1+4 პროგრამა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა, ნებისმიერი სახელმწიფოს ნათელი მომავლის გარანტიაა, რადგან განათლება,ყველანაირი წინსვლის გასაღებია. თუ გვინდა განვითარებული და წარმატებული  მომავალი გვქონდეს, მაშინ შესაქმნელია, ძლიერი განათლების სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების თითოეულ წევრისთვის.

2010 წლიდან, 1+4 საგანმანათლებლო  პროგრამა მოქმედებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ამ პროგრამის მეშვეობით საქართველოს არაქართველი აბიტურიენტები იღებენ შანსს, რომ შეისწავლონ სახელმწიფო  ენა და გააგრძელონ სწავლა საქართველოში.

ცამეტი წლის განმავლობაში, აღნიშნულ პროგრამას უამრავი კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უმცირესობების ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობაა.

საინტერესოა, რამდენად ასრულებს პროგრამა თავის მიზანს, ან რამდენად სარგებლიანია ახალგაზრდებისთვის?!

ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც არ უნდა თავისი  ვინაობის დასახლება, ბოლნისიდან არის. პროგრამის მონაწილე, აზერბაიჯანელი ახალგაზრდაა. ახლა მეორე კურსზეა და ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თავისი წვლილის შეტანა.

„ ვფიქრობ, 1+4 პროგრამა არ არის საკმარისი ქართული ენის სრულად შესასწავლად. მართალია, გარკვეული ცოდნა გვაქვს, მაგრამ სწავლის გაგრძელება რთულია. ზოგიერთი ლექტორი სერიოზულად არ აღიქვამს ამ პროგრამის აპლიკანტებს. ზოგჯერ, დისკრიმინაციულ სიტყვებსაც იყენებს, რაც სტუდენტებს მოტივაციას უკარგავს. ზოგი ლექტორი კი ამ ყველაფერთან ერთად არ არის პუნქტუალურიც.

ჩემთვის აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ ნებისმიერ ფაკულტეტზე შეგვიძლია სწავლის გაგრძელება, ერთი გამოცდით. გარდა ამისა, ვისურვებდი, თურქეთში არსებული  “Tömer” პროგრამის მსგავსი სიახლეს  – 1+4 პროგრამაშიც. ეს გულისხმობს იმას, B1 დონეზე, ენის მცოდნე ახალგაზრდები, პირდაპირ  იწყებენ  ბაკალავრიატს და მოსამზადებელ კურსზე არ კარგავენ წელიწადს.“

ჩვენი მეორე რესპონდენტი კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში მცხოვრები,  რუსლან ომაროვია. იგი, 1+4  საგანმანათლებლო პროგრამით თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტია.

„ 1+4 პროგრამის დადებით მხარეებზე ყველა ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის შესწავლაში  და ასრულებს კიდეც, თუმცა დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ, განათლების სისტემაში დღემდე არ გვქონია ისეთი წინსვლა, რომელიც ან აღარ დაავალდებულებდა, ქართული ენის სწავლაში, 2 250 ლარის გადახდას, ან და საერთოდ მოხსნიდა ამ პროგრამის საჭიროებას. ეს სამსჯელოდ საკმაოდ ფართო თემაა.

მოდით, ისევ 1+4 პროგრამაზე და მის როლს დავუბრუნდეთ. მართალია, რომ ამ პროგრამის დასრულების შემდგომ, უკვე შემსწავლელს შესამჩნევი პროგრესი აქვს ენობრივ კომპეტენციებში, თუმცა თუკი მას არ ჰქონდა საკმარისი წინარე ცოდნა-პრაქტიკა ქართულ ენაზე, ეს ცოდნის ამაღლებაც არ არის საკმარისი, ბაკალავრიატზე თავის რეალიზაციისთვის.

სტუდენტი, ბაკალავრიატის პარალელურადაც განაგრძობს ქართულის გაუმჯობესებას, რაც უარყოფითად აისახება, მის მიერ, საკუთარი სპეციალობის სრულყოფილად შესწავლაზე და აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ ზოგჯერ ეს ყველაფერი სწავლის შეჩერებით სრულდება,“- საუბრობს რუსლან ომაროვი.

როგორც აღვნიშნეთ, 1+4 პროგრამას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული  ენის შესწავლის და ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პროგრამის შედეგების შესწავლა. მაგალითად, აღნიშნული პროგრამის რამდენი კურსდამთავრებული  არის დასაქმებული, ან რამდენად აკმაყოფილებს  პროგრამა ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების მოთხოვნილებებს და მსგავსი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ავტორი: ელლადა რიზალი

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.