„ფიფლ ინ ნიდ“-ის ახალი ინიციატივა: „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ რადიო მარნეულთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში.“ პროექტის არეალი ფარავს ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. სამიზნე ჯგუფი მოიცავს ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს და დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციებს.

პროექტის მიზანია მედია აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება მედიაწიგნიერების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების გაშუქების თაობაზე. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ვორკშოპების ორგანიზება და ახალგაზრდების ინფორმირება დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებზე. სამიზნე რეგიონებში პედაგოგების და განათლების სისტემაში მომუშავე აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება მედიაწიგნიერების მიმართულებით, ინკლუზიური და მრავალფეროვანი მედია პროდუქტის შექმნა არადომინანტურ ენებზე.

პროექტის ფარგლებში, 12-14 მაისს, თბილისში ახალგაზრდებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს ტრენინგი მედიაწიგნიერების და მედიაკომუნიკაციის თემაზე. ტრენინგზე განხილავენ ციფრულ მოქალაქეობას, კიბერ-უსაფრთხოებას, დეზინფორმაციას, ყალბ ამბებს და მისი ამოცნობის მექანიზმებს, ტროლებს და ბოტებს, პროპაგანდას, ყალბი გრაფიკული გამოსახულებების და მათი ამოცნობის საშუალებებს. ასევე განიხილავენ, თუ როგორ მუშაობს სოციალური მედია, რა არის ინფორმაციული ვაკუუმი და როგორ ხდება ახალი ამბების გააზრება.

„ ტრენინგი ითვალისწინებდა მედიაწიგნიერების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ენის ბარიერის გამო მაღალია დეზინფორმაციის გავრცელების რისკი. შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს აქტიურად იმუშაონ ახალგაზრდებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია ახალი ამბების გადამოწმების საჭირო ტექნიკებსა და საშუალებებზე. ამ მიმართულებით ვიყენებთ OWIS (One World in Schools) მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ადამიანის უფლებების და მედიაწიგნიერების სწავლებას“ – „ფიფლ ინ ნიდ“

პროექტი 2024 წლის სექტემბერში დასრულდება და ის ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტოს წყარო: „ფიფლ ინ ნიდ“

QvemoQartli.ge