” უკიდურესად პრობლემურია, რომ პოლიცია ადამიანებს ქუჩაში თვითნებურად აკავებს” – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას ეხმაურება.

საბა სორდია, დღეს, 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჟურნალისტი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მოინახულა.

საბა სორდია ესაუბრა ადვოკატს და გაიხსენა დაკავების დეტალები.

„ საბა სორდიას დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა; პირადობის მიწოდების შემდეგ, პოლიციამ საბას ჩანთის გახსნაც მოსთხოვა, რასაც იგი დაემორჩილა, თუმცა შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას, რაზეც საბამ უთხრა, რომ იგი მზად იყო, თავად გაეხსნა ჩანთის შიგთავსი. ამ შელაპარაკებას საბა სორდიას დაკავება მოჰყვა; აღსანიშნავია, რომ საბას თქმით, მისთვის პოლიციას არ განუმარტავს, თუ რის საფუძველზე აკავებდნენ და არც ის, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამის შესახებ მას მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ უთხრეს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

საბა სორდიას პოლიცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, რამდენადაც საბა სორდია პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და სამართალდამცავებს მისცა როგორც მისი იდენტიფიცირების, ისე ჩანთის დათვალიერების საშუალება, მისი დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ცნობები ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მასობრივი დათვალიერების და ჩხრეკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დათვალიერების შემდეგ ჩხრეკის უფლებას პოლიციას მხოლოდ მაშინ აძლევს, თუ ზედაპირული დათვალიერებისას პირს უკანონო ნივთი აღმოაჩნდება, პოლიცია ხშირად ამეტებს უფლებამოსილებას და მოქალაქეებს ჩანთის გახსნას სთხოვს. სულ რამდენიმე დღის წინ, ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ თვითნებურად იმის გამო დააკავა, რომ ჩხრეკისას, პოლიციას ტელეგრამის ჩატზე წვდომაზე უარი უთხრა, რისი სრული უფლებაც მას ჰქონდა.

” უკიდურესად პრობლემურია, რომ პოლიცია ადამიანებს ქუჩაში თვითნებურად აკავებს და ამის შესახებ ოჯახის წევრებს არ ატყობინებს. საბა სორდიას დაკავების შესახებ მეგობრებმა იეჭვეს, რადგან მისი კუთვნილი მოპედი იმ ადგილის სიახლოვეს ნახეს, სადაც საბა მათ უნდა შეხვედროდა. პოლიციას არც ოჯახისთვის და არც ახლობლებისთვის საბას დაკავების შესახებ არ შეუტყობინებია.

პოლიციის თვითნებური და უკონტროლო მოქმედებები გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს სამართლის უზენაესობის და კანონიერების საბაზისო პრინციპებს, ქმნის დაუცველობის და სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობის განცდას მოქალაქეებში. ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, ძირს უთხრის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაფუძნებული სახელმწიფოს პრინციპებს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

საბა სორდია ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება და მას ან დაკავებიდან 24 საათში გაათავისუფლებენ ან დაკავების ვადას 48 საათამდე გაუხანგრძლივებენ.