ციფრული საუბრების პრივატულობის დაცვა
CyberSTAR-ის ქსელი გვთავაზობს რჩევებს, რომელიც დაგვეხმარება ციფრული საუბრების პრივატულობის დაცვაში.
ციფრული საუბრები გახდა ჩვენი ყოველდღიური პირადი და პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ვურეკავთ მეგობრებსა და ოჯახს WhatsApp-ის, ან Skype-ის საშუალებით, ვესაუბრებით კლასელებს Facebook მესენჯერით და ვაგზავნით იმეილებს პირადი, სასწავლო, ან სამუშაო ანგარიშებიდან. გარდა ამისა, ვაგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ჩვენი მობილური ტელეფონებიდან და ვკამათობთ უცნობებთან ონლაინ ფორუმებზე.
ყველა ეს საუბარი გადის რთულ ინფრასტრუქტურაში, მრავალი როუტერის, სერვერისა და კაბელის ჩათვლით. სხვადასხვა ადამიანს, ან ორგანიზაციას – მოყვარული ჰაკერებისა და დახვეწილი ხელსაწყოებით აღჭურვილი ინტერნეტ პროვაიდერების ჩათვლით – შეუძლიათ, მიიღონ წვდომა ამ საუბრებზე. ციფრული კომუნიკაციის რომელ ტექნოლოგიასაც არ უნდა იყენებდეთ, აქ მოყვანილი ძირითადი რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ონლაინ საუბრების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.
გამოიყენეთ ღია და დაშიფრული არხები
ბაზარზე ელ. ფოსტისა და შეტყობინებების მრავალი სერვისია, მაგრამ თქვენი საუბრების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ყველა თანაბრად არ იცავს.
თუკი გსურთ, ვერავინ გაიგოს, რას უყვებით თქვენს თანამოსაუბრეს,გამოიყენეთ აპები და სერვისები, რომლებიც გთავაზობენ ორმხრივ დაშიფვრას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი ციფრული საუბრები გადის რთულ ინფრასტრუქტურაში და სანამ გაივლის, შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ხელში აღმოჩნდეს. თქვენი საუბრების დასაცავად არსებობს ერთადერთი საიმედო გზა: გამოიყენეთ სერვისები, რომლებიც შიფრავს (ანუ რთულ კოდად აქცევს) ყველაფერს, რაც ტოვებს თქვენს მოწყობილობას და არ გაშიფრავს მანამ, სანამ არ მივა ადრესატამდე. ვთქვათ, ვიღაცამ “დაიჭირა” დაშიფრული იმეილი, ან ზარი თქვენს მოწყობილობასა და მიმღებს შორის. ამ შემთხვევაში ის დაინახავს მხოლოდ უაზრო სიმბოლოების სერიას.
ასევე უმჯობესია, აირჩიოთ ღია წყაროებზე დაფუძნებული აპლიკაციები და არა კერძო კომერციული პროდუქტები. პროგრამულ უზრუნველყოფას ეწოდება ღია წყაროზე დაფუძნებული, თუკი მისი კოდი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტებს და ტექნიკურად განსწავლულ მომხმარებლებს შეუძლიათ: შეამოწმონ კოდი, რომლითაც აპლიკაციაა დაწერილი, აღმოაჩინონ და გამოასწორონ მასში არსებული სისუსტეები და დაადასტურონ, რომ აპლიკაცია საიმედოდ იცავს მომხმარებლის მონაცემებს.
ProtonMail გთავაზობთ უფასო, ღია წყაროზე დაფუძნებულ, და ორმხრივად დაშიფრულ იმეილ სერვისს, რომელიც იცავს თქვენს მიმოწერას. უფასო და ღია კოდზე დაფუძნებულ მესენჯერებს შორის, ორმხრივად დაშიფრული Wire და Signal საუკეთესო არჩევანია.
