რუსთავში 4 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 4 სეზონი სჭირდებათ

რუსთავში, მეგობრობის გამზირთან დამაკავშირებელ 4 ქუჩაზე, თვეებია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.   9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, დღეს, საავტომობილო მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის, 13 იანვარს, ადგილზე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო და განაცხადა, რომ „ძალიან მალე“ ეს ტერიტორია კეთილმოწყობილი იქნება.

„ მოეწყობა მწვანე სივრცეები, გამოიცვლება განათების სისტემა, სანიაღვრე სისტემა. უფრო კომფორტული გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, – რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. აღნიშნული განცხადება მერმა, 13 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში გააკეთა.

დღეს, ამ ქუჩებზე მცხოვრებთა ნაწილი და  კერძო სექტორი აცხადებს, რომ  სამუშაოების ტემპი და ვითარება, რომელშიც თვეებია არიან, მათთვის მიუღებელია.

კითხვით, როდის დასრულდება, ამ ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია, რუსთავის მერიას მივმართეთ.

„ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.  ოთხივე ქუჩაზე, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.  გზის საფარის აღდგენამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

სამუშაოების მიმდინარეობისას გამოკვეთილი დამატებითი გარემოებების გამო, ამ ეტაპზე, 9 ხმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და შევჩენკოს ქუჩებზე, წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს კომპანია ,,რუსთავის წყალი” აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდება 60 საკანალიზაციო ჭა და საკანალიზაციო ქსელის ავარიული მონაკვეთები. უკვე დასრულებულია ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება.  გასულ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე სრულად შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა.  კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ წყალსადენისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაზე, ქალაქის ამ მონაკვეთში,  ჯამში 830 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის  ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. პროექტი გარდამავალია, 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“,- რუსთავის მერია.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით