;
  • სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

ინფოგრაფიკის წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)