დაიცავით თქვენი მოწყობილობები
სრული დაშიფვრა თქვენს საუბრებს უკანონო მიყურადებისგან იცავს, სანამ ისინი გზაშია თქვენსა და ადრესატს შორის. მაგრამ ის ვერ დაგიცავთ, თუკი უკვე კონტროლდება თქვენი, ან თქვენი თანამოსაუბრის მოწყობილობა. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თუკი უყურადღებოდ დატოვებთ თქვენს მოწყობილობას, ან დაკარგავთ მას ისე, რომ ეკრანის ავტომატური დაბლოკვა არ გექნებათ ჩართული. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, თუკი თქვენი მოწყობილობა დაინფიცირებულია მავნე პროგრამით. მავნე პროგრამა თითქმის უხილავია, მაგრამ მას ბევრი რამე შეუძლია. მაგალითად, შეინახოს თქვენს მოწყობილობაზე აკრეფილი თითოეული ასო და გაუგზავნოს იგი სხვას.
ხშირად განაახლეთ თქვენი მოწყობილობების პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა. ჩართეთ თქვენს მოწყობილობებზე ეკრანის ავტომატური დაბლოკვა ხანმოკლე უმოქმედობის შემდეგ. დარწმუნდით, რომ თქვენს დესკტოპებსა და ლეპტოპებზე დაყენებულია ანტივირუსული პროგრამა.
შეწყვიტეთ SMS-ის გამოყენება
მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი (SMS), რომელსაც იყენებენ ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებების მიმოცვლისთვის, მოძველებული და დაუცველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ SMS შეტყობინებები არ არის დაშიფრული. მათზე წვდომა შესაძლებელია განსაკუთრებით დახვეწილი ხელსაწყოების გარეშე. მეორე – ეს შეტყობინებები შეიცავს მეტამონაცემს, რომლითაც შეიძლება გამგზავნისა და მიმღების ვინაობის დადგენა. მესამე – SMS შეტყობინებების გაყალბება ადვილია, ანუ შესაძლებელია ისინი სხვის ნაცვლად გაიგზავნოს. ამდენად, დანამდვილებით ვერასოდეს გაიგებთ, კონკრეტული SMS სინამდვილეში ვისგან მიიღეთ. და ბოლოს, – მობილური კავშირის პროვაიდერები ინახავენ SMS შეტყობინებებსა და მათ მეტამონაცემებს დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ სამუდამოდაც. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენს საუბრებზე წვდომა ექნება სხვას. თან ისე, რომ ამას ვერც გაიგებთ.
თუკი გსურთ, რომ თქვენი შეტყობინებები სხვებმა ვერ ნახონ, გამოიყენეთ ორმხრივად დაშიფრული მესენჯერები, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ სხვანაირად არ გამოდის, SMS-ების ნაცვლად, გამოიყენეთ Android-ში, ან Apple-ში ჩაშენებული სამესიჯო სისტემები.
Apple მოწყობილობა
Apple-ის მოწყობილობაზე, iMessage-ის ნაგულისხმევ სისტემად დასაყენებლად გადადით პარამეტრებზე > შეტყობინებებზედა ჩართეთiMessage. ამ პარამეტრის ჩართვით, შეძლებთ გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეო და აუდიო ფაილები სხვა ადამიანებს iPhone-ის, iPad-ის ან Mac-ის გამოყენებით, დაშიფრული კავშირის საშუალებით.
ანდროიდ მოწყობილობა
უახლესი Android მოწყობილობების უმეტესობას მოყვება Messages, Google-ის მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული შეტყობინებების აპლიკაცია. თუ თქვენს Android მოწყობილობას არ აქვს Messages-ის აპი, ჩამოტვირთეთ ის Play Store-დან. Messages შეტყობინებების ნაგულისხმევი აპი რომ გახდეს, გადადითპარამეტრებზე > აპებზე და შეტყობინებებზე > უპირატესზე > ნაგულისხმევ აპებზე > SMS აპლიკაცია. შემდეგ, აირჩიეთ Messages, როგორც თქვენი ნაგულისხმევი შეტყობინებების აპი.
Messages აპის საშუალებით, დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად თქვენ უნდა ჩართოთ ჩატის ფუნქციები. ამისათვის თქვენს მოწყობილობაზე გახსენით Messages აპი და ზედა მარჯვენა კუთხეში შეეხეთ სამ ვერტიკალურ წერტილს. აირჩიეთ პარამეტრები > ჩატის ფუნქციები. დააყენეთ ჩატის ფუნქციების ჩართვა.
თუ Messages აპი მიუწვდომელია თქვენს ქვეყანაში, ან თქვენი მოწყობილობებისთვის, გამოიყენეთ ის მესენჯერები, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.